ლეგენდარული ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის – ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი “ქუთაისი 2010”-მა მოიგო. კოტე ტუღუშისა და კახაბერ დარახველიძის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა სუპერსათასო მატჩი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს მოუგო. თსუ წინა სეზონის თასის მფლობელია, “ქუთაისი 2010” კი ჩემპიონი, სეზონიც ამ ტიტულების მფლობელი გუნდების დაპირისპირებით დაიწყო – სუპერთასი არის პირველი ოფიციალური ტიტული, რომელიც სეზონის დასაწყისში თამაშდება.
ქუთაისი ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობს და პირველი მატჩი 9 ოქტომბერს, სლოვაკეთში ელის. გუნდი ევროსეზონისთვის ემზადება და სუპერსათასო მატჩიც ამ ჭრილში ცალკერძ მოსამზადებელი, ცალკერძ კი მოსაგებად ღირებული დაპირისპირება გახლდათ. ქუთაისელები ვერ შესწვდნენ დუდუ დადიანის თასს, რომელიც რუსთავში ამ დღეებში გათამაშდა. ამით გულდამძიმებულმა იმერულმა კლუბმა სუპერსათასო მატჩში შანსი არ დაუტოვა თსუ-ს და აღნიშნული ტიტული არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიგო. ქუთაისელებმა სუპერთასი პირველად 2014 წელს მოიგეს, მეორედ 2019-ში, შემდეგ 2021-ში და რიგით მეოთხე ტიტულს დღეს, თბილისი არენაზე დაეპატრონნენ.
თსუ თამაშობდა ლეგიონერების გარეშე. გუნდმა უკვე დააანონსა 2 ამერიკელის გუნდში დამატება, მაგრამ არც ერთი ჯერ ჩამოსული არაა. ამ მხრივ პარიტეტი დაცული იყო – არც ქუთაისს ჰყავდა განაცხადში ლეგიონერები – ჯოშ ფორტუნი ქუთაისელებმა დაითხოვეს, ხოლო ელია ჯოინერს ხელის ტრავმა აწუხებდა. თამაში არ ყოფილა უინტერესო, როგორც ეს საბოლოო ანგარიშიდან ჩანს. ქუთაისელებმა ხელჩასაჭიდ უპირატესობას ბოლო წუთებში მიაღწიეს, მანამდე კი მატჩის ბედი გაურკვეველი იყო.
ქუთაისმა ბოლო პერიოდი 23:14 მოიგო, რაშიც ლომის წილი ბექა ბექაურს მიუძღვის. გამოცდილმა კალათბურთელმა საკვანძო მომენტში გამოიჩინა შედეგიანობა და ქუთაისს მნიშვნელოვანი ქულები შესძინა, რის შემდეგაც საქმეს ხელი გიორგი კორსანტიამ და მისმა თანაგუნდელებმა მოჰკიდეს. ბოლო წუთებზე სხვაობა მაქსიმალურად გაიზარდა,
შეხვედრა საბოლოოდ ქუთაისელთა 18-ქულიანი გამარჯვებით – 86:68 დასრულდა. ქუთაისელებს 20 ქულით, 11 მოხსნითა და 7 პასით გიორგი კორსანტიამ ულიდერა. 18 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი გიორგი ოჩხიკიძის ანგარიშზეა. 14 ქულა ბექა ბექაურმა დააგროვა. მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელზეც MVP-ის პრიზი გიორგი კორსანტიას გადაეცა. ქუთაისის ცენტრ-ფორვარდი სპეციალური პრიზით კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ დააჯილდოვა. ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი კი ქუთაისელთა კაპიტან აკაკი დვალიშვილს ვეტერანმა კალათბურთელმა, ნოდარ ქორქიამ გადასცა.