თასის გათამაშების ფინალში დინამო და რუსთავი გავიდნენ (მატჩისშემდგომი კომენტარები)

თასის გათამაშების ფინალში დინამო და რუსთავი გავიდნენ (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 საქართველოს თასის გათამაშების ფინალისტები ცნობილნი არიან. ამ მნიშვნელოვნი ტიტულისთვის ერთმანეთს „დინამო“ და „რუსთავი“ შეხვდებიან. ამ გუნდებმა დღეს თასის გათამშების ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩებიც მოიგეს და სატიტულო მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდე გრძელდებოდა და „რუსთავსაც“ და „დინამოსაც“ პირველი მატჩები მოგებული ჰქონდათ. სერიაში დაწინაურებულებს მეორე მატჩის მოგება კი გაუჭირდათ, თუმცა საბოლოოდ მაინც სასურველ შედეგს მიაღწიეს.

რუსთავში ბათუმელებმა 71:77 წააგეს, თუმცა მოგების შანსი ნამდვილად ჰქონდათ. აჭარულ კლუბს იმედები ქაქუცა აბაიშვილმა გადაუწურა, რომელმაც მატჩის ბოლო წუთზე 2 ორქულიანი ჩააგდო.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი უკანახაზელი და გუნდის ლიდერი აკლდათ, ბათუმელებმა ღირსეულად იბრძოლეს და მოგების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ. ბიჯეი იანგის გარეშე ბათუმელებმა სერიის პირველი შეხვედრა შინ „რუსთავთან“ 10 ქულით წააგეს, თუმცა დღეს უკეთესად ითამაშეს და ცოტაც რომ გამართლებოდათ, სერიაში ანგარიშს გაათანაბრებდნენ.

გამარჯვებულებს 22 ქულითა და 21 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერა, 17 ქულა დააგროვა გოგა ცეკვავამ, მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე კი 13 დაგროვდა. ბოლო წუთზე 2 უმნიშვნელოვანესი სამქულიანის ჩამგდებმა ქაქუცა აბაიშვილმა საბოლოო ჯამში 12 ქულა დააგროვა. ბათუმელთაგან 24 ქულით ნიკ კელოგი გამოირჩა, ირაკლი მიქელაძის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა.

კიდევ უფრო დაძაბული შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, სადაც „დინამომ“ ბეწვის ხიდზე გაიარა. მასპინძლებმა შესანიშნავი მეორე პერიოდი ჩაატარეს და დიდი შესვენებისთვის 5 ქულით ლიდერობდნენ. ზუსტად ტყორცნიდა ქუთაისელთა სლოვენიელი ლეგიონერი მირზა სარალია, რომლის შედეგიანობას მესამე პერიოდის დასაწყისში მასპინძელთა 11-ქულიანი დაწინაურებაც კი მოჰყვა.

ვითარება მესამე პერიოდის დასკვნით ნაწილში შეიცვალა, რომელიც დინამოელებმა დიდებულად ჩაატარეს. შეუდარებლად გაისარჯა ილია ლონდარიძე, რომელმაც მნიშვნელოვანი ქულები ჩააგდო, ქუთაისელები კი დაიბნენ და ლიდერობა მესამე მეოთხედის ბოლოსთვის გაანიავეს.

„დინამომ“ ლიდერობა მეოთხე პერიოდში განიმტკიცა და თითქოს მატჩის ბედიც გაირკვა, თუმცა ბოლო წუთებზე მასპინძელთა სნაიპერმა მირზა სარალიამ სამქულიანი ჩააგდო, მას თანაგუნდელებიც მიეშველნენ და ვითარება დაიძაბა. ქუთაისელებმა საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ბოლო წამზე 3 ქულით ჩამორჩენილებს შეტევის უფლება ჰქონდათ. ზაურ ფაშაევმა მოასწრო სამქულიანის ტყორცნა, თუმცა გამთანაბრებელი ბურთი კალათში არ ჩაეშვა.

„დინამოში“ ყველაზე მეტი – 18 ქულა ბესიკ ლეჟავამ მოაგროვა. 17 ქულა ლონდარიძის ანგარიშზეა, ამერიკელმა გარიკ შერმანმა კი პირად ანგარიშზე 13 ქულა და 19 მოხსნა ჩაიწერა. ქუთაისელთაგან 22 ქულით მირზა სარალია გამოირჩა.

საქართველოს თასის ფინალი 4 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ქუთაისი – დინამო 73:76

მიხეილ კობეშავიძე „ქუთაისის“ მწვრთნელი: შეგვეძლო თამაშის მოგება, მაგრამ ბოლო ეპიზოდში არ გაგვიმართლა. ამის მიზეზი ალბათ გამოცდილებაც იყო, რომელიც დინამოელებს ჩვენზე მეტი აქვთ და შეხვედრის დასკვნითი ნაწილი უფრო მობილიებულად ჩაატარეს. ვულოცავ „დინამოს გამარჯვებას.

ირაკლი ხოშტარია „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი: თამაში კარგად დავიწყეთ, თუმცა რიგი მიზეზების გამო მატჩის შუა პერიოდში ჩამოვრჩით. ჩვენმა გუნდმა მალევე გამოასწორა თამაში და დასკვნით მეოთხედში სოლიდური უპირატესობაც მოვიპოვეთ. მასპინძლებმა მოდუნების საშუალება არ მოგვცეს და ბოლო წუთებზე ჩვენი შეცდომების გამო თამაში დაიძაბა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ჩვენდა
სასიკეთოდ დასრულდა. დარბაში სასიამოვნო, ჯანსაღი ატმოსფერო იყო და ეს მისასალმებელია. თასის ფინალამდე “ქუთაისს” სუპერლიგის ტურშიც ვეთამაშებით და ამ მატჩს ფინალისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ.

რუსთავი – ბათუმი     77:71

დავით უსტიაშვილი „ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი: დიდი დანაკლისით ვთამაშობდით, თუმცა მაინც შეგველო მოგება. მადლობა ბიჭებს, მათ ბოლომდე იბრძოლეს და ბოლო მომენტში ცოტა იღბალიც რომ ჩვენს მხარეზე ყოფილიყო, სერიაში ანგარიშს გავათანაბრებდით. ვულოცავ რუსთაველებს გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას ფინალურ მატჩში.

მიხეილ ბერუაშვილი „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი: მიუხედავად მოგებისა, ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ. იყო ხარვეზები, გვქონდა სერიოული შეცდომები, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებამდე მაინც მივედით და მთავარიც ესაა. იმ ჩავარდნის შემდეგ, რომელიც ჩვენს გუნდს ბოლო მატჩებში ჰქონდა, თამაშის ხარისხს ვაუმჯობესებთ და კრიზისიდან გამოვდივართ. მოვემზადებით ფინალისთვის და ტიტულის მოსაგებად არაფერს დავიშურებთ.