საქართველო თასის 2014 წლის გათამაშება დღეს, საკალათბურთო აკადემიაში დაიწყო. სანამ ნახევარფინალური მატჩები დაიწყებოდეს, ტურნირის ძირითადი ბადის ბოლო მონაწილე საკვალიფიკაციო დაპირისპირებამ უნდა გამოავლინოს. დღეს საკვალიფიკციო ეტპის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც მეოთხედფინალის ბოლო საგზურისთვის ერთმანეთს სუპერლიგის ცხრილის ბოლო ადგილებზე მყოფი გუნდები – “ოლიმპი” და “მაკაბი” ეცილებიან.
პირველად, თასის გათამაშებების ისტორიაში, აღნიშნული ტურნირი განსხვავებული ფორმატით ტარდება. აქამდე მეოთხედფინალები და ნახევარფინალები ერთი მატჩისგან შედგებოდა, 2014 წლიდან კი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გუნდმა 2 მატჩის ჯამში უნდა იმარჯვოს.
“ოლიმპისა” და “მაკაბის” 2-მატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და დიდ შესვენებამდე საინტერესო ბრძოლა მიმდინარეობდა, მეორე ნახევარში კი დავით თორთლაძის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა იძალეს და საბოლოოდ 81:60 იმარჯვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხვალ გასამართ მეორე მატჩში “ოლიმპს” 21-ქულიანი უპირატესობა აქვს. “მაკაბი” რომ თასის გათამშების მეოთხედფინალში გავიდეს, მინიმუმ 22 ქულით უნდა იმარჯვოს.
ჯამლეტ და მიხეილ ხუხაშვილების გუნდს აღნიშნული ჩამორჩენის გაბათილება გაუჭირდებათ, რადგან წარმატების მისაღწევად რესურსი რომ აკლია, დღვანდელ მატჩშიც გამოჩნდა. მაკაბელების ბრძოლისუნარინობა მხოლოდ პირველ ტაიმს გაწვდა, რომელიც “ოლიმპმა” 5 ქულის სხვაობით – 38:33 მოიგო. დიდი შესვენების შემდეგ თორთლაძის გუნდმა თამაში დაალაგა და მატჩის ბოლომდე პრობლემა აღარ შექმნია.
დღევანდელი შეხვედრის ბომბარდირი “ოლიმპის” უკანახაზელი , ირაკლი გულისაბედაშვილი გახდა, რომელმაც 16 ქულა და 6 პასი მოაგროვა. რიჩარდ მათიაშვილი კი ფარქვეშ დომინირებდა და მთლიანობაში 21 მოხსნა მოაგროვა, რასაც 13 ქულაც მოაყოლა და ოლიმპელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მაკაბელთა შორის 17 ქულით გიორგი ფერიაშვილი გამოირჩა, ლევან რევაზაშვილმა კი პირად ანგარიშზე 15 ქულა ჩაიწერა.
თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 18 ინვარს, 16 საათზე გაიმართება. სერიის გამარჯვებული მეოთხედფინალში გავა, სადაც სუპერლიგის ლიდერ, პირველ ნომრად განთესილ “დინამოს” შეუწყვილდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
დავით თორთლაძე(,,ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): მათიაშვილი დაგვიბრუნდა, მასთან ერთად დაგვემატნენ მიხეილ ჩიტაშვილი და ირაკლი ალხანაიძე. საქართველოს თასის გათამაშება დაგვეხმარება იმაში, რომ მოთამაშეები გუნდს შეეწყონ და მეორე წრეს მომზადებულები შევხვდეთ.
ჯამლეტ ხუხაშვილი(,,მაკაბის” მთავარი მწვრთნელი): საქართველოს თასი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია და მასში მონაწილეობაც საპატიოა, გამარჯვება კი დიდი წარმატება. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი ვართ, რევაზაშვილების და ფერიაშვილის აღზრდაზე გათვლილი. პრაქტიკულად, ჩვენ არ გვაქვს გამარჯვების შანსი, მითუმეტეს ,,ოლიმპთან”, რომელიც მათიაშვილის დაბრუნების შემდეგ გაძლიერდა და საკმაოდ კარგად გამოიყურება. პირველ ტაიმში ბიჭებმა იბრძოლეს და თანაბარი თამაში ანახეს, ეს ჩვენთვის საკმარისია. გიორგი რევაზაშვილი სულ ახლახან დაბრუნდა 1-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი თამაში ჩაატარა და მისგან სასწაულს არ მოველოდით. დღეს დაგვაკლდა ყველაზე ახალგაზრდა და პერსპექტიული მაიზერ რევაზაშვილი ტრავმის გამო. ამ ყველაფერის გათვალისწინებით, კმაყოფილები ვართ. მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას.