ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში ერთმანეთს “ვერა” და “ქუთაისი” შეხვდებიან. სატიტულო მატჩი 24 იანვარს, ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიურ ქალაქ ქუთაისში, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართება.
მემორიალის ფინალში პირველად ითამაშებს მოკლე ისტორიის მქონე გუნდი “ვერა”. 3 წლის წინ შექმნილმა თბილისურმა გუნდმა “ა” ლიგიდან სუპერლიგაში აღზევება, უძლიერესთა შორის ადგილის დამკვიდრება და ახლა უკვე მემორიალის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ვერელებმა ფინალის საგზური იოლად მოიგეს. ნახევარფინალურ მატჩში ბრძოლა არ შედგა. “კაკტუსმა” ვერ მოახერხა ვერელთათვის წინააღმდეგობის გაწევა და მატჩი ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. ლევან ფაცაციას დებიუტი “ვერას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ საკანდელიძე-ქორქიას მემორიალზე შედგა და ახალგაზრდა სპეციალისტი წარმატებით მიიწევს თავის ახალი კლუბისთვის პირველი ტიტულის მოსაპოვებლად.
“ვერამ” პირველი პერიოდი 32:17 მოიგო, მეორე – 23:15 და დიდი შესვენებისთვის 23 ქულით ლიდერობდა. როცა თამაში არსებული სცენარით გაგრძელდა და მესამე პერიოდში ვითარება არ შეიცვალა, შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყდა. ვერელთა ლიდერობამ 30 ქულას გადააჭარბა და მატჩმა სპორტული აზარტი დაკარგა. საბოლოოდ ვერელებმა 106:74 (სტატისტიკა) მოიგეს, რაშიც ყველაზე მოზრდილი წილი ბრაისონ სკოტს მიუძღვის. სუპერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ლეგიონერმა 24 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. 16-16 ქულა ნოდარ თენიეშვილმა და ვერელთა ახალმა ლეგიონერმა, აარონ პარკსმა მოაგროვეს. “კაკტუსში” 14 ქულა ლევან მასხულიამ მიითვალა, სამაი ჰეინს-ჯონსის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა.
ძალიან დაძაბული და ემოციური გამოდგა მეორე ნახევარფინალი, რომელშიც “ქუთაისმა” 3 ქულით – 89:86 (სტატისტიკა) დაამარცხა თსუ. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. გამარჯვება როგორც ერთ, ისე მეორე გუნდს შეეძლო და იმსახურებდა კიდეც, თუმცა ყველაფერი ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა. ეს გახლდათ თსუ-ელთა მხრიდან ბურთის დაკარგვა შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე, როცა უნივერსიტეტელები ქულით – 86:87 ჩამორჩებოდნენ და აღნიშნული შეცდომის გამო წასაგებად გაიწირნენ.
მატჩის განმავლობაში თსუ-მ არაერთხელ მოახერხა სოლიდური დეფიციტის აღმოფხვრა. თავდაპირველად ეს დიდი შესვენების შემდეგ მოხდა, როცა პირველი ნახევრის 9 ქულით წაგების შემდეგ უნივერსიტეტელებმა გაქცევა მოაწყვეს და დაწინაურდნენ კიდეც. იმერული კლუბი სტაბილურობას ინარჩუნებდა და ბოლო პერიოდში კვლავ მოახერხა ხელჩასაჭიდი ლიდერობის მოპოვება. შეხვედრის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე ქუთაისელები 85:79 გალიდერდნენ, თუმცა ქუენტინ დავისა და ბრაის სმიტის მექულეობით თსუ-ელებმა მოახერხეს ბოლო წუთზე გათანაბრება.
ილია ლონდარიძემ მატჩის დასრულებამდე 40 წამით ადრე ზუსტი გარღვევით 2 ქულით დააწინაურა ქუთაისელები, ხოლო საბა ლობჯანიძემ 2-დან მხოლოდ 1 საჯარიმო მიითვალა და თსუ-მ ჩამორჩენა მინიმუმადე შეამცირა. ამ მატჩში ქუთაისელთა ბომბარდირმა ჟოელ ალმეიდამ საფინალო სირენამდე 13 წამით ადრე ბურთი დაკარგა და უნივერსიტეტელებს მოგების შანსი მიეცათ. ეს სწორედ ის მომენტია, რაც ზემოთ ვახსენეთ და რა დროსაც თსუ-ელებმა ბურთთან ერთად გამარჯვების შანსიც დაკარგეს.
ქუთაისელთაგან საუკეთესო დეჟან რაითი გახლდათ, რომელმაც ტრავმიანმა ითამაშა და 19 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ალმეიდამ 22 ქულა მიითვალა, ხოლო სამმა ქუთაისელმა – დვალიშვილმა, რენსომმა და ბარბაქაძემ 10-10 ქულა დააგროვეს. თსუ-ში 28 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ქუენტინ დავი. 17 ქულა საბა ლობჯანიძემ მოახროვა, ხოლო მიხეილ ჭოჭუასა და ბრენდონ სლაის ანგარიშზე 10-10 ქულა დაგროვდა.
ფინალური მატჩი 24 ნოემბერს, ქუთაისის ოლიმპიურ სასახლეში, 15:00 საათზე გაიმართება.