დადიანის მემორიალის გამარჯვებული ყაზახური “ბარსი” გახდა

დადიანის მემორიალის გამარჯვებული ყაზახური “ბარსი” გახდა

დუდუ დადიანის თასი ყაზახეთის ქალაქ ატირაუში წავიდა. ედუარს სკრიპეცის გაწვრთნილი  “ბარსი” თბილისურ ტურნირში ბალტიის ლიგისთვის მოსამზადებლად ჩამოვიდა. ყაზახური გუნდი აღნიშნულ საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობას რამდენიმე დღეში დაიწყებს, ხოლო რაც შეეხება შიდაასპარეზს, ატირაუელებმა ყაზახეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური გასულ სეზონში მოიპოვეს.
ერთი სიტყვით, თბილისს ურიგო გუნდი არ სტუმრებია. “ბარსი-ატირაუ” ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ქართულ გუნდებს ჯგუფში იოლად გაუსწორდა, თუმცა ფინალურ მატჩში, ქუთაისთან ბეწვის ხიდზე გაიარა. მართალია, ყაზახური გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა კოტე ტუღუშის გაწვრთნილ ქუთაისელებს ფინალური მატჩის მოგების რეალური შანსი ჰქონდათ.

მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე, როცა ქუთაისი 72:74 ჩამორჩებოდა, ზაურ ფაშაევმა  ყაზახებისთვის საქმის მოთავება ერთი სროლით მოინდომა და ნაცვლად იმისა, რომ ფარქვეშ შესულიყო და ანგარიში გაეთანაბრებინა, პერიმეტრზე აიწია და სამქულიანი ესროლა. სამწუხაროდ, ბურთი კალათში არ ჩაეშვა და მატჩის ბედიც გაირკვა – 78:74.
როგოც ხედავთ, ქუთაისელებს თამაშის მოგების რეალური შანსი ჰქონდათ, არადა, სტუმრები მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 10 ქულით ლიდერობდნენ. ატირაუელთა ლიდერობა 15 ქულას შეადგენდა მესამე მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, რაც სტუმართა შედეგიანი შეტევისა და ეფექტური დაცვის დამსახურება იყო. ყაზახები 3 ამერიკელი ლეგიონერით იყვნენ გაძლიერებულნი, რომლებიც სტაბილურად თამაშობდნენ, ხოლო ლიდერი ყაზახი – პაველ მიხეევი გახლდათ, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ 26 ქულა დააგროვა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა.
ფარქვეშ ატირაუელებს 31 წლის მიხაილ ევსტიგნეევის ეიმედებოდათ, რომელიც ცენტრის კვალობაზე ტანმორჩილია, თუმცა ქართველ მეფარეებს – რიჩარდ მათიაშვილს და ვახტანგ ქადარიას ტოლს არ უდებდა და უმეტეს ორთაბრძოლებში – ბურთის ჩაგდება იყო თუ მოხსნა, გამარჯვებული გამოდიოდა.
ყაზახური გუნდი მთელი თამაში გამართულად თამაშობდა, ქუთაისელები კი პერიოდული აფეთქებებით ჩამორჩენას ამცირებდნენ, თუმცა წინ გასაჭრელად ინერცია არ ჰყოფნიდათ. ეს ინერცია მათ არ ეყოთ ბოლო წამებზეც, როცა საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე 6 ქულას აგებდნენ და იმდენი ქნეს, ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს და დარჩენილ 15 წამში ბურთის ჩაჭრაც მოახერხეს, თუმცა როგორც თავში მოგახსენეთ, სწრაფ შეტევაში ფაშაევი პერიმეტრის ხაზზე ავიდა და პოტენციურად გამარჯვების მომტანი სამქულიანი ააცილა.
ჩემპიონი ატირაუელები მატჩის დასრულებისთანავე დააჯილდოვეს. საუკეთესო მოთამაშის პრიზი პაველ მიხეევმა დაისაკუთრა, ხოლო ატირაუელთა კაპიტან კადირზან გუბაშევმა საჩემპიონო თასი ჩაიბარა. გამარჯვებულები დუდუ დადიანის ძმისშვილებმა – სანდრო და ნიტა დადიანებმა დააჯილდოვეს.
სტატისტიკა