3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ ტურს გორმა უმასპინძლა. შიდა ქართლის რეგიონის საკვალიფიკაციო ტურნირში თავი 8 გუნდმა მოიყარა და გამარჯვება თბილისელებით დაკომპლექტებულმა სეუ-მ (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი) მოიპოვა.
სეუ გორის ტურის გამარჯვებული გახდა, თუმცა საქართველოს ჩემპიონატის ფინალის საგზური ვერ მოიპოვა. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ნებისმიერი რეგიონის გუნდს ნებისმიერი ქალაქის ტურში მონაწილეობა შეუძლია, თუმცა ჩემიონატის ფინალის საგზური კონკრეტულად იმ რეგიონის საუკეთესო შედეგის მქონე გუნდს ეძლევა, სადაც ტურნირი ჩატარდა.
ასე იყო გორშიც. სეუ გორის ტურის ჩემპიონი გახდა, თუმცა საქართველოს ჩემპიონატის ფინალის საგზური სეუ-სთან გადამწყვეტ მატჩში წაგებულ გუნდ XXX-ს ერგო, რომლის ღირსებასაც გორელები – კონკრეტულად კი ძმები რევაზაშვილები და ლაშა ელბაქიძე იცავდნენ. სეუ-ს კალათბურთელებმა კი ამ ტურნირიდან საჩემპიონო თასი, მედლები, სიგელები და რაც მოთამაშეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – სარეიტინგო ქულები მიიღეს.
საქართველოს ჩემპიონატი ფიბა-ს ოფიციალურ კალენდარშია ჩასმული და მისი ყოველი ტურის დეტალები ოპერატიულად აისახება კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონატის თითოეულ მონაწილეს მისი აქტივობის და ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით სარეიტინგო ქულები ენიჭება. გორი-ს ტურის მომგებმა სეუ-ს მოთამაშეებმა – დავით ეძგვერაძემ, ზვიად ანთაძემ, ბექა ბექაურმა და ლაშა ეძგვერაძემ გორის ტურის მოგებით რეიტინგი გაიუმჯობესეს და სეუ-ში დაწყებულ საკალათბურთო აქტივობას კიდევ უფრო მეტი ბიძგი მისცეს.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი კალათბურთში აქტიურად ჩაება. სეუ-მ გუნდი გამოიყვანა საქართველოს სუპერლიგის 1 საფეხურით დაბლა მდგომ, წელს პირველად შექმნილ „ა“ ლიგაში. სეუ-ს გუმბათოვანმა სახურავმა უმასპინძლა 1 ივლისს დაწყებულ 3X3 კალათბურთის საქართველოს ჩემპიონატის თბილისურ ტურს, რითაც ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა – ასეთ სიმაღლეზე არსად, არასდროს საკალათბურთო ტურნირი არ გამართულა. სეუ-მ საკუთარი გუნდიც ჩამოაყალიდა და პირველივე ცდაზე – გორის ტურის გამარჯვებული გახდა.
საკუთრივ გორის ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა. გორში სათამაშოდ ჩამოვიდნენ გუნდები ხაშურიდან, კასპიდან. მთლიანობაში 8 მონაწილემ მოიყარა თავი, რომლებიც 2 ქვეჯგუფში გადანაწილდნენ და 1 წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო ნახევარფინალში გავიდა. დაძაბულად წარიმართა ორივე ნახევარფინალი. სეუ-მ 10:7 მოუგო „ბენჩს“, ხოლო XXX-მა 10:8 სძლია No Drags-ს. ფინალური ორთაბრძოლა დაძაბულად წარიმართა და სეუ-ს გამარჯვებით – 15:12 დასრულდა.
ფინალისტი გუნდი გორის კალათბურთის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თამაზ ხაჩიურმა დააჯილდოვა, ხოლო სეუ-ს წევრებს მედლები და საჩემპიონო თასი გორის მუნიციპალიტეტის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსმა თეა კეჩხუაშვილმა გადასცა. გორის ტურის საუკეთესო მოთამაშედ სეუ-ს წევრი დავით ეძგვერაძე დასახელდა. გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი გუნდ XXX-ის წევრმა, ლევან რევაზაშვილმა დაიმსახურა.
საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტური 8 ივლისს, თელავში გაიმართება, რომლის შედეგადაც 18 ივლისს თბილისი მოლში გასამართი ფინალური ეტაპის კიდევ ერთი მონაწილე გამოვლინდება.