სოხუმმა და ქუთაისმა თასის ნახევარფინალი ერთნაირი გამარჯვებით დაიწყეს (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სოხუმმა და ქუთაისმა  თასის ნახევარფინალი ერთნაირი გამარჯვებით დაიწყეს (მატჩისშემდგომი კომენტარები)

თასის გათამაშების ნახევარფინალი დაძაბულად და დიდი დამთხვევით დაიწყო. სერიის პირველი მატჩები თბილისსა და ქუთაისში გაიმართა და ორივეგან გამარჯვებული დაძაბულ ბრძოლასა და ერთნაირ ანგარიშში გამოვლინდა. “ქუთაისმაც” და “სოხუმმაც” მეტოქეები 70:64 დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერია 2 მატჩისგან შედგება და გამარჯვებული ქულათა საერთო რაოდენობით გამოვლინდება.

ნამდვილი მოულოდნელობა იყო “სოხუმის” გამარჯვება “დინამოსთან”. ფინანსური პრობლემების წინაშე მდგარმა სოხუმელებმა, რომელმაც
კრიზისის გამო 2 ლეგიონერი – პეტარ ივანიჩი და ჯოშუა ჯექსონი დაკარგეს, სუპერლიგის ლიდერი “დინამო” 6 ქულით – 70:64 დაამარცხეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ 1 მარტს გასამართ საპასუხო მატჩში “სოხუმს” 6-ქულიანი ფორა აქვს და თუ ეს უპირატესობა შეინარჩუნა, ფინალში გავა. სოხუმელებმა ნათელი მაგალითი აჩვენეს იმისა, თუ როგორ უნდა ბრძოლა გაცილებით ძლიერ გუნდთან. ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა სოხუმელები მთელი თამაში ტოლს არ უდებდნენ ლეგიონერებით გაძლიერებულ “დინამოს”. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ხოშტარიას გუნდს გაციების გამო ბესიკ ლეჟავა აკლდა, თუმცა მის გარეშეც საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა ჰყავთ დინამოელებს.

“სოხუმმა” პირველი მეოთხედი 16:15 მოიგო, მეორე მეოთხედში კი დინამოელებმა მოუმატეს და ქიენ კარტერის შედეგიანობით ლიდერობა
მოიპოვეს. დიდი შესვენებისთვის ხოშტარიას გუნდი 3 ქულით დაწინაურდა და ცხადი იყო, რომ მაყურებელს საინტერესო მეორე ნახევარი ელოდა. ასეც მოხდა – სოხუმელებმა ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე თამაშში გარდატეხა შეიტანეს. კვარაცხელიას გუნდი მეტოქეს შეტევებს
უშლიდა და სწრაფი შეტევებით, ასევე შორი სროლებით დაწინაურება მოახერხა.

მესამე პერიოდი სოხუმელებმა 20:15 მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 2 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში სოხუმელთათვის ჰაერივით საჭირო გამოდგა რატი ბააკაშვილის 3-ქულიანები და ჯერემი საიმონსისა და ვახტანგ ქადარიას ფარქვეშა აქტიურობა, რასაც ზუსტი 2-ქულიანები ერთვოდა და “სოხუმმა” ისე მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე, “დინამოს” წარმატების შანსი არ ჰქონია.

“სოხუმში” 16 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო ჯერემი საიმონსი იყო. 17 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა ვახტანგ ქადარიამ, ხოლო რატი ბააკაშვილმა 15 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. “დინამოში” 21 ქულით ქიენ კარტერი გამოირჩა, ხოლო სტევან მილოშევიჩმა და ბოშკო სტოიაკოვიჩმა 11-11 ქულა დააგროვეს.

ქუთაისში გამართული მატჩიც ანალოგიური სცენარით – თანაბრად განვითარდა. “არმია” მთელი შეხვედრის განმავლობაში მისდევდა “ქუთაისს”, თუმცა საბოლოოდ 6 ქულით დამარცხდა. ანგარიშში სხვაობა ბოლო მეოთხედამდე 2-4 ქულის ფარგლებში ქუთაისელთა სასარგებლოდ მერყეობდა. არმიელები ბოლომდე იბრძოდნენ და გამარჯვების შანსს ინარჩუნებდნენ, თუმცა მასპინძლებმა თავისი მაინც გაიტანეს და ნახევარფინალური სერიის საპასუხო მატჩის წინ 6-ქულიანი ფორა შეიქმნეს.

“ქუთაისში” 20 ქულით საუკეთესო ზაურ ფაშაევი გახდა, 15-15 ქულა-მოხსნა მიითვალა აკაკი დვალიშვიმა, ხოლო გოგა ცეკვავამ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. “არმიაში” ბომბარდირი 17 ქულითა და 10 მოხსნით გიორგი შარაბიძე გახდა, არანაკლებ სარგებლიანი იყო ბექა წივწივაძე (17 ქულა, 9 პასი), ხოლო თემურ ბაბუნაშვილის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.

ნახევარფინალური სერიის პასაპუხო მატჩები 1 მარტს, თბილისში, საკალათბურთო კადემიის დარბაზში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

სოხუმი-დინამო  70:64

ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): რთულია მთელი სეზონი ერთ დონეზე ჩაატარო, თუმცა წინ
მეორე მატჩი გველოდება, ხვალ გავაანალიზებთ დღევანდელ თამაშს და განმეორებით შეხვედრაში ვეცდებით  ღირსეული რევანშის ავიღოთ. მივულოცავ „სოხუმს“ დამსახურებულ გამარჯვებას.

ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): გავმეორდები კიდევ ერთხელ და ვიტყვი
 რომ დღევანდელ შეხვედრაში “დინამო” უდავო ფავორიტი
იყო, რომელიც ძლიერია ყველა კომპონენტში და მას ყველა პირობა გააჩნი – დროული ხელფასი
თუ საკალათბურთო ბაზა. მადლობა ჩემს ბიჭებს, რომელებიც ნამდვილი გმირები არიან. დავრწმუნდი
რომ მათ ნამდვილად უყვართ კალათბურთი. ყველას ვთხოვ დაგვეხმაროს, მათ შორის მთავრობას, რათა ამ სიტუაციიდან როგორმე გამოსავალი ვიპოვოთ.
რატი ბააკაშვილი (სოხუმი): პოტენციურ საქართველოს ჩემპიონს მოვუგეთ. მადლობა ჩემს
თანაგუნდელებს, განსაკუთრებით ჯერემი საიმონსს, რომელმაც ასეთი პირობებისა  და ტრავმის მიუხედავად მაინც ითამაშა და  ჩვენთან ერთად გამოვიდა მოედანზე.

 ქუთაისი-არმია  70:64

მედეა მხეიძე (ქუთაისის მწვრთნელი): მშვენიერი თამაში შედგა. საინტერესო გამოვიდა  განსაკუთრებით იმ მხრივ რომ არმიამ სხვადასხვა ვარიანტები შემოგვთავაზა თავდასხმაში, რაზეც აქტიურად ვრეაგირებდით დაცვაში.  შესაბამისად თამაში მრავალფეროვანი,  საინტერესო და ემოციური გამოვიდა. მატჩის დროს მცირე შეფერხება გვქონდა გულშემატკივრის მხრიდან, მაგრამ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და მათ თამაშის ბოლომდე ზრდილობიანად გვიგულშემატკივრეს, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მადლობა ბიჭებს, რომლებმაც შესანიშნავად იასპარეზეს. აღვნიშნავ, რომ მოედანზე  ახალგაზრდებმაც გამოიჩინეს თავი. გიორგი ცირეკიძე და ლევან გრძელიძე კარგად ჩაერთნენ თამაშში და მითითებულ დავალებებს თავი კარგად გაართვეს.
 

კოტე ტუღუში (არმიას მთავარი მწვრთნელი): დიდი ბრძოლა იყო  და გამარჯვებაც შეგვეძლო,  მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით და ქუთაისს მოგების შანსი მივეცით, რაც ძალიან კარგად გამოიყენა. მადლობა ქუთაისელ გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის  განსაკუთრებით ალამაზებს მატჩს და დარბაზში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. 2 დღეში მეორე თამაში გველოდება, ვეცდებით მაქსიმალურად გამოვასწოროთ შეცდომები და ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოდ შეხვედრა.