კაკტუსმა, თსუ-ჰიუნდაიმ და ტიტებმა თასის გათამაშების მეოთხედფინალი შეავსეს

კაკტუსმა, თსუ-ჰიუნდაიმ და ტიტებმა თასის გათამაშების მეოთხედფინალი შეავსეს

თასის გათამაშების მეოთხედფინალის ყველა წყვილი ცნობილია. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულმა მერვედფინალური სერიის მე-3 მატჩებმა ის გუნდები გაარკვია, რომლებმაც თასის გათამაშების მეოთხედფინალი შეავსეს. “კავკასია”, “თსუ-ჰიუნდაი” და “შსს აკადემია-ტიტები” – ეს გუნდები დაემატნენ მეოთხედფინალში იანვრის ბოლოს გასულ “მგზავრებს”, “ბათუმს”, “ქუთაისს”, “დელტას” და “ოლიმპს”.

დღეს გამართული 3 წყვილიდან ორში მეოთხედფინალის საგზურისთვის “ა” ლიგის გუნდი იბრძოდა, თუმცა ვერცერთმა ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. მიზანთან უფრო ახლოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი მივიდა, რომელმაც “თსუ-ჰიუნდაის” ღირსეული ბრძოლა გაუმართა და მთელი მატჩის განმავლობაში მადევარი, შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მეტოქეს 1 ქულით მიუახლოვდა. 73:74 ჩამორჩენილმა კავკასიელებმა 2 შეტევა გააცუდეს, რომლის დაგვირგვინების შემთხვევაში წინ გადიოდნენ, რაც თსუ-ჰიუნდაელებმა არ აპატიეს.

გუნდის ახალწვეულმა მარკუს პოზლიმ ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ კი თანაგუნდელს შედეგიანად უპასა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. მთლიანობაში კი პოზლიმ 23 ქულით ბომბარდირის ტიტული არავის დაუთმო.

“ა” ლიგის” მეორე წარმომადგენელმა “არენა-ორბიმ” მხოლოდ პირველ ნახევარში გაუწია წინააღმდეგობა “შსს აკადემია-ტიტებს”, მთლიანობაში კი ვერაფერი გააწყო და 51:73 დამარცხდა. მესამე წყვილში კი გვარიანი მოულოდნელობა დაფიქსირდა: სუპერლიგაში დასარჩენად მებრძოლმა “კაკტუსმა” 75:69 სძლია ერთ-ერთ ლიდერ “დინამოს”, რომელთანაც სათასო სერიას 0:1 აგებდა. არჩილ ჟღენტის გუნდმა სერია ჯერ გაათანაბრა, დღეს მოპოვებული გამარჯვებით კი ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი დინამოელები გათამაშებას გამოთიშა.

თასის გათამაშება 12 მარტიდან, მეოთხედფინალური სერიის მატჩებით განახლდება. სერია ისევ 2 მოგებამდე იქნება.

მეოთხედფინალი
კაკტუსი – ქუთაისი
ტიტები – ოლიმპი
თსუ-ჰიუნდაი – მგზავრები
ბათუმი – დელტა

აქამდე გამართული თასის გათამაშების მატჩების: სტატისტიკა