დინამო ფინალში სოხუმს დაუპირისპირდება (მატჩისშემდგომი კომენტარები)

დინამო ფინალში სოხუმს დაუპირისპირდება (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორილის ფინალში “დინამო” და “სოხუმი” დაუპირისპირდებიან. ამ გუნდებმა დღეს მორიგი მატჩები მოიგეს, თავიანთ ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავეს და სატიტულო მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

ოლიმპიური ჩემპიონების მემორიალური ტურნირი 2006 წლიდან იმართება, თუმცა იგი ამ გუნდებს ჯერ არ მოუგიათ. “სოხუმმა” და “დინამომ” სუპერლიგის პირველი წრე დამაჯერებლად ჩაატარეს და მეორიალზეც ფავორიტებად ითვლებოდნენ. ის, თუ რომელ გუნდს დარჩება თასი, 24 დეკემბერს გაირკვევა. “დინამო” ფინალში “სოხუმზე” შედარებით
იოლად გავიდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფის ორივე მეტოქე უპრობლემოდ დაამარცხა. დინამოელებმა ჯერ “რუსთავს” მოუგეს, დღეს კი 20-წლამდელთა გუნდით
მოთამაშე “შსს-აკადემია” დაამარცხეს. მატჩის შედეგი წინასწარ იყო ცნობილი – სუპერლიგის ლიდერი რომ 20-წლამდელთა გუნდთან არ დამარცხდებოდა, ყველამ კარგად იცოდა.

“შსს-აკადემიის” ახალგაზრდა თაობის წამომადგენლებმა დიდი გამოცდილება მიიღეს სუპერლიგის წამყვანი კალათბურთელების წინააღმდეგ თამაშით. “დინამომ” პირველ ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და შემდეგ მოედანზე ძირითადად სათადარიგოები შეუშვა. ხოშტარიას გუნდმა საბოლოოდ 91:59 მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი გაიფორმა.

გამარჯვებულებს 19 ქულით მიხეილ ჭოჭუამ ულიდერა, 16 დააგროვა სტევან მილოშევიჩმა, ხოლო სერბმა მილოშ პეშიჩმა დინამოელებს 14 ქულა შესძინა. აკადემიელთაგან გამოსარჩევია შოთა გელაზონიას კარგი თამაში, რომელიც რიგ მომენტებში ტოლს არ უდებდა “დინამოს” ლეგიონერ ოპონენტ მილოშევიჩს. გელაზონიამ 16 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, მისმა თანაგუნდელმა ლევან გორდულაძემ კი – 14.  აღსანიშნავია ერეკლე ლორთქიფანიძის 4 სამქულიანი და შესაბამისად მოგროვებული 12 ქულა.

მეორე ფინალისტი დაძაბულ ბრძოლაში გამოვლინდა. “არმია” და “სოხუმი” ერთმანეთს ჯგუფში პირველი ადგილისთვის შეხვდნენ. ეს გუნდები დაახლოებით ერთი დონისანი არიან და ვარაუდი, რომ დაძაბული და საინტერესო ბრძოლას გამართავდნენ, გამართლდა. ორივე გუნდი დაცვაზე იყო ორიენტირებული და პირველ მეოთხედში მთლიანობაში მხოლოდ 21 ქულა გაკეთდა: “არმიამ” 11:10 იმარჯვა. მეორე მეოთხედში “სოხუმი” დაწინაურდა, თუმცა მცირედით და საერთო ჯამში, ბოლო მეოთხედამდე, შეხვედრა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა.

გადამწყვეტი მეოთხედის წინ სოხუმელები 47:46 იგებდნენ და თითქოს ბოლომდე ასეთი თანაბარი ბრძოლა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა გუნდმა სწორედ გადამწყვეტ ეპიზოდში მოახერხა მობილიზება. ჯოშუა ჯექსონისა და ჯერემი საიმონსის ძალისხმევით “სოხუმმა” მოახერხა მეტოქის წინააღმდეგობის გატეხვა და ბოლო მეოთხედის საწყის 5 წუთში სოლიდური გარღვევა მოაწყვეს. აღნიშნული მონაკვეთი სოხუმელებმა 11:0 მოიგეს და 58:46 დაინაურდნენ. დარჩენილ დროში გააზრებული თამაშის
წყალობით “სოხუმმა” უპირატესობა შეინარჩუნა და საბოლოოდ 68:58 გაიმარჯვა. “სოხუმს” ულიდერა ჯოშუა ჯექსონმა, რომელითავის გუნდში ერთადერთი იყო, რომელმაც საკუთარი მონაგარი ორნიშნა რიცხვით გამოხატა – 29. ამერიკელი ჯერემი საიმონსის ანგარიშზე 9 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა. “არმიაში” 17 ქულა ჰქონდა მიხეილ ბერიშვილს, ბუბა კვიმსაძისა და გიორგი ჯგერენაიას ანგარიშზე კი 11-11 ქულაა.

ფინალი 24 დეკემბერს სპორტკომპლექს “არენაში” 17:00 გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,დინამოს’’ ფინალში გასვლას, ძლიერი გუნდია და ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ბიჭებისთვის უდიდესი გამოცდილება იყო მილოშევიჩთან, კარტერთან, პესიჩთან და ასეთი დონის სხვა მოთამაშეებთან თამაში, ამით კლასს უფრო აიმაღლებენ და ეს მომავალში ძალიან გამოადგებათ.

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):  პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ დუბლ-შემადგენლობას ვეთამაშეთ და ამ მხრივ პრობლემა არ გვქონია, ერთადერთი პრობლემა იყო დარბაზში სიცივე, ფედერაციამ ამას აუცილებლად უნდა მიაქიოს ყურადღება. რაც შეეხება ფინალს, ველოდები თამაშს, სადაც გაირკვევა ჩვენი მეტოქე, ორივე ძლიერი გუნდია და საინტერესო შეხვედრა გველის.

 კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ”სოხუმს” გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ ფინალში. ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა ღირსეულად იბრძოლა, თუმცა ერთ ეპიზოდში ჩავარდნა მოგვივიდა, ”სოხუმი” კი ძლიერი გუნდია და ბუნებრივია, შეცდომა არ გვაპატია. წინ უამრავი მატჩი გველოდება, სეზონი გრძელია და მაქსიმალურად გამოვასწორებთ ჩვენს  შეცდომებს.

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ,,არმიას’’ წელს მესამედ შევხვდით, ორი თამაში მოგებული გვქონდა და მოსალოდნელი იყო, რომ დღეს გაგვიჭირდებოდა. არმია აწყობილი მექანიზმია, კარგი კალათბურთელებით დაკომპლექტებული და საქართველოში დღესდღეისობით საუკეთესო პირობები და ბაზა აქვთ. რაც შეეხება ,,დინამოს’’, სერიოზული ფინალი გველის, ძლიერი ლეგიონერები ჰყავთ, მათაც ძალიან აწყობილი და დალაგებული გუნდი აქვთ და ვეცდებით, ამ მექანიზმს დავუპირისპირდეთ. წინ ერთი დღე გვაქვს, დავისვენებთ და დღევანდელ ხარვეზებს გავაანალიზებთ.