თასის გათამაშების ნახევარფინალისტების სრული ვინაობა გაირკვა. საუკეთესო ოთხეულში წინა თვეში გასულ “ქუთაისს” და “დელტას” დღეს “მგზავრები” და “ტიტები” შეუერთდნენ. ოლიმპიურ სასახლეში გამართული მეოთხედფინალური სერიების გადამწყვეტ მატჩებში ამ გუნდებმა შესაბამისად “თსუ-ჰიუნდაი” და “ოლიმპი” დაამარცხეს.
დღევანდელი 2 მატჩიდან ერთი შედარებით დაძაბული გამოდგა, მეორეში კი ბრძოლა არ შედგა. “მგზავრებმა” საბოლოოდ დამაჯერებლად, თუმცა ბრძოლაში დაამარცხა “თსუ-ჰიუნდაი”, ხოლო “ტიტებმა” “ოლიმპს” ისე მოუგო, მინიმალური შანსიც არ მიუცია.
თანაბრად დაწყებული “თსუ-ჰიუნდაი” – “მგზავრების” მატჩის მეორე მეოთხედში ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა – 49:36. “მგზავრებმა” ეს ლიდერობა ვერ შეინარჩუნა და დიდ შესვენებამდე დარჩენილი წუთნახევარი 0:8 წააგო. “თსუ-ჰიუნდაიმ” წარმატებული თამაში მესამე პერიოდიდანაც განაგრძო და 57:53 დაწინაურდა. “მგზავრებს” ხელახლა მოუხდა თამაშის დალაგება და კარგი დაცვის ხარჯზე ჯერ ჩამორჩენა შეამცირა, ბოლო ათწუთულის წინ კი 2 ქულით – 66:64 დაწინაურდა.
გადამწყვეტ პერიოდში “მგზავრებმა” მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, ადრიან ბოუის ლიდერობით გასამარჯვებლად საკმარისი უპირატესობა მოიპოვეს და დასახულ მიზნამდეც იოლად მივიდნენ – 94:82. გამარჯვებულთაგან გამოსარჩევია ადრიან ბოუი, რომელიც ზედიზედ მეორე მატჩია, სამმაგ დუბლს ასრულებს – 22 ქულა, 12 მოხსნა, 12 პასი. 25 ქულა მოაგროვა ჯეიკობ არმსტრონგმა, ხოლო 18 ქულა პრინს უილიამსის ანგარიშზე დაგროვდა. “თსუ-ჰიუნდაიში” 22 ქულით საუკეთესო იყო რატკო პეტრიჩი, ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე კი 12 ქულა და 9 მოხნა დაგროვდა.
თსუ-ჰიუნდაი – მგზავრები
სტატისტიკა: 82:94
მეორე მეოთხედფინალურ მატჩში “ტიტებმა” “ოლიმპს” პირველი პერიოდი 32:14 მოუგო, ხოლო ამ სოლიდურ უპირატესობას დიდი შესვენებისთვის კიდევ 4 ქულა წაამატა. ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილი გუნდი ამ ლიდერობას არ დასჯერდა და მესამე პერიოდში მეტოქე 38 ქულით ჩამოიტოვა. “ტიტების” მოთამაშეებს ყველაფერი გამოსდიოდათ – ილია ლონდარიძე და გიორგი შარაბიძე ფარქვეშიდან, ლიუკ მეიერი, კაჰიმ რენსომი, ბესო ლეჟავა და ჟოელ ალმეიდა – პერიმეტრიდან “ოლიმპის” კალათს წარმატებით ლაშქრავდნენ. მიზანი უჭრიდათ შეცვლაზე შემოსულ მოთამაშეებსაც – გუჯა ბირკაიას, თემურ ბაბუნაშვილს და სხვებს, რამაც ის გამოიწვია, რომ “ტიტების” უპირატესობამ ბოლო პერიოდში 40 ქულას გადააჭარბა.
საბოლოოდ “ტიტებმა” 33 ქულით – 106:73 გაიმარჯვა და თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა. გამყრელიძის გაწვრთნილ გუნდს 16 ქულით ლიუკ მეიერმა ულიდერა. 14 ქულა რენსომმა, 13 – ალმეიდამ, ხოლო 12 – ლონდარიძემ მიითვალეს. “ოლიმპში” 18 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო მარკ ოგდენი.
ოლიმპი – ტიტები
სტატისტიკა: 73:106
თასის ნახევარფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: “ქუთასის” – “ტიტები”, “მგზავრები” – “დელტა”. სერიის პირველი მატჩები 16, ხოლო მეორე – 24 აპრილს გაიმართება.