ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დაიწყო.
პირველ მატჩში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო რამდენიმე მოთამაშე აკლდათ, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა მეტოქე იოლად დაამარცხეს. ეს არცაა გასაკვირი. სტუ მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ყველაზე სუსტად ასპარეზობს. ზურაბ ტომარაძის გუნდი ერთადერთია, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვება არ მოუპოვებია. აღსანიშნავია, რომ სტუ-მ პირველ ტაიმში მეტოქეს არაფერი დაუთმო. მეორე მეოთხედის ერთ ეპიზოდში ტექნიკოსები დაწინაურდნენ კიდეც, თუმც დიდ შესვენებას „დინამო“ მაინც ლიდერად შეხვდა – 35:34. მესამე მეოთხედიდან დინამოელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და დარჩენილ დროში მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს, რაც საბოლოო ანგარიშზეც აისახა – 85:59.
„დინამოში“ საუკეთესო შედეგი ამერიკელ ფლინ კლაიმანს ჰქონდა, რომელმაც 22 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. 14 ქულა მიითვალა ბექა ღუდუშაურმა, ხოლო შოთა გელაზონიამ 12 ქულა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. სტუ-ში ათქულიანი ზღვარი ტატო ჩაჩიბაიამ და დავით პირველაშვილმა გადალახეს. პირველმა რომელმაც 15 ქულა დააგროვა, მეორემ – 11.
დღის მეორე შეხვედრაში მემორიალის შარშანდელმა გამარჯვებულმა „არმიამ“ სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს 99:62 მოუგო.
მატჩის ბედი პირველივე მეოთხედში გაირკვა. აღნიშნული პერიოდი „არმიამ“ 30:12 მოიგო და ცხადი გახდა, რომ დარჩენილ დროში გამარჯვებამდეც იოლად მივიდოდა. მეორე ათწუთეული არმიელებმა 24:14 მოიგეს და დიდ შესვენებაზე კოტე ტუღუშის გუნდი 28-ქულიანი ლიდერობით გავიდა.
მეორე ტაიმში არმიელებმა ტემპი დააგდეს. დარჩენილ დროში მედიკოსებს მხოლოდ 8 ქულით აჯობეს და საბოლოოდ 99:62 გაიმარჯვეს. თავდაცვის სამინისტროს გუნდმა გუნდურად ითამაშა. გამოკვეთილად გამორჩეული სტატისტიკა არც ერთ კალათბურთელს არ ჰქონია. 16 ქულით ბომბარდირი ლაშა ფარღალავა გახდა, ხოლო გიორგი ჯგერენაიას ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.
ხვალ მემორიალზე 2 მატჩია. 14 საათზე „ოლიმპი“ თსსუ-ს შეხვდება, ხოლო 16 საათზე „არმია“ სტუ-ს დაუპირისპირდება.