თასის გათამაშების მეოთხედფინალური წყვილები დაკომპლექტდნენ

თასის გათამაშების მეოთხედფინალური წყვილები დაკომპლექტდნენ

გალერეასაქართველოს თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საკვალიფიკაციო მატჩებს დღეს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. 4 გუნდი ტურნირის ძირითად, მეოთხედფინალურ ბადეში მოსახვედრად იბრძოდა. სუპერლიგის გუნდები – „ოლიმპი“ და „მგზავრები“  „ა“ ლიგის წარმომადგენლებს – შესაბამისად „თსუ-ჰიუნდაის“ და „არენას“ შეხვდნენ.

პირველი მატჩი , რომელშიც „ოლიმპი“ და „თსუ-ჰიუნდაი“ ერკინებოდნენ, ძალიან დაძაბული გამოდგა. „ა“ ლიგის წარმომადგენელი თითქმის მთელი თამაში უგებდა „ოლიმპს“, რიგ მომენტებში ლიდერობა – 7-9 ქულამდეც ადიოდა, თუმცა სასურველი ანგარიშის შენარჩუნება ბოლომდე ვერ მოახერხა.

„ოლიმპი“ მატჩში პირველად შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე დაწინაურდა, როცა სწრაფი გარღვევა შედეგიანად დააგვირგვინა მატჩის ბომბარდირმა ტრე ბურნეთმა – 81:80. გადამწყვეტ შეტევაში „თუსუ-ჰიუნდაიმ“ ბურთი ვეღარ ჩაააგდო, რის შემდეგაც „ოლიმპმა“ სამქულიანი ააცილა, თუმცა ფარიდან ასხლეტილ ბურთს მათივე მოთამაშე, ირაკლი მიქელაძე დაეპატრონა და ჰიუნდაელებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს.

შეხვედრის დასრულებამდე 3,5 წამით ადრე მიქელაძემ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და „ოლიმპი“ 82:80 დააწინაურა. დარჩენილ მცირე დროში „თსუ-ჰიუნდაის“ ამერიკელმა გამთამაშებელმა, კრისტოფერ ანდერსონმა მოასწრო მეტოქის ნახევარზე გადასვლა და გამთანაბრებელი ორქულიანის სროლა, რომელიც ფარში არ ჩაეშვა და თასის მეოთხედფინალში გამარჯვებული „ოლიმპი“ გავიდა.

ოლიმპელთა შორის 29 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო შედეგი ტრე ბურნეთმა დააფიქსირა. 13 ქულა ჰქონდა რეზო როგავას, ხოლო 12 – ირაკლი მიქელაძეს. „თსუ-ჰიუნდაიში“ 22-22 ქულით მეთიუ გლოვერი და კრის გაბრიელი გამოირჩნენ. 11-11 ქულა კი აკაკი ფიფიამ და სანდრო სანაძემ მიითვალეს.

თასის გათამაშების ბოლო მეოთხედფინალისტი „მგზავრები“ გახდა, რომელმაც „არენას“ 90:84 სძლია. შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა, მანამე კი საკმაოდ დაძაბული ბრძოლა მიდიოდა. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა პირველი ტაიმი, რის განმავლობაშიც ლიდერი 14-ჯერ შეიცვალა. მესამე მეოთხედი „მგზავრებმა“ 23:15 მოიგეს და მიუხედავად იმისა, რომ 12 ქულით გალიდერდნენ, „არენამ“ ბოლო პერიოდში მეტოქესთან მიახლოვება მოახერხა.

ბოლო წუთებზე „მგზავრებმა“ მეტი სიზუსტე გამოავლინეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. თასის მეოთხედფინალისტს 25 ქულით ოთარ ფხაკაძემ ულიდერა. 14 ქულა მოაგროვა დარნელ ტეილორმა, ხოლო 13 – კაშინ რენსომმა. მატჩის ბომბარდირი გახდა არენელი პიტერ ალექსისი  28 ქულით, რომელსაც ასევე 13 მოხსნა ჰქონდა. 20 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა როდნერიუს ლუისის ანგარიშზე.

საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალისტები დაკომპლექტდნენ – ყველა გუნდი სუპერლიგისაა.

ოლიმპი – თსუ  82:80  

მგზავრები – არენა  90:84