საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალური სერიიდან განახლდა. პირველ წყვილში ერთმანეთს „ბათუმი“ და „რუსთავი“ დაუპირისპირდნენ. სერიის პირველ მატჩს დღეს აჭარის დედაქალაქმა უმასპინძლა და შეხვედრა რუსთაველთა გამარჯვებით – 85:75 დასრულდა.
ნახევარფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი 13 მარტს ბათუმელები რუსთავში იმარჯვებენ, სერიის მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა კვლავ ბათუმში, 17 მარტს გაიმართება.
ბათუმში დღეს გამართულ შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა. რუსთაველებს ორივე გუნდს ამერიკელი უკანახაზელი აკლდთ – მასპინძლებს სუპერლიგის გასულ ტურში დისკვალიფიცირებული ბიჯეი იანგი აკლდათ, ხოლო რუსთაველებს – ტრავმირებული ტერენს ოგლზბი.
ორივე ეს უკანახაზელი საკმაოდ კარგი მოთამაშეა, თუმცა ბათუმელთათვის იანგი შეუცველია. აჭარული კლუბის ლიდერი იანგი ქულების მკეთებელი მანქანაა და როცა მოედანზეა, ბათუმელებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება ძალუძთ. იანგის გარეშე მასპინძლებს ძალიან გაუჭირდათ რუსთაველებთან თამაში, რომლებსაც შედარებით დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ და ოგლზბის არყოფნით მათ ბევრიც არაფერი დაჰკლებიათ.
პირველი მეოთხედი რუსთაველებმა 10 ქულით მოიგეს, მეორე – 12-ით, მესამე პერიოდის შემდეგ კი სტუმრები მთელი 24 ქულით ლიდერობდნენ. რუსთაველები გუნდურად და სტაბილურად თამაშობდნენ, მასპინძლები კი რამდენიმე კალათბურთელის ინდივიდუალური ოსტატობის იმედად იყვნენ და შესაბამისად, მოგებაზე რეალურად ვერც იფიქრებდნენ.
ბოლო პერიოდში, როცა ყველაფერი გარკვეული იყო, რუსთაველებმა თავს მოდუნების საშუალება მისცეს და „ბათუმმაც“ ჩამორჩენის 10 ქულამდე შემცირება მოახერხა. გამარჯვებულებს 25 ქულითა და 12 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერა. გოგა ცეკვავამ 22 ქულა და 7 პასი მიითვალა. 12-12 ქულა ჰაიდენ ჰამსმა და მიხეილ ჭოჭუამ მოაგროვეს.
ამ გუნდებს შორის ნახევარფინალური სერიის საპასუხო მატჩი 13 მარტს, რუსთავში გაიმართება. 7 მარტს მეორე ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართება. „დინამო “ქუთაისს“ აკადემიის დარბაზში, 18:00 საათზე დაუპირისპირდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
დავით უსტიაშვილი (‘ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში, სადაც საკმაოდ დიდი სხვაობით ჩამოვრჩით მეტოქეს. მოგეხსენებათ, ჩვენს გუნდს ბიჯეი იანგი აკლია, ამასთან მცირე ტრავმებმაც შეგვიშალა ხელი. „რუსთავმა“ დამსახურებულად გაიმარჯვა. ვეცდებით მეორე მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ და სერია გავათანაბროთ.
მიხეილ ბერუაშვილი („რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ და ფინალისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგით. საინტერესო თამაში იყო, რომელიც ჩვენი უპირატესობით წარიმართა. მიუხედავად ამისა, ჯერ არაფერი დასრულებულა. წინ მეორე მატჩი გველოდება და ვედებით ისიც მოგებით დავასრულოთ.