ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დღეს მ.ქორქია-ზ.საკანდელიძის მემორიალის მეორე დღის შეხვედრები გაიმართა. შეგახსენებთ, რომ წლევანდელ მემორიალში სუპერლიგაში მონაწილე 7 გუნდი ასპარეზობს: არმია, სტუ, დინამო, რუსთავი, შსს, თსუ და სოხუმი.
დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს სოხუმისა და რუსთავის გუნდები დაუპირისპირდნენ, სოხუმელებმა თავიდანვე მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა და
საბოლოოდ მატჩში დიდი სხვაობით, 81:61 იმარჯვეს. ,,ზღვისპირელთა“ რიგებში საუკეთესო ვახტანგ ქადარია იყო, რომელმაც 15 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო ,,რუსთავის“ შემადგენლობაში 12 ქულა ლევან ხმელიძის ანგარიშზეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თსუ-ს დაპირისპირება ,,ძალოვანთა“ სოლიდური მოგებით დასრულდა – 105:73. შსს-მ თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს და
მემორიალში მეორე გამარჯვება მიითვალა. ,,სტუდენტთა“ შემადგენლობაში 22 ქულით ბექა ჩიკვილაძე გამოირჩა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 22 ქულით საუკეთესო
ლარი ბლერი გახლდათ, 12 ქულითა და 10 მოხსნით კი ორმაგი დუბლი ტრეისი სმიტის ანგარიშზეა.
დღის დასკვნით მატჩში ,,არმიამ“ 125:64 გაანადგურა ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი და მემორიალი მოგებით გახსნა. გამარჯვებულებს 21 ქულით უილიამ
ტომასმა ულიდერა, ხოლო სტუ-ს რიგებში 19 ქულით ზურაბ მაჩალაძე გამოირჩა.
ხვალ, 18 იანვარს მემორიალის მესამე დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ერთმანეთს თსუ-რუსთავი, არმია-დინამო და სოხუმი-შსს დაუპირისპირდებიან.
მატჩები 12, 14 და 16 სათზე გაიმართება.
ოლიმპიური ჩემპიონების მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალის ფინალისტთა ვინაობა სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, ფინალური შეხვედრა კი 20 იანვარს 16 საათზე
საკალათბურთო აკადემიის დარბაზში შედგება.