დღეს საკანდელიძე-ქორქიას მემორიალში მიმდინარე სუპერლიგის ლიდერი „ოლიმპი“ ჩაერთო, რომელმაც სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს გამანადგურებელი
მარცხი აგემა. ორი განსხვავებული ამბიციის გუნდის შეხვედრა ნაკლებად საინტერესო გამოდგა, რომლის ბედიც პირველ მეოთხედში გაირკვა.
საწყის ათწუთეულში ოლიმპელებმა მედიკოსებს ყველა კომპონენტში აჯობეს და პერიოდი 38:15 მოუგეს. მეორე მეოთხედში სპორტის სამინისტროს გუნდმა უპირატესობა 36 ქულამდე გაზარდა და მთავარმა მწვრთნელმა, გია კაზანჯიანმა თავის გამოჩენის საშუალება გუნდის ყველა წევრს მისცა. „ოლიმპში“ ითამაშა ლიტველმა ახალწვეულმა მარტინას ანდრიუკაიტისმა,
რომელმაც 24 წუთში 9 ქულა და ამდენივე მოხსნა მოაგროვა. ბალტიისპირელი ფორვარდი მიმდინარე მემორიალში ითამაშებს და დაიტოვებს თუ არა მას „ოლიმპი“, ტურნირის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
ოლიმპელთაგან ორმაგი დუბლით (19 ქულა, 10 მოხსნა) დააფიქსირა სერბმა სტეფან მილოშევიჩმა, 19 ქულით დაასრულა ასპარეზობა ლევან ფაცაციამ, ხოლო კოკა
ტომარაძემ პირად ანგარიშზე 19 ქულა ჩაიწერა. სამედიცინო უნივერსიტეტიდან ათქულიანი ზღვარი მხოლოდ გიორგი რევაზაშვილმა (13) დაძლია.
რაც შეეხება დღევანდელი დღის მეორე შეხვედრას, ის თანაგუნდელებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო შეწყდა. სტუ „არმიას“ ხვდებოდა, მიმდინარეობდა მესამე პერიოდი და ანგარიშით 63:44 წინ თავდაცვის სამინისტროს გუნდი იყო. სტუ-ს მოთამაშეები ვაჟა ჯანაშია და გიგა კვეტენაძე მოედანზე შელაპარაკდნენ. მატჩი შეჩერდა და ინციდენტის მონაწილეები მოედნიდან გავიდნენ, რომლებიც მოგვიანებით გასახდელისკენ გაემართნენ. გასახდელის შესასვლელთან ჯანაშიამ და კვეტენაძემ ჩხუბი ატეხეს, რომელთა გასაშველებლად სტუ-ს მთელი გუნდი გაემართა. მთავარმა მსაჯმა, მაკა კუპატაძემ მატჩი შეწყვიტა და არსებული ანგარიში ძალაში დატოვა. შესაბამისად, „არმიას“ გამარჯვება ჩაეთვალა – 63:44.
დებულების თანახმად ინციდენტში მონაწილეებს სანქციები ელით, თუმცა კონკრეტულ სასჯელს კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტს.