18-წლამდელთა „ბ“ ლიგაში ხათუნა გაბედავას 2 გუნდი – „მართვე“ და „მართვე 2“ ასპარეზობდა. ორივე მათგანმა მოახერხა პლეი ოფში გასვლა და ამ გუნდების გზები ნახევარფინალში გადაიკვეთა. რომ არა საპლეიოფო ბადის თანწყობა, დიდი შანსი იყო, ეს გუნდები ფინალშიც გასულიყვნენ.
„მართვეს“ ნახევარფინალში „მართვე 2“-მა აჯობა და ფინალში „რუსთავს“ დაუპირისპირდა. რუსთაველები რეგულარულ ჩემპიონატის ჯგუფში „მართვეს“ პირველ გუნდთან იყვნენ და მასთან ორივე მატჩი დათმეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ქვემოქართლელებმა „მართვე 2“-ს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და „ბ“ ლიგის ჩემპიონობა ხათუნა გაბედავას გუნდს დარჩა.
რუსთაველებმა რაც შეეძლოთ, იბრძოლეს. პირველი ტაიმის 11 ქულით წაგების შემდეგ გურამ რეხვიაშვილისა და ირაკლი მებურიშვილის გუნდმა თამაში გამოასწორა, რაც გიორგი გრიგორაშვილისა და კობა აცფიაურის დამსახურება გახლდათ. რუსთაველებმა ბოლო პერიოდის წინ ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს და როცა ბევრი ელოდა, რომ მატჩი დაიძაბებოდა, პირიქით მოხდა.
ბოლო ათწუთეულში გაბედავას შეგირდებმა გამართული კალათბურთი ითამაშეს და ისე მოიპოვეს გასამარჯვებლად საკმარისი ლიდერობა, რომ დიდი ჯაფა არც დასდგომიათ. მართველებში გიორგი ჯაში (36 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი), შაკო კოღუაშვილი (27 ქულა, 12 მოხსნა) და დაჩი დვალაძე გამოირჩეოდნენ, რომელთა შედეგიანობითაც მომავალი ჩემპიონი გამარჯვებამდე უპრობლემოდ მივიდა.
როგორც 14 და 16 წლამდელთა პრიზიორები, 18-წლამდელთა ფინალისტებიც თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ღონღაძემ და კავშირის წევრმა კახა ბაღათურიამ დააჯილდოვეს. აქვე ვთქვათ, რომ 18-წლამდელთა „ბ“ ლიგის მესამე ადგილის მფლობელი „მართვეს“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც „გორს“ აჯობა.
ამით თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის მორიგი, მესამე სეზონი დასრულდა. კავშირი ჩემპიონატებს მიმდინარე წლის ოქტომბრიდან განაახლებს, როცა დედაქალაქის მასშტაბით ასაკობრივ ჩემპიონატებს ჩაატარებს და საუკეთესოებს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატში გზას დაულოცავს, ხოლო ქვეყნის პირველობაზე ვერგასულ გუნდებს რეგულარული ჩემპიონატის სახის მქონე „ბ“ ლიგებში ასპარებობას შესთავაზებს.