საქართველოს ჩემპიონატი 3X3 კალათბურთი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდის დომინირებით მიმდინარეობს. სეუ-მ მორიგი, ზედიზედ მესამე – ბათუმის ტური მოიგო და ამ გუნდის მოთამაშეებს პირადი რეიტინგი კიდევ უფრო გაეზარდათ.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამდენი მოგებებისა, სეუ-ს 18 ივლისს დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოპოვებული არ აქვს. ბათუმის ტურიდან ფინალის საგზური იმ აჭარულმა გუნდმა მიიღო, რომელმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. ეს კი გუნდი ბასკო გახლდათ, რომელიც ბათუმის ტურის ფინალურ მატჩში სეუ-სთან დაძაბულ ბრძოლაში – 13:16 დამარცხდა.
ბათუმის ტური ზღვასთან ახლოს, ანბანის მაღალ მონუმენტთან გაიმართა და მასში 15-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ჯგუფური ეტაპის შემდეგ 1 საკვალიფიკაციო მატჩი გაიმართა, რომელმაც მეოთხე ნახევარფინალისტი გამოავლინა. ფინალში გასასვლელ მატჩებში სეუ-მMACA-ს 15:10 სძლია, ხოლო მეორე ნახევარფინალში ბათუმის ბასკომ ტურნირის კიდევ ერთ არააჭარულ გუნდ ბენჩს 14:11 მოუგო. ამ გუნდში რუსთაველი მამა-შვილი ავთო და კოტე ბიწაძეები, ასევე თბილისელები – ვასო კუტალაძე და ტატო ზუზაძე თამაშობენ.
ფინალში დამარცხებული ბასკო, ისევე როგორც ჩემპიონი სეუ – აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გოდერძი კორძაძემ დააჯილდოვა. ბათუმის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა სეუ-ს წევრმა ბექა ბექაურმა კი სპეციალური პრიზი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელისგან, გიგა გურგენიძისგან ჩაიბარა.
ფინალური ეტაპის საგზური უკვე 11-მა გუნდმა მოიპოვა. ესენი არიან თბილისური შესარჩევი ტურის 8 საუკეთესო და გორის, თელავის და ბათუმის ტურების საუკეთსო გუნდები). მორიგი შესარჩევი ტური 12 ივლისს ზუგდიდში გაიმართება.