დადიანის მემორიალის პირველი ფინალისტი ყაზახური “ბარსია”

დადიანის მემორიალის პირველი ფინალისტი ყაზახური “ბარსია”

დუდუ დადიანის მემორიალის ჯგუფური ეტაპი ხვალ სრულდება, თუმცა ერთი ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. ეს გახლავთ ყაზახური “ბარსი”, რომელმაც დღეს,
სპორტის სასახლეში თბილისის “დინამო” დაძაბულ მატჩში დაამარცხა – 84:76.

დინამოელებმა თავის თავს უნდა დააბრალონ, რომ ფინალის მიღმა დარჩნენ. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა პირველი ტაიმი 42:36 მოიგო, ხოლო მესამე პერიოდის
მე-5 წუთისთვის ამერიკელი ლეგიონერების – დანიელ უილიამსის და ლარი ჰოლის, ასევე სანდრო სანაძის შედეგიანობით უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა – 56:39.

როგორც ჩანს, დინამოელებმა ჩათვალეს, რომ თამაში მოგებული იყო, ამერიკელი ლეგიონერებით გაძლიერებულმა ყაზახებმა კი პირიქით, დიდი შეუპოვრობა
და ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და მესამე პერიოდის ბოლომდე ჯერ ჩამორჩენა შეამცირეს (56:62), ხოლო ბოლო მეოთხედში ზუსტი სამქულიანებით დინამოელებს საფინალო იმედები გადაუწურეს. შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე დინამო 7 ქულით – 69:61 იგებდა და დარჩენილ დროში 7:23 წააგო – რაც შეხვედრის დათმობად დაუჯდა.

გამარჯვებულებს 32 წლის ვეტერანმა პაველ მიხეევმა ულიდერა, რომელმაც 18 ქულა მიითვალა. შემდეგ მოდიან ამერიკელები: რაიან კუკი (15), მაიკლ ბარველი
(13) და ყაზახი კადირხან გუბაშევი (13). დინამოში 15 ქულით საუკეთესო იყო დანიელ უილიამსი, ნოდარ გოგოძეს 14 დაუგროვდა, ხოლო ილია ლონდარიძემ ორმაგი დუბლი – 14 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

აღნიშნულ შეხვედრამდე მემორიალის მეორე დღის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „ა“ ჯგუფის წევრები – “მგზავრები” და “სოხუმი” შეხვდნენ. მატჩი ვერ გამოდგა
საინტერესო, მგზავრების უპირატესობა აშკარა იყო და ბუბა ბერიშვილის გუნდმა საბოლოოდ 30 ქულის სხვაობით გაიმარჯვა – 89:59.  „მგზავრებს“
18 ქულით უკრაინელმა რომან ვირაშჩუკმა ულიდერა, ხოლო გიორგი ორმოცაძის ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა.

მეორე ტურის ბოლო შეხვედრაში „ქუთაისი“ და „აკადემია“ დაუპირისპირდნენ. „ქუთაისი“ მნიშვნელოვნად სახეცვლილი და გადახალისებულია. გუნდს სათავეში
ჩაუდგა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი კოტე ტუღუში და დაემატა რამდენიმე ძლიერი ქართველი მოთამაშე – გოგა ცეკვავა, რიჩარდ მათიაშვილი, თეიმურაზ ბაბუნაშვილი, ბექა წივწივაძე. შესაბამისად, პირველლიგელ „აკადემიასთან“ ქუთაისელები ფავორიტებად ითვლებოდნენ, თუმცა ტუღუშის გუნდს პირველ ტაიმში გაუჭირდა.

აკადემია ახალგაზრდული შემართებით ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა იმერულ კლუბს და პირველ მეოთხედში უმეტესად იგებდა. მეორე ათწუთეულში ქუთაისელებმა
გიორგი ბარბაქაძისა და ზაურ ფაშაევის სამქულიანებით 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე მშვიდად გავიდნენ.

მეორე ტაიმში „აკადემია“ ეცადა, მაგრამ გაცილებით ძლიერი და რაც მთავარია, გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ „ქუთაისთან“ ვერაფერს გახდა.
„ქუთაისი“ ხვალ „ოლიმპს“ ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში ყაზახურ „ბარსის“ შეუერთდება.

4 ოქტომბერს ახალ სპორტის სასახლეში თამაშები 15:00 საათიდან დაიწყება.

სოხუმი – მგზავრები  59:89

ბარსი – დინამო  84:76

აკადემია-ქუთაისი  85:105