გალერეა
3X3 კალათბურთში საქართელოს ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ ტურს თელავმა უმასპინძლა. კახეთის შუაგულში თავი 16-მა გუნდმა მოიყარა. თელავში შეიკრიბნენ გუნდები ახმეტიდან, გურჯაანიდან, წნორიდან, სოფელ მატანიდან და რა თქმა უნდა, თბილისიდან.
თელავში ჩავიდა წინა, გორის ტურის გამარჯვებული საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც პირველობა არც კახეთში დათმო. სეუ-ს ხელმძღვანელობა საკუთარი გუნდის მივლინებას საქართველოს ჩემპიონატის ყველა დარჩენის შესარჩევ ტურზე გეგმავს.
სეუ-ს მოთამაშეებიც იმედებს ამართლებენ და ტურს ტურზე იგებენ. თელავში მათ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ თბილისური გუნდის – ,,ბებერი არწივის’’ სახით. ამ გუნდის ღირსებას იცავდნენ თბილისური შესარჩევი ტურის მომგები Y.O.L.O-ს წევრები – ზუკა მაჩალაძე და გიორგი ვახანია, რომლებსაც გოგა კაპანაძე და თორნიკე ვარდოსანიძე დაემატნენ.
სეუ-ს შემადგენლობა კი უცვლელი იყო – დავით ეძგვერაძე, ზვიად ანთაძე, ბექა ბექაური და ლაშა ეძგვერაძე. სეუ და Y.O.L.O. ფინალამდე იოლად მივიდნენ და ერთმანეთს თელავური ტურის ჩემპიონის ტიტულისთვის დაუპირისპირდნენ, თუმცა ბრძოლა არ შედგა. სეუ-მ მეტოქეს 21:10 სძლია და პირველ ადგილზე დამსახურებულად გავიდა.
ისევე, როგორც გორში, აქაც დებულების ის პუნქტი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ფინალური ეტაპის საგზურს იმ რეგიონის საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი იღებს, სადაც ტურნირი ჩატარდა. ასეთი კი ,,თელავის აკადემია’’ გამოვიდა, რომელმაც ნახევარფინალში გასვლით კახეთის რეგიონის გუნდებში საუკეთესო შედეგი აჩვენა. თელაველები ფინალში ,,ბებერმა არწივმა’’ არ შეუშვა. ნახევარფინალის მეოთხე გუნდიც არ იყო ადგილობრივი და მასში რუსთაველები – კოტე და ამირან ბიწაძეები, ასევე, თბილისელი ტატო ზუზაძე და მიშო ჯაჯვანი თამაშობდნენ.
მეორე ადგილზე გასული ბებერი არწივის წევრები კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ოთარ ბრაგვაძემ დააჯილდოვა, ხოლო გამარჯვებულ სეუ-ს მოთამაშეებს მედლები და სიგელები თელავის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა გადასცა. საუკეთესო მოთამაშედ სეუ-ს წევრი ზვიად ანთაძე დასახელდა, რომელიც შესაბამისი პრიზით კალათურთის ეროვნული ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. საჩემპიონო თასი სეუ-ს ოთარ ბრაგვაძემ და ფიქრია ყუშიტაშვილმა ერთად გადასცეს.
საქართველოს ჩემპიონატის ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ფედერაციაა, მხარდამჭერი – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. 18 ივლისის ფინალური ეტაპის ოფიციალური მასპინძელი თბილისი მოლი, ხოლო ტურნირის პარტნიორი ტურისტული კომპანია ,,თრეველინი’’, რომელიც საქართელოს ჩემპიონი გუნდის ბუქარესტში, ევროტურის ერთ-ერთ ტურნირზე გამგზავრებას უზრუნველყოფს.
საქართველოს ჩემპიონატი დასავლეთში გადაინაცვლებს და შესარჩევი ტურები 11 ივლისს ბათუმში, ხოლო მეორე დღეს ზუგდიდში ჩატარდება.