სტატისტიკასაქართველოს თასის გათამაშების პირველი ფინალისტი ცნობილია. ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა „სოხუმმა“ ტურნირის ნახევარფინალურ მატჩში „ბათუმი“ 87:82 დაამარცხა და სატიტულო მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალში გასასვლელ მატჩს აჭარის დედაქალაქმა უმასპინძლა, სადაც „სოხუმი“ წინა დღეს ჩავიდა და მომავალ ნახევარფინალს კარგად მომზადებული შეხვდა.
„ბათუმს“ ახლდა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, უკანახაზელი ბესო ლეჟავა, რომელმაც სუპერლიგის მე-20 ტურში 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და სუპერლიგის გასული ტურის თამაშთან ერთად „სოხუმთან“ თასის ნახევარფინალური დაპირისპირებაც გამოტოვა.
მატჩი სოხუმელებმა დიდი გართულების გარეშე მოიგეს. მართალია, საბოლოოდ 5-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, თუმცა ეს იმის ხარჯზე, რომ ბოლო პერიოდის წინ 19 ქულით დაწინაურებული სოხუმელები მოეშვნენ, მასპინძლებმა კი ჩამორჩენა შეამცირეს და საბოლოოდ ღირსეული სხვაობით – 82:87 დამარცხდნენ.
სოხუმელებს ამერიკელმა კალათბურთელმა ულიდერა. ფილიპ მილერმა 27 ქულით ბომბარდირობა არავის დაუთმო. მოწოდების სიმაღლეზე იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ლევან ფაცაცია, რომელმაც 19 ქულა მიითვალა, გივი ბაქრაძის ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა. მასპინძელთაგან 22 ქულით საუკეთესო იყო უკრაინელი ლეონიდ სტეპანიშინი. 17 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა აკაკი დვალიშვილმა, ხოლო მეორე უკრაინელმა – იგორ კრივცოვმა შეხვედრა 16 ქულა – 9 მოხსნით დაასრულა.
„სოხუმი“ ფინალშია და მეტოქეს ელოდება. საპლეიოფო ბადის საპირისპირო მხარეს ჯერ მხოლოდ ერთი ნახევარფინალისტია გამოვლენილი. „რუსთავი“ მეტოქეს „დინამოსა“ და „ვითას“ მეოთხედფინალური დაპირისპირებიდან ელოდება, რომელიც 30 მარტს გამოვლინდება.