“ა” ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და 1/2-ფინალური წყვილები დაკომპლექტდა

“ა” ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და 1/2-ფინალური წყვილები დაკომპლექტდა

დასრულდა “ა” ლიგის რეგულარული ჩემპიონატი, რომელმაც პლეი ოფში გასული გუნდები ნახევარფინალებში დააწყვილა. კარგა ხნით ადრე იყო გარკვეული, რომელი გუნდები გავიდოდნენ პლეი ოფში, თუმცა საბოლოო კლასიფიკაციას ის უნდა გადაეწყვიტა, ვინ ვის შეხვდებოდა და სერიებში მოედნის უპირატესობა ვის ექნებოდა.

პლეი ოფში გასული გუდებიდან 2 რეგიონისაა და შესაბამისად, მოედნის უპირატესობას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ტყიბულის “ორბს” საკუთარ მოედანზე 10 ქულაზე მეტით არ უნდა წაეგო გთუნისთან, რათა რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაესრულებინა. ტყიბულელებმა ამოცანა გადაჭარბებით შეასრულეს და გთუნის 6 ქულით – 83:77 (სტატისტიკა) მოუგეს. ამით, ირაკლი ტომარაძისა და ნინო  ყიფშიძის გაწვრთნილმა ორბმა 9 მოგებითა და 1 მარცხით პირველი ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ექნება.

ტყიბულში დამარცხებულმა გთუნიმ კი რეგულარულში მეორე ადგილი დაიკავა. დავით ნოზაძის გაწვრთნილმა გუნდმა ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით აჯობა გორის “ივერიონს”. ორივე გუნდმა 7-7 მოგება და 3-3 წაგება დააგროვეს და პირად მატჩებში ბურთების შეფარდებით ცხრილში მე-2 ადგილი გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტელებს ერგოთ.

ივერიონმა დღეს გორში ლეგიონერების გარეშე მოთამაშე ასტრალი 87:58 (სტატისტიკა) დაამარცხა. ასტრალს შანსი ჰქონდა, მესამე ადგილზე გადასულიყო. საამისოდ, მას გორში ნებისმიერი სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდა. მე-3 ადგილით ასტრალი თავიდან აიცილებდა მოედნის უპირატესობის მქონე ტყიბულის ორბთან ნახევარფინალში თამაშს და გთუნის დაუპირისპირდებოდა, თუმცა… ლეგიონერების გარეშე ასტრალმა მხოლოდ პირველ ნახევარში გაუწია ივერიონს წინააღმდეგობა. საბოლოოდ კი 29 ქულით დამარცხდა.

ასე და ამგვარად, ნახევარფინალში ორბი ასტრალს, გთუნი კი ივერიონს შეხვდება. სერია 2 გამარჯვებამდე გაგრძელდება და მოგებული ფინალის საგზურს მოიპოვებს.