“ა” ლიგის მესამე ტურს 28 იანვარს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. მატჩებში მონაწილეობა ტურნირის ექვსივე გუნდმა მიიღო, რომელთაგან პირველ შეხვედრაში “ტიტები” და “წყალტუბო” დაუპირისპირდნენ.
(სტატისტიკის სანახავად დაკლიკეთ წითლად შეფერილ ანგარიშზებზე)
ორივე გუნდს საწის 2 ტურში 2-2 გამარჯვება ჰქონდა. შესაბამისად, მოგებული გუნდი ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას მოიპოვებდა და ლიგის ლიდერის სტატუსს შეინარჩუნებდა. შეხვედრა “ტიტების” გამარჯვებით – 109:98 დასრულდა. იმერული კლუბი ბოლომდე ებრძოლა მასპინძლებს და რამდენჯერმე მიუახლოვდა კიდეც, თუმცა დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა “ტიტებმა” ლიდერობა არ დათმო და საბოლოოდ ტურნირზე მე-3 გამარჯვება მოიპოვა.
“ტიტებს” 24-24 ქულით ბექა ჩიკვილაძემ და კაჰიმ რენსომმა ულიდერეს. 19 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა ჯონ ბრიტონმა. “წყალტუბოში” ახალწვეულმა კორი კოქსმა იყოჩაღა, რომელმაც გუნდში ამერიკელი ტომას ფინი ჩაანაცვლა. კოქსის ანგარიშზე 31 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი დაგროვდა. 23 ქულა მიითვალა გუჯა ბირკაიამ, ხოლო 20 – გიორგი კუჭავამ.
მეორე შეხვედრაში “არენამ” 81:76 მოუგო “თბილისს” ორივე გუნდს საწყისი მატჩები წაგებული ჰქონდათ და პირველი მოგების მოპოვების სურვილით ერთმანეთს დიდი ბრძოლა გაუმართს. “არენა” ნიადაგ წინ იყო, თბილისელები კი გაბათილებას ცდილობდნენ, რაც თითქმის მოახერხეს ბოლო წუთზე. სწრაფი თამაშსი წყალობით თბილისელები 76:79 მიუახლოვდნენ მეტოქეს და შეტევის უფლებაც მოიპოვეს, მაგრამ გამთანაბრებელი სამქულიანი ვერ ჩააგდეს და დამარცხდნენ.
“არენაში” 25 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო დარელ ბრენტლი. 19 ქულა მეორე ამერიკელმა ლეგიონერმა, არმანი ფლანინგანმა მოიპოვა. “თბილისში” 19 ქულითა და 10 პასით სანდრო მეგენეიშვილი გამოირჩა, ხოლო ქურა მაისურაძემ 15 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.
მესამე მატჩი ყველაზე დაძაბული გამოდგა. ერთმანეთს 2 გამარჯვების მქონე “თსუ-ჰიუნდაი” და 2 ტურის შემდეგ მოგების გარეშე მყოფი კავკასის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი (კსუ) შეხვდნენ. მატჩი აუტსაიდერის გამარჯვებით – 84:68 დასრულდა. კსუ-მ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება დასკვნით პერიოდში მოახერხა, მანამდე კი დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. “თსუ-ჰიუნდაის” წაგებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ამერიკელმა ობრი მაკალპინმა მე-2 პერიოდში ფეხის უმძიმესი ტრავმა მიიღო და თამაშში ვეღარ დაბრუნდა. დიდი ალბათონბით, მისი ტრავმა რთულია და ის ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს ამერიკელებმა ულიდერეს: მაიკლ თორნმა 22 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. 18 ქულა და 10 მოხსნა რაიან აარონის ანგარიშზეა, ხოლო ტრეი ბაინამმა შეხვედრა 16 ქულითა და 6 პასით დაასრულა. “თსუ-ჰიუნდაიში” 16-16 ქულა ჰქონდათ ალექსანდრე ფევაძესა და სტანოიე კნეჟევიჩს. ამ უკანასკნელმა 12 მოხსნაც მიითვალა.
მე-4 ტურის მატჩები 6 თებერვალს გაიმართება.