დღეს თბილისსა და თელავში საკალათბურთო “ა” ლიგის მე-6 ტურის მატჩები გაიმართა, რითაც დაიწყო მეორე წრე. შეგახსენებთ, რომ ტურნირში მონაწილე 6 გუნდი სუპერლიგაში გადასასვლელად იბრძვის და 2 წრის შემდეგ საუკეთესო ოთხეული პლეი ოფში გავა.
პლეი ოფში 2 წყვილი შეიქმნება: პირველ ნახევარფინალში პირველ და მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები შეხვდებიან, ხოლო მეორე წყვილს რეგულარულის მეორე და მესამეადგილოსანი გუნდები შეადგენენ. ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდე იქნება, ხოლო ფინალში გუნდები 3 მოგებამდე ითამაშებენ. ფინალის გამარჯვებული სუპერლიგაში პირდაპირ გადავა, ხოლო დამარცხებულს გადასვლის შანსი დარჩება: საკვალიფიკაციო სერიაში სუპერლიგის მე-10 ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება და გამარჯვებული მომავალ სეზონში სუპერლიგაში ითამაშებს.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩებს: პირველ შეხვედრაში ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. პირველ ადგილზე მყოფმა ორბმა ბოლოადგილოსან სპორტუნის დამაჯერებელი სხვაობით – 89:74 (სტატისტიკა) მოუგო. მამუკა ტურაშვილის გუნდს გამარჯვებისკენ რილვან ბაკარემ 26 ქულითა და 8 მოხსნით ულიდერა. 25 ქულა მოაგროვა ტაისონ სმიტმა, ხოლო დანიელ ვესტბრუკის ანგარიშზე 19 ქულა, 18 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. სპორტუნიში 24 ქულით საუკეთესო იყო გიორგი ცირიკიძე.
ძალიან მოუმატა კლუბმა მეგამ, რომელმაც წინა ტურში მანამდე დაუმარცხებელ ორბს დიდი სხვაობით სძლია, დღეს კი მეორე ადგილზე მყოფი ზესტაფონიც იოლად დაჯაბნა – 93:67 (სტატისტიკა). მეგაში წარმატებული დებიუტი ჰქონდა ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიოს დუკასს, ხოლო უკანახაზელმა ჯალენ ბრედლიმ მეორე მატჩი ჩაატარა და ორბთან მითვლილი 25 ქულის შემდეგ დღეს 27 გაიფორმა.
მეგამ თავიდანვე მოიპოვა ლიდერობა და 15 ქულით იგებდა, თუმცა მესამე პერიოდში ზესტაფონმა თამაში დაალაგა და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. დუკასის გუნდმა ხელახალი მობილიზაცია გამოაცხადა და დარჩენილ დროში მეტოქე პირწმინდად დაჯაბნა, რაშიც ლომის წილი კიდევ ერთმა ამერიკელმა – დეშონ ფრენსისმა დაიდო – 28 ქულა, 7 პასი. 15 ქულით დაასრულა შეხვედრა გუნდის მესამე ამერიკელმა – კრისშონ ორანჟმა. ზესტაფონში 16-16 ქულით ოთარ ბულიავა და ჰერალდ შნაიდერი გამოირჩნენ.
ამ გამარჯვებით მეგა ერთპიროვნულად განთავსდა მეორე ადგილზე, რომლის შემდეგაც სამი გუნდი 3-3 მოგებ-წაგებით მოდის. ამ სამიდან ყველაზე კარგ ფორმაში კავკასიაა, რომელმაც წინა ტურში ზესტაფონი დაამარცხა, დღეს კი თელავშიც, ბურჯთან დამაჯერებლად – 90:71 იმარჯვა. კავკასიელებს 24 ქულითა, 14 მოხსნითა და 7 პასით მარკიზ მეიფილდმა ულიდერა. ჯერელ სპინჯერმა 29 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, გუნდის კაპიტან ბექა წივწივაძის ანგარიშზე კი 12 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა დაგროვდა. თელავის ბურჯში 21 ქულით ბომბარდირი კენდარიუს სმიტი გახდა, 15 ქულა ზაზა გაგნიძემ მოაგროვა, ხოლო 14 – კალინ დუპრემ.
“ა” ლიგის მე-7 ტური 15 მარტს გაიმართება: სპორტუნი-კავკასია, ბურჯი-მეგა, ზესტაფონი-ორბი.