თურქეთთან შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ ქართველების მეტოქე თბილისი 2015-ზე მძლავრი ბოსნია იყო. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს ღირსეულად ებრძოლა და შეხვედრა 7 ქულთ – 74:81 დათმო.
ქართველების მწვრთნელმა გუშინ, თურქეთთან გამარჯვების შემდეგ თქვა, რომ ბოსნიის სახით უძლიერეს ნაკრებს ვხვდებით და თუკი თამაშის მსვლელობისას მეტოქემ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, თავს არ შევაკლავთ და ძალებს ლატვიასთან ჯგუფის ბოლო ტურის გადამწყვეტი მატჩისთვის შემოვინახავთო. ძალების დაზოგვა ქართველებს არ დასჭირდათ, რადგან მთელი თამაშის მანძილზე მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ და ბოლო წუთბზე ცოტაც რომ გამართლებოდათ, საამაყო გამარჯვებასაც იზეიმებდნენ.
ქართველებმა ვერ მოახერხეს ბოსნიელთა 13 ნომრის – ჯანან მუსას შეჩერება, რომელმაც 30 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი და 4 დაფარება მიითვალა. თავის მხრივ, ბოსნიელთათვის შეუჩერებელი იყო გოგა ბითაძე, ტანმაღალი ქართველი ცენტრი, რომელმაც 21 ქულა, 14 მოხსნა, 5 პასი და 4 დაფარება მოაგროვა. 12 ქულა ჰქონდა ლადო ალავიძეს, ხოლო ზაურ ჯანელიძემ და კოკა ფიფიამ შეხვედრა 11-11 ქულით დაასრულეს.
ქართველებმა ბოსნიასთან კი წააგეს, მაგრამ ამ მატჩის მთავარი მონაპოვარი ის თვითრწმენა იყო, რომელიც ჩვენი ნაკრების წევრებს გაუძლიერთად. „ა“ დივიზიონისა და კონტინენტის წამყვანი ნაკრებების წევრი ბოსნიის წინააღმდეგ ტოლ-სწორი თამაში იმის იმედს იძლევა, რომ ამ ბიჭებს პერსპექტივა აქვთ, მონდომებისა და სწორი ვარჯიშის შემთხვევაში ევროპის „ა“ დივიზიონში თავისი, ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს.
ქალთა ნაკრებმა მეორე ტურის მატჩი ჩეხეთთან დიდი სხვაობით – 23:100 წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი მინიმუმამდე შეუმცირდა. ბოლო ტურში საქართველოს გოგონათა ნაკრები 29 ივლისს ბელგიასთან გამართავს. რაც შეეხებათ ვაჟებს, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდს გადამწყვეტი მატჩი ლატვიასთან, სპორტის სასახლეში 20:45 საათზე ელის.
თბილისი 2015. სპორტის სასახლე. 28 ივლისი
საქართველო 74:81 ბოსნია
27:21, 24:12, 14:15, 21:21
სრული სტატისტიკა: 74:81