სუპერთასი 2013

სუპერთასი 2013

საკალათბურთო კლუბი „ოლიმპი“  ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის მფლობელია. 2012-13 წლების სეზონის ბოლო ტიტული გია კაზანჯიანის გუნდმა მოიპოვა.

 ოლიმპელებმა 3 დღის წინ გაჩემპიონებული „შსს-აკადემია“ 90:72 დაამარცხეს. სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს სუპერლიგის ფინალურ სერიაში, რომელიც აკადემიელებმა საერთო ანგარიშით – 3:2 მოიგეს. შსს-ელები დაეპატრონენ საქართველოს თასსაც და რაკი ორივე ტიტულის მფლობელი გიორგის კეცელიდისის გუნდი გახდა, სუპერთასისთვის „შსს-აკადემიას“ ორივე შეჯიბრის ფინალისტი „ოლიმპი“ დაუპირისპირდა.

მატჩი ოლიმპელების უპირატესობით დაიწყო. კაზანჯიანის გუნდის ლიდერობამ პირველივე მეოთხედში 10 ქულას გადააჭარბა. მეორე ათწუთეულში ვიცე-ჩემპიონმა ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. დიდი შესვენებისთვის „ოლიმპი“ 53:32 იგებდა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გარკვეული იყო. აკადემიელთა მწვრთნელმა გიორგის კეცელიდისმა შანსი სათადარიგოებს მისცა და გუნდის ლიდერები, რომელთა მხრებზეც გადაიარა 3 დღის წინ დასრულებულმა ფინალურმა სერიამ, მოედანზე აღარ გამოსულან.

მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა. ოლიმპელებმა იოლად შეინარჩუნეს მოპოვებული სოლიდური უპირატესობა და სუპერთასის მოგებით გაიხარეს. „ოლიმპისთვის“ ეს სეზონის მეორე ტიტულია. დღეს მოგებულ სუპერთასამდე, იანვრის თვეში, გია კაზანჯიანის გუნდმა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი მოიგო.

დღევანდელი მატჩის ბომბარდირი მიხეილ ბერიშვილი გახდა 19 ქულით. მისმა თანაგუნდელებმა  – სტეფან მილოშევიჩმა, აკაკი დვალიშვილმა და ლევან ფაცაციამ პირად ანგარიშზე 12-12 ქულა ჩაიწერეს, ხოლო დარენ მორმა შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. აკადემიელთა შორის 15 ქულით ბომბარდირი კირკ არჩიბეკი გახდა, რომელმაც მხოლოდ 16 წუთი ითამაშა. 13 ქულა ჰქონდა დეონტა ვონს, ხოლო ბექა ბექაურმა „შსს-აკადემიას” 10 ქულა შესძინა.

გამარჯებულ ,,ოლიმპს’’  სუპერთასი ოთარ ქორქიას შვილმა, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ ქორქიამ გადასცა.

დღეს დასახელდნენ სუპერლიგის ნომინანტები. სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ზვიად მიქაძის ოჯახმა და მეგობრებმა დააწესეს, „შსს-აკადემიის“ გამთამაშებელმა რეზო როგავამ დაიმსახურა. სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებულ გეორგის კეცელიდისს ცნობილი  ქართველი მწვრთნელის, გიორგი ავალიშვილის სახელობის პრიზი მისმა ქალიშვილმა, ქალბატონმა ქეთევან ავალიშვილმა გადასცა.

რაც შეეხება სეზონის საუკეთესო მოთამაშეს, იგი გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. ჟურნალისტების, მწვრთნელებისა და კომისრების გამოკითხვის შედეგად საუკეთესოდ შსს-ს ამერიკელი გამთამაშებელი, დეონტა ვონი დასახელდა, მეორე ადგილი ოლიმპის მოთამაშემ სტევან მილოშევიცმა დაიკავა, ხოლო მესამე – ლევან ფაცაციამ. 

 საუკეთესო მწვრთნელს, მოთამაშეს და ახალგაზრდა კალათბურთელს სუპერლიგის პარტნიორმა ტოტალიზატორმა „ევროპა-ბეთმა“ პლანშეტური კომპიუტერები გადასცა. „ევროპა-ბეთმა“ დიდ შესვენებაზე მაყურებელთა შორის 100-ლარიანი დეპოზიტებიც გაათამაშა.  

 მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია 

 გია კაზანჯიანი(ოლიმპი): მოხარული ვარ, რომ ორი წლის განმავლობაში პირველად მოვიგეთ ტიტული, ქორქი-საკანდელიძის სახელობის თასი კი მოვიპოვეთ, თუმცა ის უფრო მემორიალია. მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. ჩემპიონატის შემდეგ ძნელი იყო კონცენტრირება ამ თამაშზე, ფსიქოლოგიურად მომზადება და ჩვენ ეს მოწინააღმდეგეზე უკეთ გამოგვივიდა. სამწუხაროდ, მე-6 თამაშმაც ვერ ჩაიარა ექსცესების გარეშე, თუმცა მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს, რომ ამის წამომწყებები არ ყოფილან.

გეორგის კეცელიდისი(შსს აკადემია): მივულოცავ ,,ოლიმპის’’ მწვრთნელს და მთლიანად გუნდს. თამაში ისეთი დაძაბული არ გამოდგა, როგორც ველოდით. წარმატებას ვუსურვებ ყველა ქართველო მოთამაშეს, გუნდს და მწვრთნელს მომავალ სეზონში. მადლობას ვეტყვი ყველას ,,საუკეთესო მწვრთნელის’’ ჯილდოსთვის. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია.

მიხეილ ბერიშვილი(ოლიმპი): ვულოცავ ჩემს გუნდს პირველ ტიტურლს. ფინალის წაგების შემდეგ რთული იყო ამ თამაშისთვის კონცენტრირება, თუმცა მოვახერხეთ მობილიზება და სასურველი შედეგის მიღება.

დეონტა ვონი(შსს აკადემია): პირველ რიგში, მივულოცავ ოლიმპს გამარჯვებას. მადლობას ვეტყვი საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, ჩემს კლუბს და ყველას, იმისთვის რომ მომეცა შანსი აქ მეასპარეზა. ბევრი რამ ვისწავლე და აქ თამაში ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო, პროფესიული თვალსაზრისით ძალიან გავიზარდე.