ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალი 20-25 იანვარს გაიმართება. აღნიშნული ტურნირი ტრადიციულია, 2006 წლიდან ტარდება და წელს იგი მე-17-ედ გათამაშდება. მემორიალი დედაქალაქში დაიწყება, სადაც ჯგუფური ეტაპის მატჩები და ნახევარფინალები ჩატარდება, ხოლო ფინალს, ტრადიციულად, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მშობლიური ქალაქი ქუთაისი უმასპინძლებს.
წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს. მემორიალში სუპერლიგის ყველა – 11 გუნდი და ერთიც “ა” ლიგის წარმომადგენელი – “მგზავრები” იასპარეზებს. მონაწილეები 4 ჯგუფში, სუპერლიგის მიმდინარე შედეგებით გადანაწილდნენ. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში გავა და მემორიალური თასის მოსაგებად ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ.
მემორიალის მოქმედი ჩემპიონი “ქუთაისია”, რომელმაც 2021 წლის 24 იანვარს ფინალურ მატჩში “ვერა” დაამარცხა. მთლიანობაში ქუთაისელებს საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალი ოთხჯერ აქვთ მოგებული.
ჯგუფური ეტაპის მატჩები (20, 21 და 22 იანვარი) და ნახევარფინალები (23 იანვარი) თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ნახევარფინალის საგზურებს თითოეული ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს. ფინალურ მატჩს ქუთაისის სპორტის სასახლე 25 იანვარს, 15:00 საათზე უმასპინძლებს.