ქუთაისმა და დინამომ დადიანის მემორიალში ჩართვა მოგებით აღნიშნეს

ქუთაისმა და დინამომ დადიანის მემორიალში ჩართვა მოგებით აღნიშნეს

დუდუ დადიანის მემორიალზე დღეს მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ტურნირში ჩაებნენ ფავორიტები, რომლებმაც იოლი გამარჯვებები მიითვალეს. პირველ შეხვედრაში „დინამო“ „ოლიმპს“ დაუპირისპირდა და საკმაოდ დამაჯერებლად – 77:67 დამარცხა, შემდეგ კი „ქუთაისისა“ და „სოხუმის“ უთანასწორო ბრძოლა ვიხილეთ, რომელიც იმერული კლუბის გამარჯვებით – 89:76 დასრულდა.
„დინამოც“ და „ქუთაისიც“ დადიანის მემორიალის ფავორიტები არიან. ეს შემადგენლობიდან გამომდინარე, თორემ მოედანზე შესაძლებელია, ყველაფერი მოხდეს. თუმცა ფავორიტის სტატუსმა დღეს გაამართლა და ამ გუნდებმა სასურველ შედეგს ზედმეტი გართულებების გარეშე მიაღწიეს.
დინამოელებს მთავარი ძალა დღეს შეემატათ, თუმცა ამერიკელ დეონტა ვონს „ოლიმპთან“ არ უთამაშია. ვონი „შსს-აკადემიას“ რიგებში საქართველოს 2013 წლის ჩემპიონი და სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეა. ის „დინამომ“ შეიმატა, რომელსაც ასევე საკმაოდ ძლიეი ქართველი კალათბურთელები ჰყავს: მიხეილ ბერიშვილი, მიხეილ ჭოჭუა, ლევან ფაცაცია, ილია ლონდარიძე და სხვანი.
ფაცაციას და ვონს დღეს არ უთამაშიათ, თუმცა დინამოელებმა თანბარი პირველი პერიოდის შემდეგ მაინც მოახრხეს მებროლი ოლიმპელების გატეხვა. უკრაინელი ლეონიდ ივატინის გაწვრთნილი „ოლიმპი“ შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა, თუმცა თამაში ისე ჩამთავრდა, ვითაარება არ დაძაბულა. დინამოელებმა 10 ქულით – 77:67 იმარჯვეს, რაშიც ლომის წილი მიხეილ ბერიშვილს მიუძღვის, რომელმაც 7-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და საბოლოოდ 25 ქულა მოაგროვა. 15 ქულა მიითვალა ნოდარ გოგოძემ, 14 – ილია ლონდარიძემ. “ოლიმპში“ 20 ქულით რევაზ როგავა გამოირჩა, 16 ქულა და 13 მოხსნა ტრეი ბურნეთმა მიითვალა.
დინამო – ოლიმპი  77:67

მეორე შეხვედრა უთანასწოროდ დაიწყო – „ქუთაისმა“ „სოხუმი“ 11:0 ჩამოიტოვა, რაც არც იყო გასაკვირი. გიორგი ცინცაძე, ბექა ბექაური და ანატოლი ბოისა – ეროვნული ნაკრების ამ ტრიოს დაამატეთ რიგიანი ლეგიონერი დეიან ბიელიჩი, ზაურ ფაშაევი, გოგა ცეკვავა, გიორგი ბარბაქაე, თეიმურაზ ბაბუნაშვილი, ვახტანგ ქადარია და აკაკი ლომოური. ეს სახელები ქართულ კალათბურთში ამინდის შემქმნელები არიან და მათ წინააღმდეგ ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება. „სოხუმმა“ ვერ მოახერხა რაიმე ეფექტური დაეპირისპირებინა კოტე ტუღუშის გაწვრთნილი „ქუთაისისთვის“. მაქსიმუმი, რაც ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა მოახერხა, ბოლო პერიოდში ჩამორჩენის 8 ქულამდე შემცირება იყო.
ქუთაისელებმა გუნდურად ითამაშეს. 13 ქულაზე მეტი არავის ჩაუგდია. ამ მაჩვენებლით საკუთარი გუნდის ბმბარდირობა ბექა ბექაურმა და გიორგი ცინცაძემ გაიყვეს. 12 ქულა დააგროვა გოგა ცეკვავამ. დეიან ბიელიჩმა კი რვავე ქულა ჩატენვებით მოაგროვა, რასაც 12 მოხსნა დაურთო და ქუთაისელებს გვარიანი დახმარება გაუწია.
ქუთაისი – სოხუმი  89:76 

დუდუ დადიანის მემორიალის ფინალისტები ხვალ გამოვლინდებიან. 16:00 საათზე „ქუთაისი“ „რუსთავს“ შეხვდება, ხოლო 18:00-ზე „დინამო“ „მგზავრებს“ დაუპირისპირდება.