დღეს ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალმა. პირველ წყვილში ერთმანეთს “მგზავრები” და “დელტა” დაუპირისპირდნენ. ამ გუნდებს სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე შესაბამისად მეორე და მესამე ადგილები გარანტირებული აქვთ, თუმცა საკმაოდ პრესტიჟული თასის მოგების რეალური შანსიც გააჩნიათ და ნახევარფინალურ სერიაში ერთმანეთს ხვდებიან.
შეხვედრა “მგზავრების” უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვებითვე დასრულდა. “დელტას” ჰქონდა შანსი, მცირე სენსაცია მოეხდინა და მესამე პერიოდში 21 ქულით ჩამორჩენილს თამაში მოეგო, მაგრამ ამის გასაკეთებლად ძალები აღარ ეყო. “მგზავრების” ხსენებული სოლიდური უპირატესობის შემდეგ ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა “დელტამ” სწრაფი თამაში წამოიწყო. კონტრშეტევებითა და ზუსი სამქულიანებით იმდენი მოახერხა, რომ ბოლო პერიოდის დაწყებამდე ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მეტოქეს 1 ქულით მიუახლოვდა.
“მგზავრების” მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც მის გუნდს შეტევაში გზა გაეხსნა, ზედიზედ ჩააგდო რამდენიმე ბურთი და ლიდერობა კვლავ ორნიშნა რიცხვამდე გაზარდა. “დელტაც” აქ გატყდა და საბოლოოდ “მგზავრებმა” სასურველი გამარჯვება გაიფორმეს – 93:80. აღსანიშნავია ადრიან ბოუის მორიგი სამმაგი დუბლი. “მგზავრების” ამერიკელი ლეგიონერი ძალიან შედეგიანად თამაშობს. სუპერლიგისა და თასის გათამაშების გასულ 4 მატჩში მან სამმაგ დუბლს უწია. დღევანდელ შეხვედრაში ბოუიმ 18 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი გაიფორმა. 22 ქულით ბომბარდირი გახდა ჯეიკობ არმსტრონგი, ხოლო კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე 16 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. “დელტაში” 18 ქულით საუკეთესო იყო ერიქ ნოთიჯი, ხოლო 13 ქულა გეგი ბაქრაძის ანგარიშზეა.
ამ გუნდებს შორის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი 23 აპრილს, 19:30 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში “მგზავრები” ფინალი გავა, არადა, სერიის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა 25 აპრილს ჩატარდება. დღესვე გაიხსნება მეორე ნახევარფინალური სერიაც, რომელშიც “ქუთაისი” “ტიტებს” უმასპინძლებს.
მგზავრები – დელტა
სტატისტიკა: 93:80