საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალები ახლოვდება. აღნიშნული ტურნირი წლეულს პირველად განსხვავებული ფორმატით ტარდება. თუკი აქამდე თასის მეოთხედფინალები და ნახევარფინალები ერთმატჩიანი იყო, ახლა გამარჯვებული 2-მატჩიანი სერიით ვლინდება. ამასთან ერთად, საპლეიოფო რაუნდებს შორის ხანგრძლივი პერიოდია.
თასის გათამაშების ნახევარფინალისტები 22-23 იანვარს გამოვლინდნენ და შემდეგნაირად დაწყვილდნენ: “არმია” – “ქუთაისი” და “დინამო” – “სოხუმი”. პირველი მატჩები 27 თებერვალს ჩატარდება, საპასუხო კი – 1 მარტს. თბილისში გასამართ შეხვედრებს საკალათბურთო აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს, ხოლო ერთადერთი რეგიონის გუნდი საშინაო მატჩს ქუთაისში გამართავს.
ნახევარფინალურ სერიებში გამარჯვებული 2 მატჩის ჯამში გამოვლინდბა. დებულების თანახმად, დაშვებულია თამაშის ფრედ დასრულება – მხედველობაში მხოლოდ 2 მატჩის ჯამში ჩაგდებული ქულები მიიღება. თუკი 2 შეხვედრის ჯამში ჩაგდებული ბურთები აღმოჩნდება თანაბარი, იმ შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი დრო საუკეთესოს გამოსავლენად.
ფინალი ერთმატჩიანია და იგი 29 მარტს გაიმართება.