2012 წლის დუდუ დადიანის მემორიალის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

2012 წლის დუდუ დადიანის მემორიალის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

       საკალათბურთო აკადემიაში დადიანის მემორიალის დღევანდელმა მატჩებმა განსაკუთრებული დაძაბულობით და ინტერესით ჩაიარა.

 ფინალში მოსახვედრად გუნდებმა ძალები არ დაიშურეს,  საბოლოოდ კი 2012 წლის დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულის ტიტულს ,,არმია“ ან შსს დაეუფლება.

    შსს თავის მხრივ ,,ოლიმპს“ დაუპირისპირდა,  მატჩმა მაყურებელთა დიდი ყურადღება დაიმსახურა. ტაბლოზე საყაიმო ანგარიში თამაშის განმავლობაში არაერთხელ
დაფიქსირდა. პირველი ტაიმი ,,ძალოვნებმა“ ერთი ქულით მოიგეს და სწორედ ეს ქულა აღმოჩნდა გადამწყვეტი, ვინაიდან მესამე და მეოთხე პერიოდები ფრედ 21:21 და  18: 18 დასრულდა. საბოლოო შედეგი 72:71 შსს-ს სასარგებლოდ.

   გამარჯვებულთაგან 22 ქულით ლეგიონერი დეონთა ვონი გამოირჩა, მეორე ლეგიონერმა კერკ არჩიბეკმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა-19 ქულა, 11 მოხსნა.
ქულათა მაჩვენებლით ,,ოლიმპს“ მიხეილ ბერიშვილმა და კონსტანტინე ტომარაძემ ულიდერეს 13-13 ქულით.

     მეორე ფინალისტის ვინაობა ,,არმია“ ,,რუსთავის“ შეხვედრიდან გაირკვა. ,,ქვემოქართლელთა“ მონდომება პირველ ტაიმში დაფასდა, რომლებიც დიდი შესვენებაზე 7 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე პერიოდიდან კი უკვე არმიის კალათბურთელები გალიდერდნენ. ,,ძალოვნები“ ჯერ 14 ქულით, შემდეგ კი 18 ქულით  გავიდნენ წინ და საბოლოო გამარჯვებაც 72:47 თავიანთ სასარგებლოდ დააფიქსირეს.

     ორივე გუნდიდან ლეგიონერებმა გამოიჩინეს თავი, ,,რუსთაველმა“  ნეიტ ბოუიმ  14 ქულა დააგროვა, ისევე როგორც ,,არმიიდან“ კურტის
მილიჯმა.

  დღეს კიდევ ერთი თამაში ჩატარდა  ქუთაისსა და თსუს შორის. ,,სტუდენტები“ ლიდერობდნენ  როგორც პირველ ტაიმში, ასევე მესამე მეოთხედში, თუმცა ბოლო პერიოდში ,,ქუთათურებმა“  შეძლეს მატჩის შემობრუნება და 10 ქულით გაუსწრეს მეტოქეს. საბოლოო ანგარიში კი 66:62 ,,ქუთაისის“ სასარგებლოდ დაფიქსირდა.

    ,,იმერელთაგან“ ყველაზე მეტი 18 ქულა დათო ბარბაქაძის ანგარიშზეა, თსუს მხრიდან კი 15 ქულით გიორგი ხანიაშვილი გამოირჩა. 13 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა ლუკა ნოზაძემ.

    2012 წლის დუდუ დადიანის მემორიალის ფინალურ მატჩს, 16 ოქტომბერს, საკალათბურთო აკადემია უმასპინძლებს.    

   თამაში 16:00 საათზე დაიწყება და როგორც აღვნიშნეთ ერთმანეთს ,,ძალოვნები“- ,,არმია“ და ,,შსს აკადემია“ დაუპირისპირდებიან.