რუსთავი დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულია

რუსთავი დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულია

გალერეა

დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი „რუსთავი“ გახდა. ქვემოქართლურმა გუნდმა ტურნირის დასკვნით მატჩში თბილისის „დინამო“ 72:60 დაამარცხა და დადიანის ტურნირი 4-წლიანი შესვენების შემდეგ მოიგო.
დუდუ დადიანის ტურნირი ჯგუფურ ეტაპად ჩატარდა. ტურნირის მონაწილე 4-მა გუნდმა ერთ წრედ ითამაშა და ჩემპიონი პირველ ადგილზე გასული გუნდი გახდა. კალენდრის მიხედვით დაგეგმილი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „რუსთავი“ და „დინამო“ ხვდებოდნენ, ფინალის ტოლფასი გამოდგა.
ამ გუნდებმა მანამდე გამართული შეხვედრები მოიგეს და ჩემპიონის გამოსავლენად დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველი ტაიმი ძალიან თანაბარი, ქულა-ქულაში მიმდინარე გამოდგა. პირველი მეოთხედი 16:16 დასრულდა, ხოლო მეორე – 9:9.
პირველ ნახევარში ვერც ერთმა გუნდმა უპირატესობა ვერ მოიპოვა. მესამე მეოთხედში რუსთაველთა ცენტრმა აკაკი დვალიშვილმა, რომელიც საბოლოოდ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, სამწამიანიდან პერიმეტრზე აიწია და ზუსტად შესრულებული შორი სროლებით რუსთაველებს ლიდერობა დაუბევა.
დვალიშვილმა მესამე პერიოდში 2 სამქულიანი და 1 შორეული ორიანი ჩააგდო, რის შემდეგაც რუსთაველებმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს. დვალიშვილს მხარი აუბა მიხეილ ჭოჭუამ, რომლის შედეგიანი თამაშის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა რუსთაველებმა მოპოვებული ლიდერობა აღარ გაანიავეს და დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწიეს.
მატჩის შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აკაკი დვალიშვილი დასახელდა, რომელიც რუსთაველთა კაპიტანთან ერთად დუდუ დადიანის ძმისშვილებმა – სანდრო და ნიტა დადიანებმა დააჯილდოვეს.
აღნიშნულ მატჩამდე გაიმართა „სოხუმისა“ და „ოლიმპის“ მატჩი. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და ბოლო პერიოდში, სოხუმის გამარჯვებით დასრულდა. შესაბამისად, ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.
სოხუმი – ოლიმპი  83:79 

 

რუსთავი – დინამო  72:60
მატჩისშემდგომი კომენატრები:
მიხეილ ბერუაშვილი („რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ გამარჯვებას ჩემს გუნდს და რუსთავის ყველა გულშემატკივარს.  დუდუ დადიანს დიდი წვლილი მიუძღვის კალათბურთის განვითარებაში და ის ჩვენ ხსოვნაში ყოველთვის დარჩება. მსურს  მადლობა გადავუხადო  ტურნირის ყველა მონაწილეს, რაც შეეხება თამაშს, საინტერესო ფინალი შედგა. გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ვფიქრობ სამუშაო ჯერ კიდევ  ბევრი გვაქვს.
აკაკი დვალიშვილი (ტურნირის საუკეთესო მოთამაშე): მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს აქტიური ქომაგობისთვის. ასევე მადლობა ჩვენს მოწინააღმდეგეს კარგი თამაშისთვის. ჩვენმა გუნდმა  მეტოქესთან შედარებით ადრე დაიწყო ვარჯიში, ამიტომ მემორიალს  ჩვენ უფრო მომზადებულნი შევხვდით, ვიდრე „დინამო“. თუმცა, რა თქმა უნდა, სასურველ ფორმამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. მოხარული ვარ, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. ეს ჩემთვის დიდი პატივია.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): 2 კვირაა რაც შეკრება დავიწყეთ, ბიჭებმა ზედიზედ მესამე თამაში ჩაატარეს და გადაიღალნენ. მათთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მივულოცავ ,,რუსთავს’’ და ჩემს კოლეგას, მიხეილ ბერუაშვილს ამ გამარჯვებას. ჩვენ შევეცდებით სათანადოდ მოვემზადოთ პირველი წრისთვის. 

დუდუ დადიანის მემორიალის ყველა გათამაშება