მემორიალის გამარჯვებული „ოლიმპი“ გახდა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ხსოვნის ტურნირის ფინალში „რუსთავი“ დაამარცხა.
სპორტის სამინისტროს გუნდმა მეტოქეს ისე მოუგო, წარმატების შანსი არ მიუცია – 80:67. „ოლიმპისთვის“, რომელსაც მხოლოდ ორწლიანი ისტორია აქვს, ეს პირველი ტიტულია. სუპერლიგის გასული სეზონის ფინალისტმა აღმავლობით ჩაატარა მემორიალი, ყველა მატჩი დამაჯერებლად მოიგო და ფინალშიც თავისი კლასი დაამტიკიცა.
პირველ მეოთხედში შედარებით თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, გუნდები ძირითადად შორი ტყორცნებით ხეირობდნენ, რაშიც უფრო ზუსტები ოლიმპელები აღმოჩდნენ და ათწუთეული 23:16 მოიგეს.
რუსთაველებმა ყველაზე შედეგიანად მეორე მეოთხედში ითამაშეს, რომელიც 21:18 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა ოთხ ქულამდე შეამცირეს.
მეორე ტაიმში ოლიმპელებმა ტემპს და სიზუსტეს უმატეს და უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდეს. შეუჩერებელი იყო სერბი ლეგიონერი სტეფან მილოშევიჩი, რომელმაც 17 ქულასთან ერთად ტურნირზე უმეტესი 20 მოხსნა მოაგროვა. გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდო მიხეილ ბერიშვილმა, რომელსაც უკანა ხაზიდან ზურგს სტენ სოკი და ლევან ფაცაცია უმაგრებდნენ.
ბოლო პერიოდში ოლიმპელთა ლიდერობა 6-10 ქულის ფარგლებში მერყეობდა, რაც არაა ბევრი, თუმცა კაზანჯიანის გუნდი სტაბილურად ინარჩუნებდა მოპოვებულ უპირატესობას და გამარჯვებამდეც ისე მივიდა, რუსთაველებს წარმატების შანსი არ მისცემიათ.
ტურნირზე დაწესებული იყო ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიასა სახელობის პრიზები საუკეთესო წინა და უკანა ხაზის მოთამაშეებისთვის. მემორიალის საუკეთესო მოთამაშეებს – მიხეილ ბერიშვილსა და სტეფან მილოშევიჩს სპეციალური პრიზები კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრებმა, ვეტერანმა კალათბურთელებმა გივი ბიჭიაშვილმა და ვალერი ლომაძემ გადასცეს. დაჯილდოვების საზეიომო ცერემონიალი ოლიმპელთა კაპიტან ბერიშვილისთვის თასის გადაცემითა და ფოიერვერკით დასრულდა. გამარჯვებულებს თასი ვეტერანმა კალათბურთლმა, კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრმა და მიხეილ ქორქიას ნათესავმა, ნოდარ ქორქიამ გადასცა.