გია კაზანჯიანის გაწვრთნილი „ოლიმპი“ თასის გათამაშების ფინალშია. სპორტის სამინისტროს გუნდმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში „ქუთაისი“ 66:54 დაამარცხა. ოლიმპელებს შანსი აქვთ, 3 დღის წინ მოგებულ პირველ ტიტულს მეორეც მიამატოს. სპორტის სამინისტროს გუნდმა 22 იანვარს საკანდელიძე-ქორქიას მემორიალი მოიგო, 27 იანვარს კი სპორტის სასახლეში თასის ფინალს ითამაშებს.
„ოლიმპის“ მეტოქე „შსს-აკადემია“ იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა ნახევარფინალში „არმია“ 73:65 დაამარცხა. 27 იანვარს სპორტის სასახლე საქართველოს თასის მე-13 გათამაშების ფინალს უმასპინძლებს. არც „შსს-აკადემიას“ და არც „ოლიმპს“ აქამდე აღნიშნული ტიტული არ მოუგიათ.
რაც შეეხება „ოლიმპისა“ და „ქუთაისის“ დაპირისპირებას, მატჩი საკმაოდ მწირქულიანი გამოდგა. სამინისტროს გუნდმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და ლიდერობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა. კაზანჯიანის გუნდში საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის საუკეთესო უკანახაზელი მიხეილ ბერიშვილი გამოირჩა, რომელმაც 20 ქულა მოაგროვა. 13 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა შეხვედრა სტევან მილოშევიჩმა, რომელმაც ფეხის ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ ჩაამთავრა. მისი ფინალში თამაში სათუოა. ქუთაისელებს 19 ქულით გიორგი
ბარბაქაძემ ულიდერა, რიჩარდ მათიაშვილმა კი 15 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
საქართველოს თასის გათამაშების ფინალი თბილისის სპორტის სასახლეში 27 იანვარს, 18 საათზე გაიმართება.
არმია – შსს აკადემია 63:76
ქუთაისი – ოლიმპი 54:66