“ა” ლიგა ასტრალისა და გთუნის საინტერესო დაპირისპირებით გაიხსნა

“ა” ლიგა ასტრალისა და გთუნის საინტერესო დაპირისპირებით გაიხსნა

“ა” ლიგის გათამაშებამ სტარტი ტემპიანი და საინტერესო მატჩით აიღო. ერთმანეთს საკალათბურთო კლუბები “ასტრალი” და გთუნი (გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი) დაუპირისპირდნენ. მატჩს საკმაოდ ბევრი მაყურებელი დაესწრო და შეხვედრაც ერთობ თვალსასეირო და ემოციური გამოდგა, რაც უმეტესწილად ახალგაზრდული ჟინისა და სუპერლიგაში გადასვლის სურვილითაა განპირობებული. “ა” ლიგის გამარჯვებული ხომ სუპერლიგის საგზურს იგებს, რაც სოლიდურ დაფინანსებასა და პროფესიულ კალათბურთში მინიმუმ ერთი წლით დაფუძნებას, ხოლო წარმატების შემთხვევაში საკალათბურთო განვითარებასა და სხვადასხვა ტიტულისა თუ ფულადი პრიზების მოგებას ნიშნავს.

“ა” ლიგის მატჩები ყოველთვის გამოირჩევა რაღაც დამატებითი მუხტით, რაც ქართული კალათბურთის ჭეშმარიტ ქომაგებს იზიდავს და ასეთი სახის ემოცია დღევანდელი მატჩის სარბიელიდან მაყურებლისკენ ნამდვილად უხვად მოდიოდა. სწრაფი, ჯიგრიანი და რაც მთავარია, თანაბარი თამაში თავიდანვე გახურდა და იმის მიუხედავად, რომ ერთი გუნდი (გთუნი) დებიუტშივე ხელჩასაჭიდად დაწინაურდა, იგრძნობოდა, რომ შეხვედრა ბოლომდე საინტერესო იქნებოდა. “ა” ლიგის წინა სეზონის ფინალისტი “ასტრალი” რომ იოლად არაფერს დათმობდა, გუნდის წევრთა შემართებაზე, მწვრთნელის, ბექა ჩიკვილაძის სიდინჯეზე და თამაშის მსვლელობაში გეგმაზომიერ ჩარევაზეც ეტყობოდა.

საწყის პერიოდში 9 ქულით დაწინაურებული გთუნი, რომელმაც ძირითადად შორი სროლებით მოიპოვა ეს უპირატესობა, მეორე პერიოდში ასტრალის დაცვის მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა. პერიმეტრის გადაკეტვით ასტრალმა მეტოქის შორი არტილერია გააუვნებელყო, რამაც მოხსნილი ბურთების სწრაფ შეტევებში ტრანსფორმირების საშუალება მისცა. დამიანე ოთხმეზურის თაოსნობით  ახალგაზრდა ქართველი მოთამაშეებიც ყოჩაღობდნენ და საერთო საქმეში სოლიდური წილი შეჰქონდათ, თუმცა ასტრალის მთავარ არტილერიას ლეგიონერები შეადგენდნენ. ბრენდონ მაკქვინის მექულეობით ასტრალმა მეორე პერიოდი 17:11 მოიგო და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა მთლიანად გააბათილა – 33:33.

მესამე პერიოდი თანაბარ, ქულა-ქულა ბრძოლაში გაილია და ცხადი გახდა, რომ ყველაფერი ბოლო ათწუთეულში უნდა გადაწყვეტილიყო. ასეც მოხდა, თუმცა ფინალი იმდენად დაძაბული ვერ გამოდგა, როგორს თამაშის მსვლელობა კარნახობდა. სტაბილური დაცვითა და შეტევაში სიზუსტით ასტრალმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვა. გთუნის მწვრთნელის, დავით ნოზაძის მცდელობა, წუთშესვენებაზე დაელაგებინა თავისიანების თამაში, უშედეგო აღმოჩნდა. მელვინ ნიუბერნის, ბრენდონ მაკქვინისა და ჯაბა ჯაბახიძის სამქლიანების შემდეგ, რასაც ჯონ კერისა და გიორგი კოპაძის 2-ქულიანებიც გამოერია, ასტრალი 70:56 დაწინაურდა. თამაშის დასრულებამდე 4 წუთზე ნაკლები რჩებოდა და თამაშის ბედიც გაირკვა.

ასტრალმა საბოლოოდ 75:64 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და სუპერლიგაში გადასვლის ის ამბიცია, რაც ამ გუნდს მუდამ ახლდა, კიდევ ერთხელ გამოაჩინა. გამარჯვებაში 26 ქულით უმეტესი წილი მაკქვინმა შეიტანა. 14 ქულა და 9 მოხსნა ჯონ კერიმ მიითვალა. მელვინ ნიუბერნმა შეხვედრა 10 ქულით, 6 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა. გთუნიში 16 ქულით კამარ მაკნაითი გამოირჩა. 13 ქულა ვასილ ბერუაშვილმა, ხოლო 12 – მაიზერ რევაზაშვილმა მიითვალა.

“ა” ლიგის მორიგი მატჩი 6 იანვარს, 18:00 საათზე გაიმართება: სუპერლიგიდან დაქვეითებული “დინამო” დებიუტანტ გორის “ივერიონს” უმასპინძლებს.