დუდუ დადიანის XXII მემორიალი თბილისი არენაზე დაიწყო

დუდუ დადიანის XXII მემორიალი თბილისი არენაზე დაიწყო

დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი დღეს თბილისი არენაზე დაიწყო. აღნიშნული ტურნირი 2002 წლიდან ტარდება და წლევანდელი გათამაშება რიგით 22-ეა, რომელშიც 12 გუნდი მონაწილეობს. მოგეხსენებათ, მონაწილე გუნდები 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი და ნახევარფინალში თითოეულიდან საუკეთესო გავა. 

დღეს პირველი ტურის თამაშები გაიმართა. თითოეულ ჯგუფში თითო შეხვედრა ჩატარდა, შესაბამისად, 4 გუნდი ისვენებდა. პირველი შეხვედრა D ჯგუფის გახლდათ, რომელშიც ოლიმპი “ა” ლიგის დებიუტანტ “სოხუმი-საქართველოს” დაუპირისპირდა.

D ჯგუფი
ოლიმპი vs სოხუმი საქართველო

სტატისტიკა:100:82

“სოხუმი საქართველო” ახალი გუნდია, რომელმაც “ა” ლიგაში ადგილი “ტიტებისგან” იყიდა და 2023-2024 წლების სეზონში სუპერლიგაში აღზევებას “ა” ლიგიდან ეცდება. გუნდის მწვრთნელი გია კაზანჯიანი, რომელსაც გუნდები სუპერლიგაშიც და “ა” ლიგაშიც გამოუყვანია. ახალშექმნილმა გუნდმა დუდუ დადიანის მემორიალზე მონაწილეობით შესანიშნავი შესაძლებლობა მიიღო საიმისოდ, რომ შეთამაშდეს, საკუთარი შესაძლებლობები შეაფასოს და შემდგომში, “ა” ლიგის ახალი სეზონისთვის გუნდი შესაბამისად გააძლიეროს.

სოხუმი საქართველოს ლეგიონერები არ ჰყავს. გუნდი ძირითადად ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული, რომლის უმეტესობასაც სწორედ “ა” ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. რაც შეეხება ოლიმპს, სუპერლიგის ბოლო წლების ამბიციური გუნდი წლეულს შედარებით ხელმოკლედაა. გუნდს 3 ლეგიონერი ჰყავს, თუმცა ქართველი მოთამაშეებიდან ყველა ახალგაზრდაა, რომელთა შორისაც გამოსარჩევია ეროვნული ნაკრების წევრი, 20 წლის ლუკა ლიკლიკაძე. ყველაზე გამოცდილი ქართველი 24 წლის ივანე მეგენეიშვილია, რომელმაც დღევანდელ მატჩში თავი 17 ქულით, 12 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ოლიმპმა საბოლოოდ 18 ქულის სხვაობით მოიგო, რაშიც დიდი წვლილი 3 ლეგიონერს – აიზია სმოლს, მაიკლ რაითს და ენდრიუ ლუისს მიუძღვით. სოხუმი საქართველოს გუნდის წევრები იბრძოდნენ და რამდენჯერმე ჩამორჩენა 10 ქულაზე დაბლაც ჩამოიყვანეს, თუმცა თამაშის მოსაგებად ძალა და გამოცდილება არ ეყოთ. სოხუმელთაგან 19 ქულით, 7 მოხსნითა და 4 პასით ირაკლი კილაძე გამოირჩა. 14 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მამუკა ბაზუაშვილმა მიითვალა. 

ამ ჯგუფში თსუ ისვენებდა, რომელიც დუდუ დადიანის მემორიალში ხვალ, სოხუმი საქართველოსთან მატჩით ჩაებმება.

B ჯგუფი
ქუთაისი vs ტყიბული ორბი

სტატისტიკა: 99:74

ქუთაისი სოლიდური გუნდია. კოტე ტუღუშმა გარშემო ძლიერი ქართველი – როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეები შემოიკრიბა, რომლებსაც ზურგს ჯერჯერობით 2 ლეგიონერი – დეტრეკ ბრაუნინგი და მარქუს გილსონი (მარგვეთში თამაშობდა) უმაგრებს. ქუთაისელებმა ერთი ამოსუნთქვით მოუგეს სუპერლიგის დებიუტანტ ტყიბულის “ორბს”, რომელიც პერიოდულად საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.

გამოცდილ მიხეილ ბერიშვილთან, აკაკი დვალიშვილთან და გიორგი კორსანტიასთან ერთად იმერულ კლუბში არიან 20-წლამდელთა ნაკრების გამრჯე ბიჭები – გიორგი სულაბერიძე, გიორგი ოჩხიკიძე, ბაქარი ბერეკაშვილი. დღევანდელ მატჩში ახალგაზრდულმა ტრიომ თავი ისახელა. ყველამ შედეგიანად ითამაშა. ოჩხიკიძემ 15 ქულა მოაგროვა, სულაბერიძემ – 12, ბერეკაშვილმა კი 7. საუკეთესო გილსონი გახლდათ – 20 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება. ორბში 28 ქულით თავი ისახელა კენი კუპერმა, რომელმაც ტყიბულის გუნდის სუპერლიგაში აღზევებაში გასულ სეზონში ლომის წილი დაიდო.

ამ ჯგუფში გორის ივერიონი ისვენებდა, რომელიც ხვალ ორბს დაუპირისპირდება. 

A ჯგუფი
გურჯაანის დელტა vs ზესტაფონის მარგვეთი

სტატისტიკა: 71:88

წინა სეზონის შემდეგ გურჯაანის დელტამ შემადგენლობა მთლიანად გადაახალისა და გუნდი გვარიანად გააძლიერა, თუმცა სეზონის პირველი ტესტი ვერ ჩააბარა. გუნდში მარცხიანი დებიუტი ჰქონდა მთავარ მწვრთნელ ირაკლი ხოშტარიას, რომელსაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა მარგვეთმა 17 ქულით აჯობა.

სხვაობა მეტიც შეიძლება ყოფილიყო, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ მატჩში მთავარი იყო გუნდის მწვრთნელებს დაენახათ, ახალი შეკრებილი შემადგენლობით როგორ ითამაშებდნენ. მარგვეთში დიდებულად ითამაშა ახალწვეულმა ლუკა ზაქრაძემ, რომელიც წინა სეზონში სუპერლიგიდან გავარდნილ ვერაში თამაშობდა. ზაქრაძემ სამმაგი დუბლის ზღვარე გაიარა – 19 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. მასთან ერთად საუკეთესო იყო ლეგიონერი ახალწვეული ლეგიონერი მაიკლ მეიესი, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. საერთოდ, მარგვეთს ლეგიონერებში უმართლებს – წინა სეზონშიც ჩინებული უცხოელების ხარჯზე მოახერხა სუპერლიგის ნახევარფინალში გასვლა და ახლაც, როგორც ჩანს, რიგიანი ამერიკელები ჰყავს. 16 ქულა დააგროვა და გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა ტაიშონ კროუფორდმა. მარგვეთის დირექტორატი ლეგიონერთა მოძიებაში კარგად მუშაობენ და შედეგიც სახეზეა.

ამ ჯგუფში რუსთავი ისვენებდა, რომელიც ხვალ მარგვეთთან ითამაშებს.

C ჯგუფი
კავკასია vs სპორტუნი

სტატისტიკა: 99:68

დღის ბოლო შეხვედრაში კავკასიამ სტუდენტური ლიგის სპორტუნის 31 ქულით სძლია. ეს შედეგი ლოგიკურია: სუპერლიგის გუნდმა, რომელსაც ეროვნული ნაკრების კანდიდატები ჰყავს, სტუდენტური ლიგის წარმომადგენელს მოუგო. შეხვედრა ნუგზარ კანდელაკის გაწვრთნილმა სპორტის უნივერსიტეტელებმა ძვირფასი გამოცდილების მისაღებად გამოიყენეს, კავკასიამ კი სუპერლიგის სეზონის წინ საკუთარი შემადგენლობა გამოცადა.

კავკასიას ნიკა ცინცაძე წვრთნის, რომელიც გასულ სეზონში ბექა წივწივაძის ასისტენტი იყო. კავკასიას ყველაზე სტაბილური შემადგენლბა ჰყავს. გუნდმა გასული სეზონის შემდეგ ძირითადი ბირთვი – ილია ლონდარიძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, გიორგი რუხაძე დაიტოვა და ფეხმარდი გამთამაშებლით – ლუკა მაზიაშვილით გაძლიერდა. კავკასიამ ახალი ლეგიონერები ჩამოიყვანა, რომლებიც უწინდელივით ყოჩაღები თუ გამოდგნენ, კავკასია სუპერლიგის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.

სწორედ ლეგიონერმა ულიდერა კავკასიელებს – გრეგ ფარჰემმა 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 15 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა ილია ლონდარიძემ. გაფრინდაშვილის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. სპორტუნიში 18 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი ოგბაიძე. 12-12 ქულა ბაჩი ალიბეგაშვილიმა და გიორგი კოსტავამ მიითვალეს.

C ჯგუფში დღეს ბათუმი ისვენებდა, რომელიც ხვალ სპორტუნის დაუპირისპირდება.