საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

“ა” ლიგის მე-2 ტურში “ორბი-არენამ”, კსუ-მ და “მეგა ბასკეტმა” იმარჯვეს

“ა” ლიგის მე-2 ტურში “ორბი-არენამ”, კსუ-მ და “მეგა ბასკეტმა” იმარჯვეს

დღეს, ოლიმპიურ სასახლეში “ა” ლიგის მე-2 ტურის მატჩები გაიმართა. ყველაზე საინტერესო და დაძაბული “ვერასა” და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის დაპირისპირება გამოდგა. ორივე გუნდი საკმაოდ დაბალანსებულია როგორც უცხოელი, ისე ქართველი კალათბურთელებით და კავკასიელებს სერბი სპეციალისტი, ბოიან სალატიჩი წვრთნის, ხოლ “ვერას” – საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, თემურ კანკია.

თუმცა ვერელებს კანკია და უკანახაზელი, ტატო ზუზაძე აკლდათ. ორივე მათგანმა “მგზავრების” წინააღმდეგ თასის გათამაშების მატჩში მსაჯებთან კონფლიქტის გამო დისკვალიფიკაცია დაიმსახურეს და “კავკქსიასთან” მატჩს თვალი ტრიბუნიდან ადევნეს. კანკია “ვერას” სათაგარიგოთა სკამის უკან იჯდა და თავისიანებს მითითებებს ტრიბუნიდან აძლევდა. “ვერას” თითქმის არ უგრძვნია უმწვრთნელობა – კანკიას ასისტენტი, სანდრო ნიკურაძე გუნდის გაძღოლას თავს კარგად ართმევდა და თამაშიც დაძაბული გამოვიდა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა. ხან ვერელები იგებდნენ, ხანაც – კავკასიელები და ისე გამოვიდა, რომ მატჩის ბოლოსწინა წუთზე ანგარიში თანაბარი იყო. ვერელების ახალგაზრდა ფორვარდმა, გიორგი კვაჭანტირაძემ, თამაშის დასრულებამდე წუთით ადრე ჩაჭრა განახორციელა და ზუსტი სწრაფი გარღვევით “ვერა” 2 ქულით დააწინაურა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის პასუხი ზუსტი სამქულიანი გახლდათ – ანდრე უოლკერმა უმნიშვნელოვანესი ტყორცნით კავკასიელები 75:74 დააწინაურა. 

მატჩის ბედიც რამდენიმე წამში გადაწყდა. ვერელებმა შეტევა გააფუჭეს, რასაც კსუ-მ ზუსტი სროლით უპასუხა და დაცვაში მოპოვებული ბურთის შემდეგ “კავკასიის” გამარჯვება აშკარა გახდა. საბოლოოდ 81:77, რაც ანდრე უოლკერის დიდი დამსახურებაა – 29 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა. 17 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა ვენდელ ლუისს, ქართველთაგან კი 12 ქულით დავით ბარბაქაძე გამოირჩა. “ვერაში” 22 ქულით საუკეთესო იყო ბრაისონ სკოტი. 17 ქულა ბრანდონ სლაიმ მიითვალა.

პირველი გამარჯვება მოიპოვა “ორბი-არენამ”, რომელმაც “აფხაზეთს” საკმაოდ იოლად – 79:61 სძლია. მეტნაკლებად თანაბარი იყო პირველი პერიოდი, რომელიც “ორბი-არენამ” 17:15 მოიგო, ხოლო მეორე ათწუთეულში დეიან პროკიჩის გუნდის უპირატესობა აშკარა გახდა. “ორბი-არენამ” 24:7 მოიგო პერიოდი და მეორე ტაიმში მეტოქე სათოფეზე აღარ გაუკარებია.

გამარჯვებულებს 20-20 ქულით ლეგიონერებმა – არმანი ფლანიგანმა და გლენ ბარნსმა ულიდერეს. ამ უკანასკნელმა 14 მოხსნაც მიითვალა. ძმებმა ლოლიშვილებმა ათქულიან ზღვარს უწიეს: ლევანმა 12 ქულა ჩააგდო, ნიკამ – 10. აფხაზეთში 19 ქულით საუკეთესო იყო კელვინ ამაიო. 

დაბოლოს, “მეგა ბასკეტისა” და “თბილისის” მატჩი, რომელიც “ა” ლიგის დებიუტანტმა 95:81 მოიგო. “მეგა ბასკეტი” მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა თბილისელები ბოლომდე იბრძოდნენ და შანსს ინარჩუნებდნენ. მეოთხე პერიოდში ყველაფერი ლოგიკას დაემორჩილა. 4 ლეგიონერით გაძლეირებულმა “მეგა ბასკეტმა” მთლიანად ქართველი მოთამაშეებით დაკომპლექტებული “თბილისი” 14 ქულით დააამარცხა და 2-დან 2 გამარჯვებით “ა” ლიგას “კავკასიასთან” ერთად ლიდერობს.

მე-3 ტურის მატჩები 9 იანვარს გაიმართება.

“ა” ლიგის მატჩების სტატისტიკა იხილეთ წარმოდგენილ ბმულზე: 
http://gbf.ge/league/a-league/schedule#mbt:275-303$t&0=1