“ა” ლიგის ამბები: თსსუ გავარდა, ვსა პირველია, პლეი ოფის 2 საგზურისთვის 3 გუნდი იბრძვის

“ა” ლიგის ამბები: თსსუ გავარდა, ვსა პირველია, პლეი ოფის 2 საგზურისთვის 3 გუნდი იბრძვის

“ა” ლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ცხრილში უმეტესი ადგილები განაწილდა, რის შემდეგაც რამდენიმე საკვანძო საკითხი გადაწყდა. გაირკვა 2 მთავარი რამ – “ა” ლიგას დატოვებს დებიუტანტი თსსუ, რომელმაც დღეს “ვერასთან”  კი მოიგო (93:71 სტატისტიკა), მაგრამ გაიმარჯვა თელავის ბურჯმაც, რომლის გადასწრების თეორიული შანსი მედიკოსებს შერჩენილი ჰქონდათ. თელაველებმა თბილისში სოხუმი-საქართველოს 94:86 (სტატისტიკა) სძლიეს და თავისი საქმე ხომ გაიკეთეს, თსსუ-ს ბოლო ადგილი – შესაბამისად, ლიგის დატოვება გამოუწერეს.

რეგულარულ ჩემპიონატს პირველ ადგილზე დაასრულებს ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი, რომელსაც ეს ადგილი აქამდეც განაღდებული ჰქონდა. ვსა-მ რეგულარულის ბოლოსწინა მატჩში ასტრალი არ დაინდო და 97:68 (სტატისტიკა) დაამარცხა. ამ წაგების შემდეგ ასტრალს პლეი ოფში გასვლის შანსები გვარიანად შეუმცირდა, თუმცა ყველაფერს ბოლო ტური გაარკვევს. პირველ და მეორე ადგილებზე გასულ ვსა-ს და სოხუმი-საქართველოს პლეი ოფის 2 საგზური ჯიბეში აქვთ, დარჩენილი 2-ისთვის კი თელავის ბურჯი, ასტრალი და ვერა იბრძვიან. არაა გამორიცხული, სამივე მათგანმა რეგულარული თანაბარი ქულებით დაასრულოს და საქმეში ურთიერთშეხვედრები ჩაერთოს. ამ სამიდან 2 საუკეთესო პლეი ოფს შეავსებს, ხოლო მესამე გუნდი მე-5 ადგილს დაიკავებს და “ა” ლიგაში ადგილი შენარჩუნება მომავალი სეზონის დაწყებამდე, საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულთან მოუწევს.

11 მარტს ვსა-სა და ბურჯის გადადებული მატჩი გაიმართება, რის შემდეგაც ბოლო ტურის 3 შეხვედრა 14 და 15 მარტს ჩატარდება.