ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი ამ ლეგენდარული კალათბურთელების მშობლიურ ქალაქ ქუთაისში დაიწყო. ოლიმპიური
ჩემპიონების სახელობის ტურნირი პირველად 2006 წელს ჩატარდა და წელს ქუთაისი რიგით მე-12 გათამაშებას მასპინძლობს.
მემორიალში 8 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან 5 სუპერლიგისაა, ხოლო 3 – „ა“ ლიგის. გუნდები 2 ქვეჯგუფში არიან განაწილებულნი და 14, 15 და 16 იანვარს ერთმანეთში ერთ წრეს გაითამაშებენ, რის შემდეგაც პირველ ადგილებზე გასული გუნდები ფინალის საგზურს მოიპოვებენ. დღეს, ქუთაისის ზურაბ საკანდელიძისა და მიხხეილ ქორქიას სახელობის
სპორტის სასახლეში პირველი ტურის მატჩები გაიმართა.
ქუთაისი – წყალტუბო 65:84
სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერისა და „ა“ ლიგის წარმომადგენლის მატჩი 84:65 დასრულდა. მასპინძელმა „ქუთაისმა“ წყალტუბოელებს საბოლოოდ დამაჯერებელი
სხვაობით მოუგო, თუმცა აღსანიშნავია ზურა ტომარაძის გაწვრთნილი გუნდის შეუპოვარი თამაში, რომელმაც მესამე პერიოდში ჩამორჩენა 7 ქულამდეც შეამცირა, თუმცა გაცილებით გამოცდილმა ქუთაისელებმა ბოლო პერიოდში იძალეს და საბოლოოდ დამაჯერებელ გამარჯვებას დაეპატრონნენ.
კოტე ტუღუშის გუნდმა მძლავრად ჩაატარა შეხვედრის პირველი და ბოლო პერიოდები, რისი წყალობითაც მემორიალზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქუთაისელთა გუნდში 19 ქულითა და 12 მოხსნით ბექა ბექაური გამოირჩა, ხოლო გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 11 ქულა და 14 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. წყალტუბოელთაგან ლეგიონერები გამოირჩნენ: ბრაიან ბლექმონმა 23 ქულა მიითვალა, დმიტრი სვირიდოვის ანგარიშზე კი 16 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა.
არენა – კაკტუსი 74:75
ტურნირის მეორე მატჩშიც ერთმანეთს სუპერლიგელი და „ა“ ლიგელი დაუპირისპირდნენ. „არენა“ საკმაოდ საინტერესო გუნდია, რომელიც რიგიანი ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც ქართველი ახალგაზრდებიც ეხმარებიან. არენელებმა შარშან „ა“ ლიგიდან სუპერლიგაში გადასულ „კაკტუსს“ თანაბარი ბრძოლა გაუმართეს და მხოლოდ ბოლო წამებზე – 1 ქულით დათმეს შეხვედრა.
„არენა“ უფრო დიდ ხანს იყო წინ, ვიდრე „კაკტუსი“, მაგრამ დასკვნითი წუთები მეტი გამოცდილების მქონე სუპერლიგის გუნდმა უფრო მობილიზებით ჩაატარა და საბოლოოდ 75:74 გაიმარჯვა. 15 ქულთ ბომბარდირი ბექა ჩიკვილაძე გახდა, 14 ქულა მოაგროვა ტაილერ უაიტმა, ტრენტონ ბრიჯმენის ანგარიშზე კი 12 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. არენელთაგან 27 ქულითა და 14 მოხსნით პიტერ ალექსისი გამოირჩა, როდნერიუს ლუისმა კი შეხვედრა 18 ქულით დაასრულა. ორმაგ დუბლს უწია „სოხუმიდან“ „არენაში“ გადასულმა ალექსანდრე რიხლიუკმა – 15 ქულა, 16 მოხსნა.
რუსთავი – მგზავრები 101:104
ეს გახლდათ ისტორიაში შესატანი მატჩი, რადგან იშვიათად თუ მომხდარა იმხელა ჩამორჩენის გაბათილება, რაც „მგზავრებმა“ მოახერხა. შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი და რუსთაველები 87:70 იგებდნენ. მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა დარჩენილ დროში თბილისურმა გუნდმა თითქმის შეუძლებელი შეძლო და მატჩის ბოლოსწინა წამზე ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც ფსიქოლოგიურად უფრო მოწოდების სიმაღლეზე მდგომმა „მგზავრება“ იმარჯვეს და შეხვედრა – 104:101 დაასრულეს. გამარჯვებულებს 34 ქულით კენი ალენმა ულიდერა. 24 ქულა მოაგროვა ოთარ ფხაკაძემ, ხოლო კაშიმ რენსომის ანგარიშზე 21 ქულა დაგროვდა. „რუსთავში“ 31 ქულით რეზო ჩაჩანიძე გამოირჩა, ტომი სპანოლომ კი ქვემოქართველებს 18 ქულა და 11 მოხსნა შესძლინა.
სოხუმი – სეუ 89:53
პირველი ტურის ბოლო მატჩი დაძაბული ვერ გამოდგა. „სოხუმმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ა“ ლიგის გუნდს „სეუ-რინოსთან“. ამ უკანასკნელს 3 ლეგიონერი ჰყავს და რამდენიმე სახელიანი ქართველი ლეგიონერიც, თუმცა დღვანდელ შეხვედრაში შეთამაშება აკლდათ და გაცილებით მეტი სათამაშო გამოცდილების მქონე „სოხუმთან“ 53:89 წააგეს.გამარჯვებულთაგან 21 ქულით საუკეთესო შედეგი დავით ბარბაქაძემ დააფიქსირა. 17-17 ქულა გიორგი ჯგერენაიასა და დუეინ ლათანის ანგარიშზე დაგროვდა.“სეუ-რინოში“
12 ქულით საუკეთესო შედეგი დავით მაისურაძეს ჰქონდა.
15 იანვარს ქუთაისის სპორტის სასახლე მეორე ტურის 4 მატჩს უმასპინძლებს.