“ა” ლიგის ნახევარფინალურ სერიებში ორბი და ივერიონი დაწინაურდნენ

“ა” ლიგის ნახევარფინალურ სერიებში ორბი და ივერიონი დაწინაურდნენ

“ა” ლიგის პლეი ოფი დაიწყო. ნახევარფინალში დაწყვილებულმა გუნდებმა სერიის პირველი მატჩები გამართეს. რეგულარულ ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასულმა ორბმა ტყიბულში ასტრალი მიიღო, ხოლო მეორეადგილოსანმა გთუნიმ გორის ივერიონს უმასპინძლა. 

რეგულარულში 10 მატჩიდან 9-ის მომგებმა ტყიბულელებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს. ორბს მხოლოდ პირველ ნახევარში გაუწიეს სტუმრებმა წინააღმდეგობა, თუმცა მეორე პერიოდის დასკვნითი წუთები ორბმა აღმავლობით ჩაატარა. ასტრალს ჰაერივით დაეხმარა გუნდის ვეტერანის, დავით დეკანოიძის სამქულიანები, რისი წყალობითაც თბილისური გუნდი მეორე პერიოდის შუაწელში 34:32 დაწინაურდა, მაგრამ მასპინძელთა მწვრთნელის წუთშესვენებამ გაჭრა: ორბმა დიდ შესვენებამდე დარჩენილი დრო 14:9 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი ლიდერობით გავიდა – 46:43.

მესამე პერიოდიდან მასპინძლებმა მატჩზე სრული კონტროლი დააწესეს და ლიდერობას განუხრელად ზრდიდნენ. ტყიბული დარბაზი მაყურებელს ვერ იტევდა. გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერის ფონზე ორბი იოლად მივიდა გამარჯვებამდე – 101:75 (სტატისტიკა).

ტყიბულის გუნდში 29 ქულით საუკეთესო იყო დემარკუს ეიდი, 15 ქულა, 9 პასი და 4 ჩაჭრა კენი კუპერის ანგარიშზეა, ვეტერანი მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა. ასტრალის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი მელვინ ნიუბერნმა დააფიქსირა – 22 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი, 4 ჩაჭრა. დავით დეკანოიძემ შეხვედრა 17 ქულით დაასრულა.

ორბი სერიაში 1:0 დაწინაურდა და თუკი 27 მარტს თბილისშიც იმარჯვებს, ფინალში გავა. სერიაში დაწინაურდა გორის გუნდიც. ივერიონმა გთუნის თბილისში მოუგო და სერიაში მოედნის უპირატესობა მოიპოვა. შიდაქართლურმა გუნდმა მთელი მატჩი შედეგიანად ჩაატარა. გთუნი მხოლოდ 2-ჯერ, 2 ქულით იგებდა – 2:0 და 6:4, რის შემდეგაც ივერიონმა 11:0 გაქცევა მოაწყო, 15:6 გალიდერდა და თამაშის ბოლომდე უპირატესობა აღარ დაუთმია.

შეხვედრა ბოლო პერიოდში მცირედით დაიძაბა, როცა მასპინძლებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს, თუმცა გუნდური თამაშის წყალობით გორელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობის დაბრუნება მოახერხეს. ივერიონის გამარჯვებას რეალური საფრთხე ბოლო წუთზე დაემუქრა, როცა გორელების არასპორტულ საქციელს საჯარიმოები მოჰყვა და როცა ჯამანი პირსმა სამქულიანი ჩააგდო, სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. საპასუხო შეტევაში გორელებს რომ არ ეხეირათ, გთუნის გათანაბრების შანსი მიეცემოდა, თუმცა ვიქტორ ლუისმა საჯარიმოს ხაზის ახლო მანძილიდან ორქულიანი ჩააგდო, ივერიონი 5 ქულით დააწინაურა და მეტოქისთვის მიუწვდომელი გახადა. საბოლოოდ ივერიონმა 82:72(სტატისტიკა) გაიმარჯვა და სერიაში დაწინაურდა.

გორის გუნდში 28 ქულით, 7 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო ჯერმეინ ჰედი. 13 ქულა აიზია ლუისმა მიითვალა. 11 ქულა ვიქტორ ლუისის ანგარიშზეა. გთუნიში 19 ქულით ბომბარდირი დარიუს სიმონსი გახდა. 17 ქულა ლევან რევაზაშვილმა მიითვალა, ჯამანი პირსმა შეხვედრა 10 ქულითა და 13 მოხსნით დაასრულა.

სერიის მეორე მატჩი 27 მარტს, გორში გაიმართება.