თბილისის
18-წლამდელთა ჩემპიონატი საკალათბურთო კლუბ აკადემიას გამარჯვებით
დასრულდა. სატიტულო მატჩში გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა აკადემიელებმა
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის ჰიუნდაის სძლიეს და დედაქალაქის საუკეთესო გუნდის
ტიტულს დაეპატრონნენ.
ფინალური მატჩი საკმაოდ დაძაბულად კი წარიმართა, თუმცა ბოლო წუთები
ვერ გამოდგა საინტერესო. საწყის 3 პერიოდში მეტნაკლებად თანაბარი ბრძოლა
მიმდინარეობდა. აკადემია ნიადაგ წინ იყო, თუმცა ხელჩასაჭიდ უპირატესობას
ვერ ეპატრონებოდა. ბოლო პერიოდის წინ კაზანჯიანის გუნდი მხოლოდ 1 ქულით
იგებდა, თუმცა გადამწყვეტი 10-წუთეული მომავალმა ჩემპიონებმა 22:6 მოიგეს
და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვეს – 70:53.
ჩემპიონებს 23 ქულით გიორგი გვიანიძემ
ულიდერა, ნიკა ლეონიძემ აკადემიას 16 ქულა შეაშველა, ნიკა დარბაიძის
ანგარიშზე კი 13 ქულა და ამდენივე მოხსნა დაგროვდა. ჰიუნდაიში 16 ქულით
საუკეთესო იყო აკაკი ფიფია.
ფინალამდე მე-3 ადგილისთვის გამართულ
მატჩში ვითამ ორბს 86:53 სძლია და ირაკლი ჩერქეზიშვილის გუნდი ბრინჯაოს
დაკმაყოფილდა. არადა, ვითელებს საჩემპიონო ამბიცია ჰქონდათ, თუმცა
ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ აკადემიასთან ბოლო წამებზე წააგეს. ორბთან
მატჩში ვითელებს გოგა ბითაძემ ულიდერა, რომელმაც 21 ქულა, 21 მოხსნა და 7
პასი მიითვალა.
ფინალის შემდეგ დაჯილდოების
ცერემონიალი გაიმართა, სადაც პრიზიორებს მედლები, ჩემპიონს კი თასი
გადასცეს. თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი გუნდი
„ჰიუნდაი“ ვერცხლის მედლებით ლევან წულაიამ დააჯილდოვა.
ტურნირის სიმპათიად დასახელდა
„ჰიუნდაის“ მოთამაშე აკაკი ფიფია, რომელსაც სპეციალური პრიზი თბილისის
კალათბურთის განვითარების კავშირის წევრმა ლევან წულაიამ გადასცა.
18-წლამდელთა თბილისის ჩემპიონი
„აკადემია“ ოქროს მედლებით დააჯილდოვეს თბილისის კალათბურთის განვითარების
კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ღონღაძემ და კავშირის წევრმა
ლევან წულაიამ.
ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა საკალათბურთო გუნდ აკადემიის მოთამაშე გიორგი გვიანიძე, რომელსაც პრიზი ზაზა ღონღაძემ გადასცა.
საუკეთესო მოთამაშისთვის ტურნირზე
„პრაიმ სპორტს მენეჯმენტის“ მიერ დაწესებული იყო „ნაიკის“ სპორტული ფირმის
ფეხსაცმელი. გიორგი გვიანიძე „პრაიმ სპორტს მენეჯმენტის“
წარმომადგენელმა გიორგი ბოქოლიშვილმა დააჯილდოვა.
აკადემიის გუნდს საჩემპიონო თასი თბილისის კალათბურთის განვითარების პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცა.