თასის გათამაშების ფინალში თსუ და ქუთაისი დაუპირისპირდებიან

თასის გათამაშების ფინალში თსუ და ქუთაისი დაუპირისპირდებიან

საქართველოს თასის ოთხთა ფინალი დღეს, თბილისი არენაზე დაიწყო. ნახევარფინალურ სერიებში ის გუნდები შეხვდნენ, რომლებმაც აქამდე 2-2 საპლეიოფო ბარიერი – მერვედფინალი და მეოთხედფინალი დაძლიეს. ქუთაისი ვსა-ს დაუპირისპირდა, ხოლო თსუ – გურჯაანის დელტას. აქედანვე ვთქვათ, რომ ფინალში ქუთაისი და თსუ გავიდნენ. თასის შარშანდელი გამარჯვებული სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ტიტულს ქუთაისისგან დაიცავს. 

 ეს გუნდები წლეულს უკვე შეხვდნენ ფინალურ მატჩში – ეს ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალურ ტურნირზე მოხდა. ის ფინალი თსუ-მ ბოლო წამებზე მოიგო. რა იქნება თასის ფინალში, 16 აპრილს, თბილისი არენაზე, საღამოს 9 საათისკენ გაირკვევა. 

ნახევარფინალური მატჩები საკმაოდ დაძაბული იყო. ქუთაისმა ბოლო პერიოდში გატეხა საბრძოლოდ მომართული ვსა, რომელმაც სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ერთ-ერთი ლიდერი, დავით კაკუშაძე ტრავმის გამო დაკარგა. ქუთაისი კი თასის ნახევარფინალს სრული საბრძოლო შემადგენლობით შეხვდა.

პირველი პერიოდი ქუთაისმა მოიგო – 27:22. მეორე – ვსა-მ, თუმცა დიდი შესვენებისთვის იმერული კლუბი ლიდერობდა – 49:46.  მესამე პერიოდიდან ვსა-მ უპირატესობა მოიპოვა. ქსავიერ ჰილ-მეისი და შაქუან ჯულსი ფარქვეშ აქტიურობდნენ, უკანა ხაზიდან კი ჯერმეინ ჰედი ყოჩაღობდა. დავით ნოზაძის გაწვრთნილი ვსა დაწინაურდა და ბოლო მეოთხედს ლიდერის ამპლუაში შეხვდა.

ვსა ლიდერობდა ბოლო პერიოდის უმეტეს ნაწილს, ვიდრე ბოლო წუთები მოატანდა. გადამწყვეტ მომენტში თბილისურ გუნდს ძალები არ ეყო, გაცილებით დაბალანსებული მეტოქის დასამარცხებლად. კოტე ტუღუშმა სწორი ტაქტიკითა როტაციით მოახერხა მეტოქისთვის ისეთი თამაში მოეხვია, რაც თავად აწყობდა. პერიმეტრიდან შეტევას ქუთაისი სამწამიანში შესვლებს და ბურთი გიორგი კორსანტიასთვის ჩაგდებას უნაცვლებდა. კორსანტიამაც საბოლოოდ დაძლია ტანმაღალი და ჯანიანი ვსა-ს მეფარეების წინაღობა და ბოლო წუთებში თანაგუნდელებთან ერთად გაარღვია ვსა-ს დაცვითი ჯებირი. 

ბოლო პერიოდი ქუთაისმა 31:16 მოიგო და ამასთან ერთად მატჩშიც სათავისო ანგარიში დააფიქსირა – 100:89 (სტატისტიკა). ქუთაისს კორსანტიამ 22 ქულითა და 13 მოხსნით ულიდერა. 20 ქულა ჰქონდა გიორგი სულაბერიძეს. 19 ქულა მიითვალა ელაია ჯოინერმა. ვსა-ს შემადგენლობაში 20 ქულით, 8 მოხსნით და 4 პასით ჯერმეინ ჰედმა ულიდერა. 20 ქულა მიითვალა ანზორ ნადირაძემაც, 16 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა შაქუან ჯულსმა. 

თსუ-სა და გურჯაანის მატჩი 4 -ქულიანი სხვაობით დასრულდა. უნივერსიტეტელები მეტოქეს თითქმის მთელი თამაშის მანძილზე უგებდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე კახეთის წარმომადგენელმა მოსაგებად გაიწია. თსუ-ს აკლდა ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ფევაძე, რომელმაც ამ გუნდების 3 დღის წინ გურჯაანში გამართულ სუპერლიგის მატჩში ტვინის შერყევა მიიღო. ის შეხვედრა უნივერსიტეტელებმა 28 ქულით მოიგეს, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ასე იოლად ვერ გაისეირნეს.

ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი დელტა ძალიან მობილიზებული იყო და მართალია, მეტოქეს ნიადაგ ჩამორჩებოდა, თუმცა შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა. ბოლო წუთებზე თსუ ჩინებულმა დაცვამ და გიორგი ცინცაძის გონივრულმა თამაშმა გადაარჩინა. მატჩის ბოლო წუთზე გეგი ბაქრაძის ორქულიანით დელტა ქულით მიუახლოვდა თსუ-ს, მაგრამ ეს იყო მაქსიმუმი. ლექსო ლაფანაშვილი გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა დაცვაში იყოჩაღეს – ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა გურჯაანელებს ჩაუჭრა, 2 საჯარიმო ჩააგდო და თსუ 80:77 დააწინაურა. 

თსუ-მ ტაქტიკური ჯარიმა აიღო, დანია კინგსბიმ პირველი საჯარიმო ჩააგდო, მეორე განზრახ ააცილა და ბურთი თავად მოხსნა, თუმცა ვერ შეინარჩუნა და თსუ-ს მჭიდრო დაცვის შემდეგ არაზუსტი პასი გააკეთა. გაფრინდაშვილმა გამარჯვების ქულები საჯარიმოდან მოიპოვა – 82:78 (სტატისტიკა).

თსუ-ში ბომბარდირი გიორგი ცინცაძე გახდა, რომელმაც 18 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 15 ქულა გაფრინდაშვილის, ხოლო 12 – ვილი ისიანის ანგარიშზე დაგროვდა. გურჯაანის გუნდში 17 ქულით საუკეთესო იყო სკაილერ პოტერი. 15 ქულა დანია კინგსბიმ დააგროვა. 

ფინალური მატჩი თბილისი არენაზე 16 აპრილს, 19:00 საათზე დაიწყება.