ქუთაისში მიმდინარე ზურაბ ქორქიასა და მიხეილ ქორქიას მემორიალმა დღეს მეორე ტურის მატჩებს უმასპინძლა. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მატჩების შემდეგ ოფიციალურად ვერც ერთმა გუნდმა ვერ გაინაღდა ფინალის საგზური. ფავორიტი „ქუთაისი“ და „მგზავრები“ თუკი ხვალ გამარჯვებებს მოიპოვებენ, ფინალში გავლენ.
მგზავრები – კაკტუსი 74:69
ტურნირის კიდევ ერთი დაძაბული მატჩი „მგზავრებსა“ და „კაკტუსს“ შორის გაიმართა. შეხვედრას თავიდან კაკტუსელები იგებდნენ. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი გუნდის უპირატესობამ მესამე პერიოდის დასაწყისში 10 ქულასაც მიაღწია, თუმცა ამერიკელი ლეგიონერების დახმარებით „მგზავრებმა“ ვითარების გამოსწორება შეძლეს და მესამეპერიოდის ბოლომდე ჩამორჩენაც აღმოფხვრეს და 8 ქულითაც დაწინაურდნენ. მოპოვებული უპირატესობა ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა „მგზავრებმა“ ხელიდან აღარ გაუშვეს და საბოლოოდ 74:69 გაიმარჯვეს. 22 ქულით ბომბარდირი კორი ალენი გახდა, 17 ქულა და 7 პასი კაშიმ რენსომის ანგარიშზეა. „კაკტუსში“ 24 ქულით საუკეთესო ბექა ჩიკვილაძე გახლდათ, ხოლო ტრენტონ ბრიჯმენმა 14 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.
არენა – რუსთავი 81:72
პირველლიგელმა „არენამ“ პირველ ტურში ბოლო წამებზე დათმო „კაკტუსთან“ შეხვედრა, ხოლო დღეს მეორე სუპერლიგელს შეხვდა და გამარჯვებაც მოიპოვა. არენელთა მეტოქე „რუსთავი“ გახლდათ, რომელიც სუპერლიგაშიც კი ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება. მიუხედავად ამისა, „არენამ“ მობილიზებით ჩაატარა შეხვედრა და 9 ქულის სხვაობით – 81:72 გაიმარჯვა. „ა“ ლიგის გუნდში 18 ქულით ბომბარდირი რაიან ლუისი გახდა, 16 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი ქაქუცა აბაიშვილმა მოაგროვა, პიტერ ალექსის ანგარიშზე კი 13 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა. „რუსთავში“ 25 ქულითა და 7 პასით საუკეთესო იყო ჩარლი ლი, ქეისი კასპერბაუერის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.
სეუ – წყალტუბო 72:70
პირველლიგელთა დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. „სეუ-რინოს“ ფორვარდმა დავით მაისურაძემ გამარჯვების ბურთი ჩააგდო და შეხვედრა ლაშა ეძგვერაძის გუნდის გამარჯვებით – 72:70 დასრულდა. ეს გახლდათ სეუ-ელთა პირველი გამარჯვება მემორიალზე
და თუკი დასკვნით ტურში ისინი მასპინძელი „ქუთაისის“ დამარცხებას მოახერხებენ, ფინალში გავლენ. დღევანდელ მატჩში კი 33 ქულით საუკეთესო გახდა ჯამალ ვილსონი. დავით მაისურაძე გამარჯვებულებს 26 ქულით შეეხიდა, ხოლო რიჩარდ მათიაშვილს ქულა არ მოუპოვებია, თორემ 15 მოხსნა და 11 პასით თავისიანებს დიდი დახმარება გაუწია. „წყალტუბოში“ ბრაიან ბლექმონმა 26 ქულა მოაგროვა, ხოლო დმიტრი სვირიდოვმა – 14 ქულა და 22 მოხსნა.
ქუთაისი – სოხუმი 103:97
ეს მატჩი ტურნირის ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, რომლის ბედიც ვერც ძირითადმა დრომ გაარკვია და ვერც – დამატებითმა. სოხუმელებმა დიდი უპირატესობა გაუწიეს ტურნირის მასპინძელსა და ფავორიტ „ქუთაისს“ და ცოტაც რომ გამართლებოდათ, მიმარჯვებდნენ. მატჩის ძირითად დროსა და პირველი ოვერტაიმის ბოლოს მასპინძლებს გაუმართლათ,
რადგან სოხუმელებმა დასკვნითი შეტევა გააცუდეს. აი, მეორე დამატებით პერიოდში კი „ქუთაისმა“ მატჩის ბედი თავიდანვე გაარკვია: 97:90 დაწინაურდა და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდა – 103:97. გამარჯვებულებს 27 ქულითა და 12 პასით გიორგი ცინცაძემ ულიდერა. 21 ქულა და 9 მოხსნა გიორგი ბარბაქაძის ანგარიშზეა, ხოლო აკაკი ლომოურმა მნიშვნელოვანი სამქუიანიები და საბოლოოდ 14 ქულა ჩააგდო. „სოხუმში“ 23 ქულითა ბომბარდირი დუეინ ლათანი გახდა. 22 ქულა დავით ბარბაქაძის ანგარიშზეა.