ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დასრულდა მ.ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალის მესამე ტურის შეხვედრები, სადაც ფინალისტთა ვინაობა გაირკვა.
დღის პირველ შეხვედრაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ,,რუსთავი“ დამაჯერებლად 99:71 დაამარცხა. თსუ-ს შემადგენლობაში
საუკეთესო 25 ქულით სოსო შერმადინი იყო, ხოლო ,,ქვემოქართლელებს“ 27 ქულა რევაზ ჩაჩანიძემ შესძინა.
საინტერესო გამოდგა ,,ა“ ჯგუფის დაპირისპირება ,,არმიასა“ და ,,დინამოს“ შორის, რომელსაც მემორიალის ერთ-ერთი ფინალისტი უნდა გამოევლინა. ,,არმიამ“ 11-ქულიანი სხვაობით, 79:68 დაამარცხა ,,დინამო“ და ფინალური საგზური მოიპოვა. შეხვედრის პირველი ნახევარი არმიელთა უპირატესობით წარიმართა, რომლებმაც მატჩის პირველ ნახევარში 36:25 იმარჯვეს.
დაძაბული იყო მატჩის მესამე მეოთხედი, სადაც დინამოელები ძალიან გააქტიურდნენ და აღნიშნული ათწუთეულის დასრულებამდე 1:23 წუთით ადრე სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანეს – 46:42. პერიოდის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე კი გუნდებს შორის ანგარიშში სხვაობა კვლავ 4-ქულას შეადგენდა – 49:45. დარჩენილ დროში ,,დინამომ“ კვლავ იაქტიურა და მესამე პერიოდის დასასრულს სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა – 49:48. მეოთხე მეოთხედი არმიელთა სასარგებლოდ დაიწყო, რომლებმაც შეძლეს მობილიზება და წინ 3 ქულით, 51:48 გავიდნენ. ამის შემდეგ არმიელებს მოპოვებული უპირატესობა აღარც დაუკარგავთ, სხვაობა 10 ქულამდე გაზარდეს, მატჩი მოგებით დაასრულეს და მ. ქორქია-ზ.საკანდელიძის მემორიალის ფინალში გავიდნენ.
თავდაცვის სამინისტროს გუნდს 24 ქულით უილიამ ტომასმა ულიდერა, ხოლო 14 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი ბენჟამინ ვუდსაიდმა შეასრულა. ,,დინამოს“ შემადგენლობაში კი 19-19 ქულა დუდა სანაძისა და ქიენ კარტერის ანგარიშზეა.
დღის დასკვნით მატჩში ერთმანეთს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სოხუმის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ანგარიშით 75:75 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმი კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა, სადაც საბოლოოდ ,,სოხუმმა“ მოიპოვა გამარჯვება -84:82.
თავდაპირველად მატჩი შსს-ს უპირატესობით დაიწყო, რომელთაც საწყის ათწუთეულში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს -24:13, ხოლო მეორე მეოთხედში სოხუმელები
გააქტიურდნენ, მეტოქეს არ დაუთმეს და შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ – 36:36 დაასრულეს. მესამე მეოთხედი კვლავ ,,ზღვისპირელთა“ უპირატესობით წარიმართა, ხოლო დასკვნითი, მეოთხე ათწუთეული უკიდურესად დაძაბული აღმოჩნდა. აღნიშნული პერიოდი შსს-ს მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა, რომლებიც პერიოდის მე-4 წუთზე სოხუმის გუნდს 5 ქულის სხვაობით, 61:56 ამარცხებდნენ. სულ სხვაგვარი სიტუაცია შეიქმნა მატჩის დასასრულს: შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 35.1 წამით ადრე ირაკლი ჩლაიძის 3-ქულიანის წყალობით ანგარიშში სხვაობა მინიმუმადე დავიდა -71:72, თუმცა 25 წამით ადრე წინ კვლავ შსს გავიდა – 73:71. ლევან ფაცაციამ 2-ქულიანი მოათავსა მეტოქეთა
კალათში და სხვაობა გაათანაბრა – 73:73. 19.9 წამით ადრე რობო კრეპსიმ 2 საჯარიმოდან 2-ვე ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა – 75:73. მატჩის
ძირითადი დროის ამოწურვამდე რამდენიმე წამით ადრე გიორგი ჯგერენაიმ 2-ქულიანი მიითვალა და შეხვედრაც ფრედ, 75:75. დასრულდა.
დამატებითი დრო კიდევ უფრო საინტერესო და ემოციური გამოდგა, რომელიც ქულა-ქულაში წავიდა. შეხვედრის
დასრულებამდე 2 წამით ადრე, სოხუმელები ქულით დაწინაურდნენ – 83:82, ირაკლი ჩლაიძემ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 84:82.
სოხუმელთა შემედგენლობაში ორმაგი დუბლი ლაშა ფარღალავამ(29ქ.11მ.8პ) და ლევან ფაცაციამ შეასრულეს(23ქ.18მ), ხოლო შსს-ს მხრიდან ყველაზე მეტი 26 ქულა რობო
კრეპსმა დააგროვა. ორმაგი დუბლი კი სამმა მოთამაშემ მიითვალა: ჯეფრი მაკქემონმა(14ქ.16მ), ლარი ბლერმა(17ქ.10პ) და ტრეისი სმიტმა(16ქ.10მ).
მ.ქორქია-ზ.საკანდელიძის მემორიალის ,,ბ“ ჯგუფში შსს, თსუ-სა და ,,სოხუმს“ თანაბარი ქულები დაუგროვდათ, თუმცა ურთიერთშეხვედრებში ყველაზე
კარგი მაჩვენებლი შსს-ს აღმოაჩნდა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ასე რომ, 20 იანვარს, ოლიმპიური ჩემპიონების მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალის ფინალში, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში 18 საათზე გაიმართება ერთმანეთს არმია-შსს დაუპირისპირდებიან.