LIVE! 3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ყაზახეთში, პლანეთის პირველობაზე იმყოფება, სადაც თავი მსოფლიოს 20-მა საუკეთესო ნაკრებმა მოიყარა. ქართველებმა პირველი მატჩი თურქეთს მოუგეს, ხოლო შემდეგ ანდორაც დაამარცხეს და არგენტინასთან ერთად ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ.
დავით აფხაზავას, ნიკა დარბაიძის, გიორგი კორსანტიასა და ნიკა ლოლიშვილის შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან თანაბარი მატჩის ბოლოს დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა და 15:11 გაიმარჯვა. ქართველებმა მეტოქეს ფარქვეშ თამაშში და სროლათა პროცენტულობაში აჯობეს. მოედანზე გამოსულმა ოთხივე კალათბურთელმა გამარჯვებისთვის საკუთარი, სოლიდური წილი გაიღო.
მეორე შეხვედრაც არანაკლებ დაძაბული გამოდგა. 2:0 დაწინაურებული ქართველები ანდორელებმა 4:2 ჩამოიტევეს და მცირე უპირატესობა მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა მეტოქე მჭიდროდ აიყვანეს, რასაც ანდორელთა ხშირი უზუსტობა მოჰყვა. ამას ქართველების ფარზე გაბატონება დაერთო და ვითარება შეიცვალა. ნიკა დარბაიძე და გიორგი კორსანტია მეტოქის აცილებულ ბურთებს ხსნიდნენ, რითაც შეტევების განხორციელების საშუალებას იღებდნენ და ქულებსაც შედარებით იოლად იხვეჭდნენ. ჩვენებმა 5 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მოწინააღმდეგე დაამარცხეს 17:12 და თამაშის ბოლომდე გამარჯვებით მივიდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირის მონაწილე 20 გუნდიდან რეიტინგში მე-18 ადგილზეა განთესილი, ხოლო ჩვენგან ძლეული თურქეთი – მეორეზე. დღის სხვა მატჩებში არგენტინამ ჩინეთსა და ანდორას სძლია, ჩინელებმა დაძაბულ ბრძოლაში ანდორას მოუგეს.
ხვალ, 2 ივნისს ტურნირზე დსვენებაა და 3-ში ქართველები ჯერ ჩინეთს (თბილისის დრით 11:35 საათზე), შემდეგ კი არგენტინა (14:15) შეხვდებიან. როგორც საქართველოს ნაკრების დელეგაციის წევრებმა – გიორგი ზაბახიძემ და გიგა გურგენიძემ გვაცნობეს, ჩინეთთან მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მისი მოგების შემთხვევაში ქართველები მომდევნო ეტაპზე გასვლას ინაღდებენ. თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია იწარმოებს შემდეგ ბმულზე: youtube.com/fiba3x3