დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო. ტურნირის მონაწილე 9 გუნდი 3 ჯგუფშია გადანაწილებული, რომლებიც ნახევარფინალში გასასვლელად იბრძვიან.
დღეს ჩატარდა პირველი ტურის მატჩები. პირველ შეხვედრაში „თსუ-ჰიუნდაიმ“ „მგზავრები“ გაანადგურა. . ზოგადად, დუდუ დადიანის მემორიალი დაზვერვით ხასიათს ატარებს და სეზონის წინ გუნდები საკუთარ და თავისთავად, მეტოქე გუნდების ძალებს აფასებენ. ახალი ლეგიონერები საქმეში პირველად იცდებიან, რის შემდეგაც ნაწილს კონტრაქტებს უფორმებენ, ნაწილს კი ემშვიდობებიან.
ასე იქნება ამჯერადაც, რადგან თითქმის ყველა გუნდმა ლეგიონერები გამოსცადა, ნაწილს კი მომავალ მატჩებში გამოცდის. „თსუ-ჰიუნდაის“ ლეგიონერები არ ჰყავს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდის ბირთვს 20-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეები შეადგენენ, რომლებმაც დღეს ლაღი თამაშის წყალობით „მგზავრები“ დაამარცხეს – 85:66.
მეორე მატჩში სუპერლიგის დებიუტანტი, მარნეულის „დელტა „სოხუმს“ შეხვდა. ორივე გუნდს 4-4 ლეგიონერი ჰყავდა და პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლაც გაჩაღდა. მეორეში კი სოხუმელებმა იძალეს და საბოლოოდ 17-ქულიან გამარჯვებამდე მივიდნენ – 94:77.
გამარჯვებულებს 24 ქულით, 7 მოხსნითა და 6 პასით ხუან ვოლტერმა ულიდერა. 25 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა უკრაინელი მაკსიმ ლუცენკოს ანგარიშზე. მარნეულელთაგან 20 ქულითა და 7 მოხსნით არტიომ შვეცი გამოირჩა.
ბოლო შეხვედრაში ბრძოლა არ შედგა. „ოლიმპს“ საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავს თავმოყრილი, რომელმაც „კაკტუსს“ შანსი არ დაუტოვა და 87:66 მოუგო. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ ოლიმპელებმა უპირატესობა მოიპოვეს და 20 ქულით დაწინაურდნენ. მესამე მეოთხედში უპირატესობამ 35 ქულას მიაღწია და შეხვედრამ ინტერესი დაკარგა.
ოლიმპელებს 16 ქულითა და 15 მოხსნით მარკ ენტონიმ ულიდერა. 13-13 ქულა დააგროვეს ნიკა დარბაიძემ და რეზო როგავამ. მორის ჰილის ანგარიშზე 10 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. „კაკტუსში“ 13 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო დავით ლომიძე.
ხვალ, 2 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში 3 მატჩი გაიმართება: რუსთავი – კაკტუსი, თსუ-ჰიუნდაი – დინამო და ქუთაისი – დელტა.
მგზავრები – თსუ 66:85
დელტა – სოხუმი 77:94
კაკტუსი – ოლიმპი 66:87