საქართველოს თასის გათამაშების 3 ნახევარფინალისტი ცნობილია. მგზავრებმა, ტიტებმა და თსუ-მა ოთხთა ფინალის საგზურები მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშება მეთექვსმეტედფინალიდან დაიწყო და პლეი ოფი 2-მატჩიანი სერიებით წარიმართა. საუკეთესო 4 გუნდი კი ოთხთა ფინალში საქართველოს თასის მოსაპოვებლად იბრძოლებს, სადაც სერიები აღარ გაიმართება და როგორც ნახევარფინალები, ისე ფინალი, ერთმატჩიანი იქნება.
დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართული მეოთხედფინალური სერიის საპასუხო მატჩები გაიმართა, რომლებიც საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა მგზავრებმა სერიის პირველი შეხვედრა 1 ქულით მოუგო დინამოს და დღეს ამ უპირატესობის შენარჩუნება მართებდა. მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა დინამომ იბრძოლა, საკმაოდ ახლოსაც იყო სასურველ შედეგთან, თუმცა საწადელს ვერ მიაღწია. მგზავრებმა ქართველი ცენტრის – სოსო გოგნაძის შედეგიანი თამაშის წყალობით დინამოს არაფერი დაუთმო, ბოლომდე იბრძოლა და საბოლოოდ მოპოვებული გამარჯვების – 93:88 (სტატისტიკა) – ხარჯზე ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვა.
მგზავრებში 25 ქულით, 8 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო იყო სოსო გოგნაძე. 17 ქულა მოაგროვა ჯოზეფ როკამ, ხოლო ლაველ ქაბბილის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. დინამოში 17 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ბულაშვილი, ხოლო ვოვა თავაქარაშვილმა თავი 16 ქულას მოუყარა.
მეორე მატჩი ფრედ დასრულდა. ერთხელაც გავიმეორებთ, რომ თასის გათამაშების საპლეიოფო სერიები 2-მატჩიანია და გათამაშების ამგვარი ფორმატი შეხვედრის ფრედ დამთავრების საშუალებას იძლევა. ვერას 16 ქულა ჰქონდა გასაბათილებელი ტიტებთან, რადგან სერიის პირველ მატჩში სწორედ ამ სხვაობით დამარცხდა. ვერელები სასურველ – 17-ქულიანი უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა ტიტებმა ბოლომდე, ღირსეულად იბრძოლა და სასტურველი ანგარიში დააფიქსირა.
ტიტები ოთხთა ფინალში გავიდოდა, 15 ქულით რომ წაეგო, თუმცა გამყრელიძის გაწვრთნილმა გუნდმა მოინდომა და ის დეფიციტი, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში განიცდიდა, აღმოფხვრა. შეხვედრა ფრედ – 70:70 (სტატისტიკა) დასრულდა, რამაც ტიტებს ოთხთა ფინალის საგზური მოუტანა. მატჩის ბომბარდირი 18 ქულით ტიტების უკანახაზელი, ლუკ მეიერი გახდა. 15 ქულა და 8 მოხსნა ტრისტინ უოლემ მოაგროვა. ვერაში 12-12 ქულით საუკეთესოები იყვნენ გივი ბაქრაძე და მაიკ ჰიუზი.
მესამე შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. რუსთავისა და თსუ-ს მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი ფრედ დასრულდა და შესაბამისად, მეორე შეხვედრის გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე გადიოდა. ორივე გუნდს აკლდა წამყვანი მოთამაშეები, თუმცა უნივერსიტეტელების დანაკლისი უფრო თვალში საცემი გახლდათ. თსუ-მ 2 ამერიკელთან – კრის ანდერსონთან და რიკი მედისონთან – ერთად ვასილ ბერუაშვილი და დისკვალიფიცირებული მთავარი მწვრთნელი – ლექსო ლაფანაშვილი მოისაკლისა, თუმცა ირაკლი ძიძიგურის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტელებმა მოახერხეს გამარჯვებამდე მისვლა, რაც უპირველესად ეროვნული ნაკრების კანდიდატის, გიორგი კორსანტიას დამსახურებაა. კორსანტიამ 27 ქულა მოაგროვა და თსუ-ს გამარჯვებისკენ ულიდერა – 73:69 (სტატისტიკა).
რუსთაველთა გუნდის მთავარი მწვრთლეისთვის ეს გახლდათ პირველი მარცხი. ანატოლი ბოისამ გეორგიოს კეცელიდისი დეკემბრის შუა რიცვებში შეცვალა, რის შემდეგაც 7 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. რუსთაველებს აკლდათ გამთამაშებლები – საბა ლობჯანიძე და რატი ანდრონიკაშვილი და ცენტრი – გეგი ბაქრაძე. ამის მიუხედავად, ქვემოქართლელებმა ბოლომდე იბრძოლეს და უკანასკნელ წუთამდე გამარჯვების შანსს ინარჩუნებდნენ, თუმცა თსუ-მ მეტი მობილიზებით ითამაშა და ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვა.
ოთხთა ფინალის ფარგლებში, ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თსუ და ტიტები დაუპირისპიდებიან, ხოლო მგზავრების მეტოქე ოლიმპისა და ბათუმის სერიაში გამოვლინდება. პირველი შეხვედრა ოლიმპელებმა 72:70 მოიგეს, საპასუხო მატჩი კი ბათუმში 27 იანვარს გაიმართება.