საქართველოს თასის მფლობელი თბილისის “დინამო” გახდა. ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის სატიტულო მატჩში მაყურებელმა საინტერესო ბრძოლა იხილა. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა “რუსთავმა” საქართველოს თასის მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ირაკლი ხოშტარიას გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა მეორე ტაიმი და პრესტიჟულ ტიტულს დაეპატრონა.
დინამოელებს გამარჯვებისკენ გაუძღვა გიორგი გამყრელიძე, რომელმაც დამსახურებულად მიიღო ფინალური მატჩის MVP-ის ტიტული. დინამოელთა გამოცდილი კაპიტანი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე გადასცა.
გამყრელიძემ ჩაიბარა გაბრიჩიძისგან უმთავრესი ტიტული – საქართველოს თასი, რომელიც გარდამავალია და წინა გათამაშების ფინალური ეტაპის შემდეგ ბინა ქუთაისში ჰქონდა დადებული. დღეიდან მომავალი წლის გათამაშებამდე საქართველოს თასი “დინამოს” ოფისში სხვა მრავალ ტიტულთან ერთად განთავსდება.
მატჩის პირველი მეოთხედი რუსთაველებმა 25:20 მოიგეს, თუმცა ლიდერობა დიდ შესვენებამდე დაკარგეს და მესამე პერიოდიდან მცირედით ჩამორჩენილებს დეფიციტის აღმოსაფხვრელად დიდი ბრძოლა დასჭირდათ. “დინამო” ლიდერობას არ თმობდა, “რუსთავი” კი შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა, მაგრამ მხოლოდ შანსს…
“დინამო” წარმატებით მივიდა გამარჯვებამდე, რაც გიორგი გამყრელიძესთან ერთად გარიკ შერმანის და რა თქმა უნდა, მთელი გუნდის დამსახურება იყო. გამყრელიძემ შეხვედრა 19 ქულით და 9 პასით დაასრულა, ხოლო შერმანმა თასის მფლობელებს 22 ქულა და 16 მოხსნა მიაშველა. 17 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ილია ლონდარიძემ, ხოლო სერბმა მარკო პოპოვიჩმა პირად ანგარიშზე 14 ქულა ჩაიწერა. ქვემოქართლელთაგან 21 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო აკაკი დვალიშვილი იყო, მიხეილ ჭოჭუამ 18 მოაგროვა, ხოლო ჰაიდენ
ჰამსმა ორმაგი დუბლი – 17 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
თასის გათამაშების გამარჯვებული დინამოელები თასის ფორმის, საგანგებოდ დამზადებული მედლებით ვეტერანმა კალათბურთელებმა – გივი ბიჭიაშვილმა და ნოდარ ქორქიამ დააჯილდოვეს.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
დინამო – რუსთავი 95:87
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მადლობა მოწინააღმდეგეს კარგი თამაშისთვის, მომავალში წარმატებებს ვუსურვებ მათ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მოთამაშეებს, რასაც იშვიათად ვაკეთებ. დღეს მათ ბოლომდე იბრძოლეს და შედეგიც სახეზეა. მადლობა ლაშას, მოვახერხეთ, რომ ის ჩავარდნა, რაც ბოლო ორ ტურში გვქონდა, გადაგველახა და გაგვეკეთებინა ჩვენი საქმე. ბიჭებმა იმუშავეს,
რასაც ვითხოვ გააკეთეს და კიდევ ერთხელ მივულოცავ მათ. დიდი ხანია არ მოუგია ,,დინამოს’’ ეს თასი და ვულოცავ ჩვენს გულშემატკივარსაც, რომელიც დღეს გვერდში გვედგა.
მიხეილ ბერუაშვილი(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): უპირველეს ყოვლისა, მივულოცავ ,,დინამოს’’ დამსახურებულ გამარჯვებას. ვფიქრობ, ფინალის შესაფერისი სანახაობრივი და საინტერესო თამაში გამოვიდა. მადლობა ჩემს გუნდს, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, სამწუხაროდ, მესამე და მეოთხე პერიოდში ძალა აღარ გვეყო. თუმცა ყველაფერი წინ არის, ჩემპიონატის ბოლო ფაზა იწყება და ვეცდებით, სათანადოდ ვიყოთ მზად. კიდევ ერთხელ მივულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას.
ლაშა გამყრელიძე (,,დინამო’’, მატჩის საუკეთესო მოთამაშე): მადლობას ვეტყვი ,,რუსთავის’’ გუნდს ასეთი კარგი თამაშისთვის. ‘’რუსთავში’’ ძალიან კარგი წლები მაქვს გატარებული და ამ გუნდს დიდ პატივს ვცემ. რაც შეგვეხება ,,დინამოს’’, დღეს ჩვენი ნამდვილი სახე ვაჩვენეთ. გადამწყვეტი ბრძოლები დაგვიდგა, თასი აუცილებლად უნდა მოგვეგო, ყველაფერს ერთი თამაში წყვეტდა და ყველანაირად მობილიზებულები ვიყავით. დაცვაში ვიბრძოლეთ და თავდასხმაშიც გაგვეხსნა თამაში. სანახაობრივი თვალსაზრისითაც კარგი თამაში გამოვიდა და იმედია, მაყურებელმაც ისიამოვნა.