“ა” ლიგის ფინალში სუპერლიგის საგზურისთვის “კავკასია” და “ასტრალი” შეხვდებიან

“ა” ლიგის ფინალში სუპერლიგის საგზურისთვის “კავკასია” და “ასტრალი” შეხვდებიან

“ა” ლიგის ფინალში ერთმანეთს “ასტრალი” და “კავკასია” შეხვდებიან. დღეს, ეს გუნდები ამ თანმიმდევრობით გავიდნენ ფინალში. თუკი კავკასიელებმა ეს დამაჯერებლად, ზედმეტი პრობლემების გარეშე მოახერხეს, “ასტრალმა” დიდი ბრძოლა გადაიტანა და სერიის გადამწყვეტი, მე-3 შეხვედრა 76:70 (სტატისტიკა) მოუგო გთუნის.

მიუხედავად “ა” ლიგის დებიუტანტობისა, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის გუნდი ფავორიტად მიიჩნეოდა. დავით ნოზაძის გაწვრთნილმა გთუნიმ რეგულარული ჩემპიონატის ათივე მატჩი მოიგო და ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა. ამის გამო მას ჯილდოდ ნახევარფინალურ მეტოქედ მეოთხე ადგილზე გასული  “ასტრალი” ერგო, რომელმაც რეგულარულში 5 შეხვედრა წააგო. 

ამის გათვალისწინებით, აშკარა ფავორიტი გთუნი გახლდათ, თუმცა ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში გამოჩნდა, რომ “ასტრალი” სერიოზულად იყო მოსაგებად შემართული და აკი პირველ შეხვედრაში იმარჯვა და მეორეშიც მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა… მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა უწინდლებზე დაძაბული გამოდგა, რომელშიც “ასტრალმა” თავიდანვე მოიპოვა ლიდერობა და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა – 39:30.

“ასტრალი” უპირველესად კლასისა და ახალგაზრდული, მებრძოლი შემართების ნაზავით იგებდა. შეტევებს “ა” ლიგის გუნდების სუპერლიგაში გადაყვანის ოსტატი ბექა ჩიკვილაძე უძღვებოდა, რომელიც ბურთს გონივრულად ათამაშებდა და თუ შესატევი შანსი გაუჩნდებოდა, მეტოქის ფარსაც წარმატებით ლაშქრავდა. ჩიკვილაძეს აქამდე 3 “ა” ლიგის გუნდში უთამაშია – “კაკტუსში”, “ტიტებში” და “ვერაში”. სამივე ჯერზე მისმა გუნდმა “ა” ლიგა მოიგო და უმაღლესში გადავიდა. 

ჩიკვილაძეს იმხელა გამოცდილება დაუგროვდა, რომ როცა თებერვალში უკრაინაში ომი დაიწყო და ამის გამო მთავარმა მწვრთნელმა, გონსალო ფერნანდესმა საქართველო დატოვა, ჩიკვილაძემ მისი ადგილი დაიკავა და მეორე წრეში გუნდს ამ ამპლუიდან ეხმარებოდა. დადგა პლეი ოფის დრო და ის კვლავ მოედანს დაუბრუნდა და ნახევარფინალური სერიის საწყის მატჩებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გუნდი კი ვატო თევზაძემ ჩაიბარა, რომელიც გუნდის მენეჯერი გახლდათ და პლეი ოფიდან მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა.

 ასტრალს მიზეზთა გამო მხოლოდ 2 ლეგიონერი შერჩა, თუმცა ორივე ევანი – მილიგანიც და ჰინსონიც ბოლომდე მებრძოლები აღმოჩნდნენ და გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. მილიგანმა შეხვედრის მეორე პერიოდის ერთ-ერთ, 19-წამიან ეპიზოდში 8 ქულა მოინაგრა, რითაც “ასტრალს” ლიდერობა გაუმყარა, ხოლო მესამე პერიოდში ჰინსონისა და მამუკა ბაზუაშვილის მექულეობით ანგარიშში სხვაობა 15 ქულამდე გაიზარდა – 48:33.

გთუნი არ დანებდა და დაცვის გამაგრებით, ლეგიონერთა აქტიურობითა და სწორი ტაქტიკით ჩამორჩენის გაბათილება იწყო. ამ საქმეში უპირველესად ერიკ ფრედერიკია გამოსარჩევი, რომელიც ტანმაღალი და მასიურია, თუმცა ერთნაირად სახიფათოა როგორც სამწამიან ზონაში, ისე – პერიმეტრზე. ფრედერიკის სამქულიანებით, ფარქვეშ შესვლებით და კოლინ ტერნერის შედეგიანობით გთუნიმ მესამე პერიოდის ბოლოს ჩამორჩენა 5 ქულამდე შეკვეცა, ხოლო ბოლო პერიოდში წინ გასვლაც მოახერხა – 61:58 დასრულებამდე 6 წუთით ადრე. 

აქედან წავითა ქულა-ქულაში თამაში – ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა, ხან – მეორე. ყველაფერი ბოლო წუთებზე გაირკვა და ეს ასტრალელთა შეუპოვარი უკანახაზელის, გიორგი მეცხოვრიშვილის დიდი დამსახურებაა. დასრულებამდე 2:30 წუთით ადრე მან სამქულიანი ჩააგდო და ასტრალი 69:67 დააწინაურა. მანვე, რამდენიმე ორმხრივი გაცუდებული შეტევის შემდეგ შედეგიანი გარღვევა განახორციელა და საფინალო სირენამდე 80 წამით ადრე თავისიანები 4 ქულით დააწინაურა. ყველაფერს წერტილი მეცხოვრიშვილის პასით ევან ჰინსონის სამქულიანმა დაუსვა, რომელიც ამერიკელმა ლეგიონერმა დასრულებამდე 30 წამით ადრე ჩააგდო და “ასტრალს” 4-ქულიანი ლიდერობა აღუდგინა – 74:70. 

გამარჯვებულებს 25 ქულითა და 11 მოხსნით მილიგანმა ულიდერა. 14 ქულა მამუკა ბაზიაშვილმა, ხოლო 12 – გიორგი მეცხოვრიშვილმა მიითვალეს. ევან ჰინსომა შეხვედრა 11 ქულით დაასრულა. გთუნიში საუკეთესო იყო ფრედერიკი – 24 ქულა, 7 მოხსნა. 14 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი კოლინ ტერნერმა მოინაგრა. 12 ქულა ჯამანი პირსის ანგარიშზეა. 

მეორე ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი “კავკასიის” 33-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა – 78:45 (სტატისტიკა). ბექა წივწივაძის გუნდმა სერიის წინა შეხვედრა უხეში შეცდომების გამო წააგო, რაც გადამწყვეტ მატჩში ნაკლებად დაუშვა და შედეგიც მოიმკა. მართალია, “ორბი” ამჯერადაც იბრძოდა და რამდენჯერმე ჩამორჩენა 7-8 ქულამდე შეამცირა, თუმცა ძალები ბოლომდე არ გასწვდა. მეორე ნახევარში წივწივაძის გუნდმა მეტოქეს 21 ქულით აჯობა და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება გაიფორმა.

კავკასიელებს 20 ქულითა და 8 მოხსნით მარკიზ მეიფილდმა ულიდერა. 13 ქულა მაიკ ბალოგანმა მიითვალა, ხოლო რაილი ჰეიესის ანგარიშზე ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. “ორბში” 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ ვახტანგ გოგბერაშვილმა დაძლია, რომელმაც 16 ქულა მოაგროვა. 

ფინალური სერია სტარტს 14 აპრილს აიღებს და 3 მოგებამდე გაგრძელდება. გამარჯვებული გუნდი სუპერლიგის საგზურს მიიღებს, თუმცა დამარცხებულსაც დარჩება უმაღლესში გადასვლის შანსი. ფინალში დამარცხებული გუნდი სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ადგილზე გასულთან საკვალიფიკაციო სერიაში სუპერლიგის საგზურისთვის იბრძოლებს.