ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის წყვილები გაირკვა და ოლ სტარის გამოკითხვა დაიწყო

ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის წყვილები გაირკვა და ოლ სტარის გამოკითხვა დაიწყო

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2018-2019 წლების სეზონის საქართველოს თასის გათამაშების კენჭისყრა გაიმართა,  რომელშიც რეკორდულად ბევრი – 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს თასის გათამაშებაში სუპერლიგისა და „ა“ ლიგის ყველა წევრი იასპარეზებს, რომლებიც მერვედფინალში კენჭისყრის შედეგად დაწყვილდა.

დებულების თანახმად, ფინალის გარდა, თასის გათამაშების ყველა ეტაპზე საპლეიოფო სერიები 2 მოგებამდე გაგრძელდება. გუნდებს პლეი ოფში მოედნის უპირატესობა საკუთარ ჩემპიონატებში დაკავებული ადგილების მიხედვით ექნებათ.

 კენჭისყრის დაწყებმადე  თასის გათამაშებაში მონაწილე 16 გუნდი 2 კალათაში იქნა განთესილი. პირველში სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ 1-8 ადგილებზე მყოფმა გუნდებმა მოიყარეს თავი, ხოლო მეორეში სუპერლიგის ბოლო 2 და „ა“ ლიგის 6 გუნდი განთავსდა. პირველ კალათაში მყოფ გუნდებს მერვედფინალში კენჭისყრის შედეგად გამოვლენილ მეტოქეებთან მოედნის უპირატესობა ექნებათ. წლევანდელი თასის გათამაშების ფინალისტები ფულადი პრიზით დაჯილდოვდებიან. პირველ ადგილზე გასულ გუნდს 40 000 ლარი, ხოლო მეორეზე გასულს – 20 000 ლარი გადაეცემა.

თასის გათამაშების კენჭისყრასთან ერთად დღეს ოლიმპიურ სასახლეში “ყველა ვარსკვლავის მატჩში“ მონაწილეობის კანდიდატთა პრეზენტაცია მოეწყო და დაიწყო გამოკითხვა, რომელიც კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (GBF.GE) მიმდინარეობს და ნებისმიერ გულშემატკივარს ყოველდღიურად ოლ სტარის ხუთეულების საკუთარი ვერსიის დაფიქსირება შეუძლიათ – 2 უკანახაზელი, 2 ფორვარდი და 1 ცენტრი ➡  http://superleague.ge/ge/allstar/vote

გამოკითხვის მეშვეობით „ოლ სტარის“ ხუთეულების შერჩევა 2 თებერვალს დასრულდება.

ყველა ვარსკვლავის მატჩი ქუთაისში, 7 თებერვალს, 18:00 საათზე გაიმართება და მასში ერთმანეთს  ქართველი და უცხოელი მოთამაშეებისგან შემდგარი გუნდები შეხვდებიან. მეტოქე გუნდებს სუპერლიგის 1-2 ადგილებზე მყოფი კლუბების მწვრთნელები გაუძღვებიან. ქართველების გუნდს კოტე ტუღუში  („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი) უხელმძღვანელებს, ხოლო ლეგიონერებს – ირაკლი ხოშტარია (თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი). „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ფარგლებში გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში.

სნაიპერთა კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის სამქულიანების 5 საუკეთესო მსროლელი მიიღებს მონაწილეობას: ოთარ ფხაკაძე (დელტა), ჯონათან ლი (ქუთაისი), ჯორდან სვოპშირი (დინამო), მალკოლმ დრამრაითი (დელტა)  და რევაზ ჩაჩანიძე (მგზავრები).

ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

საქართველოს თასის გათამაშება 24 იანვრიდან დაიწყება. სრული  კალენდარი მოგვიანებით  იქნება ცნობილი.