მიხეილ ქორქია დღეს 71 წლის გახდებოდა

მიხეილ ქორქია დღეს 71 წლის გახდებოდა

დღეს დიდი ქართველი კალათბურთელის, მიხეილ ქორქიას დაბადების დღეა. ოლიმპიური, ევროპისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ქართველი კალათბურთელი დღეს 71 წლის გახდებოდა. მიხეილ ქორქიას ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

მიხეილ ქორქია
დაიბადა 1948 წლის 10 სექტემბერს ქუთაისში
გარდაიცვალა 2004 წლის 8 თებერვალს თბილისში
1965-1980 წლებში თბილისის „დინამოს” კალათბურთელი
ტიტულები: XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი – 1972 (მიუნხენი); XXI ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი – 1976 (მონრეალი); ევროპის ჩემპიონი – 1971; ევროპის ვიცე-ჩემპიონი – 1975, 1977; სსრკ ჩემპიონი – 1968; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1969; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1977; სსრკ თასის მფლობელი – 1969; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1972
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენის კავალერი

მიხეილ ქორქიას შესახებ სპორტის ოქროს წიგნში ვკითხულობთ:
„კალათბურთის ძველი გულშემატკივრები, ისინი, ვისაც სხვადასხვა თაობის ქართული გუნდების მატჩები უნახავთ, ერთხმად ადასტურებენ, რომ ბრძოლის ჟინით და სპორტული აზარტით ის ყველას აღემატებოდა. ის იყო ლიდერი, მოედანზე ცეცხლის დამნთები, თანაგუნდელთა და გულშემატკივართა ამყოლიებელი, შეტევის ორგანიზატორი და დამაგვირგვინებელი. და ამ დაუოკებელ ჟინსა და იშვიათ თავგამოდებას საფუძვლად ედო მაღალი ოსტატობა, სამაგალითო ტექნიკა და შეუმცდარი სათამაშო ინტუიცია. მან თითქმის 15 წელი ითამაშა თბილისის „დინამოში” და გუნდში მისვლის პირველივე დღეებიდან შეუცვლელ მოთამაშედ იქცა. სწორედ ეს თვისებები განაპირობებდა მის განსაკუთრებულ პოპულარობას საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამის გამო აღიარეს ის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს კალათბურთელად”.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ყოველთვის აფასებდა და დააფასებს ამ დიდი სპორტული მოღვაწის ღვაწლს. დიდი ქართველი კალათბურთელების სახელის უკვდავსაყოფად, კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით საქართველოს წამყვან გუნდებს შორის 2006 წლიდან იმართება მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალური ტურნირი.